ავტორი:

"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს

"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს

სექტემბრიდან საქართველო შესაძლოა, მხოლოდ PCR ტესტების ჩატარებაზე გადავიდეს და სხვა სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს. ამის შესაძლებლობას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს და მიზეზად სწრაფი ტესტების ცდომილებას ასახელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აგვისტოში ქვეყანა ახალ ავტომატიზირებულ PCR ტესტირების აპარატს შემოიტანს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს გააკეთებს. კითხვაზე: ახალი აპარატის შემოტანის შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ სხვა სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს და მხოლოდ PCR ტესტებს დაეყრდნოს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ „ეს იდეალური ვარიანტი იქნება“.

„ჩვენ დიაგნოსტიკისთვის სწრაფ ტესტებს არც ვიყენებთ, ეს ხდება PCR ტესტირებით. მეორე მხრივ სწრაფი ტესტების გაუმჯობესებაც ხდება. თუ სწრაფი ტესტის მახასიათებლები გაუმჯობესდა და ამ ტესტებმა მიიღეს აღიარება ავტორიტეტული ორგანოების მიერ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო პრაქტიკული და მოხერხებული იქნება გავაკეთოთ ეს ტესტები. მაგრამ ჯერჯერობით ეს სწრაფი ტესტები არ არის იმდენად სარწმუნო, რომ გადავიტანოთ აქცენტი მთლიანად სწრაფ ტესტებზე.

ჩვენ თავიდანვე გვქონდა PCR როგორც ოქროს სტანდარტი. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება სამეცნიერო საზოგადოებაში და მისი სარწმუნოობა ყოველთვის მაღალი არ არის. ბუნებრივად აქვს ხარვეზი, ანუ უნარი ლიმიტირებული აქვს გამოავლინოს დაავადება. ამიტომ მთავარი აქცენტი არის PCR ტესტირება. ჩვენი მიზანია გარკვეულ ხანში მივიდეთ 100 ათასი PCR ტესტის ჩატარებამდე თვის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით, 3 ათასი ტესტი დღეში. დღეს ვატარებთ 1500 და ზოგჯერ მეტ ტესტსაც. ამის შესაძლებლობები უკვე არის, რადგან ბევრი PCR ტესტირების ლაბორატორიაა ჩართული პროცესში, მარაგების შევსება სისტემატურად ხდება.

დაახლოებით, აგვისტოსთვის გვექნება 3 ათასზე მისვლის შესაძლებლობა და კიდევ უფრო გაიზრდება ტესტების რაოდენობა, როდესაც შემოვიტანთ ავტომატიზირებულ PCR ტესტირების აპარატს. ეს აპარატი შეძენილი გვაქვს და მისი საშუალებით 1300 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი 24 საათის განმავლობაში. სექტემბერზე ადრე ამ აპარატის ჩამოტანა ქვეყანაში ვერ მოხერხდება. ეს იქნება სახელმწიფო ლაბორატორიაში, ლუგარის რომელიმე ფილიალში. გეოგრაფიულად სად განთავსდება, ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეშ იქნება. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა მათაც აქვს დაავადების საწყისი შეფასებისთვის. ვიყენებთ ორივე ტიპის სწრაფ ტესტებს - ანტიგენსაც და ანტისხეულსაც.

ერთდროულად ამ ორივე ტესტის გამოყენება მის სარწმუნოობას ზრდის. ასევე მის გამოყენებას დამხმარე მნიშვნელობა აქვს ზოგადი პროფილის კლინიკებში. ზოგიერთ შემთხვევაში იქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა პასუხის მიღება და კლინიკები იყენებენ სწრაფ ტესტებს, თუმცა, ეს არ არის მასიური გამოყენება. თვის განმავლობაში 200 ტესტი ჩატარდეს ამ მიზნისთვის. სხვა მხრივ მათაც აქვთ ხელმისაწვდომობა PCR-ზე. ჩვენი მიზანია PCR ტესტირების შესაძლებლობის მაქსიმალური გაფართოება. იმედი გვაქვს, ეტაპობრივად სწრაფი PCR ტესტებიც გამოჩნდება ბაზარზე და უფრო სწრაფად გვექნება პასუხის მიღების შესაძლებლობა. სწრაფი ტესტებით ტესტირების გაფართოება არ არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება