ავტორი:

"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს

"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პოპულარულ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia, უცხოელმა მამაკაცმა ფილიპ კოვალსკიმ თხოვნით მიმართა ქართველებს - მას მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული სუფრის გაკეთება სურდა და ელოდა, რომ რჩევებს მიიღებდა ინტერნეტმომხმარებლებისგან.

მეთიუს, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობს, ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და ექიმებმა მას სიცოცხლის მაქსიმალურ ვადად 2 თვე განუსაზღვრეს. მეთიუს ერთ-ერთი ბოლო სურვილიც სწორედ ეს არის - საქართველოზე შეყვარებულს, კიდევ ერთხელ გაესინჯა გემრიელი ქართული კერძები.

მეგობრის თხოვნა და მეთიუს უკანასკნელი სურვილი ახდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს დახმარებით - ელჩმა, დავით ბაქრაძემ მეთიუს სახლში მზარეულები გაუგზავნა და მას წერილიც მისწერა.

"ძვირფასო მეთიუ, ვიმედოვნებ, ისიამოვნებ ამ ქართული ნადიმით, რომელშიც ყველაზე ავთენტური ინგრედიენტებია, რისი შოვნაც აქ მოვახერხეთ. იცოდე, რომ საელჩოში საფერავით სავსე ჭიქას შორიდან, შენთან ერთად, წევენ მაღლა. ჩვენს გულებში ხარ და გვინდა გახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის სიყვარული შენთანაა. გაგიმარჯოს!" - წერს წერილში ელჩი დავით ბაქრაძე.

ამ ემოციური ისტორიისა და მეგობრის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად უყვება ფილიპ კოვალსკი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეგობრის უკანასკნელი სურვილის ასასრულებლად:

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მეთიუზე უნდა იცოდეთ, ისაა, რომ იგი ცნობისმოყვარე ადამიანია. აინტერესებს მსოფლიო, სხვა კულტურები, მუსიკა, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და ა.შ. ის წარმოშობით ოჰაიოს შტატიდან, ქალაქ დეიტონიდანაა (რომელიც შეიძლება, ქუთაისს შევადაროთ), მაგრამ სხვა ადგილების, კულტურებისა და ადამიანების აღმოჩენის წყურვილით გაიზარდა. მე და მეთიუმ ერთმანეთი ცინცინატის უნივერსიტეტში გავიცანით, სადაც ორივე ისტორიას ვსწავლობდით. უკვე 10 წელია მეგობრები ვართ.

ფილიპი და მეთიუ ქართული ღვინით

- როგორ მოხდა, რომ მას საქართველო და აქაური სამზარეულო შეუყვარდა?

- მეთმა ქართული კერძები რამდენიმე წლის წინ დააგემოვნა, ქართული სამზარეულო სტამბულში ცხოვრებისას აღმოაჩინა, სადაც 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საქართველოსთან ასე ახლოს ყოფნის დროს, ის თქვენს ქვეყანასაც ეწვია და სასიამოვნო დრო გაატარა. მისი საყვარელი ქართული კერძი ხაჭაპურია, ყველის მარილიანი და არომატული გემო უყვარს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარს ღვინო, ჭაჭა და ლიმონათი. ქართული კერძები და სასმელი მისთვის ფავორიტია!

- გვიამბეთ, მისი იმ სურვილის შესახებ, რომელიც სწორედ თქვენ აუხდინეთ - რამდენად ძნელი იყო მისთვის ქართული სუფრის გაშლა ოჰაიოში და რა გააკეთეთ ამის მისაღწევად?

- მეთს 1 წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებული გახდა, საცოლე სტამბოლში დაეტოვებინა და სამკურნალოდ ოჰაიოში დაბრუნებულიყო. ოჰაიო არცთუ ისე კოსმოპოლიტური ადგილია, ასე რომ, აქ ქართული რესტორნები არაა. ძნელია ქართული ღვინის შოვნაც, შესაბამისად, ბოლო წლის განმავლობაში მეთიუს ქართულ სამზარეულოსთან შეხება არ ჰქონია, რის გამოც გული ძალიან წყდებოდა.

ერთი კვირის წინ ექიმმა უთხრა, რომ სიცოცხლის 2 კვირიდან 2 თვემდე დრო დარჩა. მაშინვე დამირეკა და პირველი რაც მკითხა, იყო, შემეძლო თუ არა, ქართული ღვინო მიმეტანა მისთვის. გარეთ გავედი და საუკეთესო ღვინო ვიყიდე, რაც შეიძლებოდა, ჩემს ქალაქში, ვაშინგტონში მეშოვნა. სწორედ ღვინის ყიდვის მერე გავაანალიზე, რომ ამასთან ერთად, მეთიუს შესაბამისი ქართული კერძებიც სჭირდებოდა. მე კარგად ვერ ვამზადებ, ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ოჰაიოში მცხოვრები ვინმე ქართველი მეპოვა, რომელიც კერძებს მოამზადებდა.

სტუმრები საქართველოს საელჩოდან

შემდეგ საელჩოში დავრეკე, სიტუაცია ავუხსენი და ვითხოვე, ოჰაიოში მცხოვრები ქართველების საკონტაქტო ინფორმაცია მოეცათ. მირჩიეს, ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის გვერდზე დამედო პოსტი და ასეც მოვიქეცი - დავწერე პოსტი, სადაც მეთის სიტუაციას ვხსნიდი და დახმარებას ვითხოვდი. საპასუხოდ, ასობით მესიჯი და დახმარების შემოთავაზება მომივიდა.

რამდენიმე საათში კი საელჩოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ელჩს დახმარება სურდა და ის მეთიუს სახლში კერძების მოსამზადებლად და სუფრის გასაშლელად, საელჩოს შეფმზარეულს გამოგზავნიდა. ეს საოცრებაა! ვფიქრობ, საელჩოდან თამარა რაქვიაშვილს უნდა ვუმადლოდე. მას შემდეგ, რაც მას დავურეკე, ისტორია ელჩს უამბო, 2-3 საათში კი უკვე მზა გეგმით დამირეკეს, როგორ უნდა მიეტანათ ქართული სამზარეულო მეთიუსთვის.

ამას ნამდვილად არ ველოდი, ასეთი გულისხმიერების გამო ისევ შოკში ვარ... მაგრამ, ქართველებს ჰუმანურობის და მასპინძლობის ისეთი გრძნობა აქვთ, რომ სინამდვილეში, არც მიკვირს!

- როგორი იყო თავად მეთიუს რეაქცია?

- ისინი შაბათს მოვიდნენ - შეფმზარეული უჩა მამულაშვილი მეუღლით, ნინი დარახველიძით და მათი მძღოლი - გიორგი დოლენჯაშვილი. ვაშინგტონიდან დეიტონამდე ავტომობილით 7 საათი იმგზავრეს და ძალიან დიდი სიხარული ჩამოიტანეს, ყველა ბედნიერი იყო! მეთიუ გაოცებული დარჩა - თქვა, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც ბავშვი შობის ღამეს.

- რა იყო ქართულ სუფრაზე?

- ხაჭაპური, ხინკალი, სულგუნი, ფხალი, შინ დამზადებული პური, წითელი და თეთრი ღვინო... ყველაფერი უგემრიელესი და ძალიან მრავალფეროვანი იყო. სამწუხაროდ, საელჩოდან მოსული ქართველების გარდა, სხვა ქართველი სუფრაზე არ გვყოლია. ოჰაიოში ბევრი ქართველი არ ცხოვრობს.

- მეთიუს სიცოცხლის ცოტა დრო დარჩა... დაწერეთ, რომ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი ქართული სამზარეულოს კვლავ გასინჯვა იყო. თუმცა, აქვს თუ არა სხვა სურვილებიც?

- მეთი ახლა მშვიდადაა, ქართული სუფრა ნამდვილად დაეხმარა, რომ ამ მომენტში გამხნევებულიყო. მეგობრები სტუმრობენ, რომლებიც მეთიუსთან მთელი ქვეყნიდან ჩადიან დასამშვიდობებლად. თურქეთში მყოფი მისი მეგობრებიც ურეკავენ.

ის ძალიან უყვართ, ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ ადამიანები შორიდან მის სანახავად ჩამოდიან. ვფიქრობ, ახლა ერთადერთი სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ, დატკბეს მეგობრებთან და ოჯახთან გატარებული დროით... და დარჩენილი ქართული ღვინითა და ლიმონათით ისიამოვნოს...

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე

არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვებით გავრცელების შესახებ - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან