ავტორი:

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

ლალი ხარებავას თექაზე საინტერესო და უცხო ნამუშევრები აქვს, სამგანზომილებიანი, რომლებსაც ამერიკაში ქმნის. ისინი მნახველს უყურადღებოდ არ რჩება. ქალბატონი ლალი 22-ე წელია, უცხოეთში ცხოვრობს და საინტერესო ნამუშევრების გარდა, იქ საინტერესო გზაც აქვს გავლილი. თუ როდის და როგორ მოხვდა შეერთებულ შტატებში, ამას თავად გვიამბობს:

„მოგეხსენებათ, საქართველომ და მისმა მოსახლეობამ როგორი მძიმე პერიოდი გამოიარა. მათ შორის, მხატვრებს როგორ უჭირდათ (თუმცა არც ახლაა დალხენილი ცხოვრება) და ყველა უცხოეთში წასვლას ცდილობდა, მათ შორის, მეც. ამერიკაში წამოსვლის შანსი 1998 წელს მომეცა. თავიდან მე და ჩემს ჯგუფელსა და ბავშვობის მეგობარს, ფატი ხვედელიძეს ევროპაში წასვლა გვინდოდა, მაგრამ შემდეგ ამერიკა გადავწყვიტეთ და გამოგვივიდა. კონსულმა ვიზა უპრობლემოდ მოგვცა. მიზეზი კი, 1989 წელს ამერიკაში გამოფენილი ჩემი ნამუშევრები აღმოჩნდა, იქ აღებულმა ჩემმა სიგელმა დიდი ყურადღება მიიქცია. ამერიკაში წასვლის წინ ჩვენი მიზანი და სურვილი მომავალში გამოფენებში მონაწილეობის მიღება იყო.

ამერიკაში ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში ერთ პატარა ჯგუფურ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც ბროდვეიზე მოეწყო... მერე იყო შრომა და მუშაობა თავის გადასარჩენად... აქ ყველა დამოუკიდებელია. უფლის და საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, სხვა მხრივ, ამერიკაში ცხოვრება ადვილი არ არის. ყველაფერს დამოუკიდებლად და ნულიდან იწყებ. ადაპტაცია ძნელია, რაც უნდა ლაღად იგრძნო თავი, მაინც ემიგრანტი ხარ. დიდი განსხვავებაა ამხელა სახელმწიფოს და ჩვენ პატარა საქართველოს წეს-ჩვეულებებს შორის, მაგრამ არ დავიკარგე... ბევრჯერ გამიჭირდა, მაგრამ სირთულეები მაინც გადავლახე, დავძლიე. უამრავი კეთილი ადამიანი შევიძინე. მათი გვერდით დგომა მაძლიერებს (ღმერთმა კარგად მიმყოფოს ყველა). ვიწვალე, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, შევძელი და მაინც უფლის წყალობით, აქამდე მოვედი.

დღეს უკვე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქეც, ანუ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ფესვები, სულის ყივილი, ბავშვობა ჩემშია, რა ვქნა, მიყვარს და ეს სიყვარული მაძლებინებს... 22-ე წელია, რაც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ“.

ლალი ხარებავა დაიბადა თბილისში, როგორც თვითონ ამბობს, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, დაამთავრა 167-ე სკოლა, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, დეკორატიული ქსოვილების განხრით, შემდეგ თბილისის კულტურის ინსტიტუტი ხელოვნებათმცოდნე ექსპერტ-მენეჯერის ფაკულტეტი. პარალელურად, გივი ყანდარელის ჯგუფში სწავლობდა. მის ბიოგრაფიაში რამდენიმე საინტერესო გამოფენაცაა - 1988 წელს საფრანგეთი, ლიონი, 1989 წელს - ნიუ-იორკი, 1997 წელს - თბილისის სახელმწიფო მუზეუმ-ქარვასლა, 2000 წელს - ნიუ-იორკი, ბროდვეი (ჯგუფური გამოფენა), 2018 წელს - „არტექსპოს“ საგამოფენო დარბაზი, 2019 წელს - ჯორჯ ბილის გალერეა.

„ასე რომ, ამერიკამ მიგვიღო, შეგვიყვარა და ცხოვრებაში აქ ყოფნით, დიდი გამოცდილება მივიღე... ამ ხნის განმავლობაში საქართველოში 5-ჯერ ვიყავი. შეცვლილი დამხვდა, მაგრამ ჩემი სამშობლო დამშვიდებული მაინც ვერ დავინახე. ისე, აქაურობას კი შემოვჩით, მაგრამ სამშობლო ყველას გვენატრება, სიყვარული არ ნელდება“ - გვეუბნება ქალბატონი ლალი, რომელიც დღეს ამერიკელებთან კომპანიონად მუშაობს, პარალელურად თავისი პროფესიითაა დაკავებული. ამბობს, რომ ყველაფერს ფინანსები სჭირდება - ნამუშევრებისთვის მასალის შეძენას და აქ ცხოვრებასაც. „ამერიკაში ცხოვრება ძალიან ძვირია. ეს წუწუნი არ არის, რეალობაა. უამრავი გადასახადია, რასაც ვერ გაექცევი“, - დასძენს რესპონდენტი.

ლალი ხარებავა ძირითადად შალით, გობელენში და თექაზე მუშაობს. თექისთვის ფერად მატყლს იყენებს. „სამ განზომილებაში უფრო ეფექტიანია ნამუშევრების შექმნა, - ეს მნახველის გაოცებასაც იწვევს. თავიდან, ვქმნი ცალკეულ დეტალს და მერე ვაწყობ. ბოლო 4 წელია, რაც ჩემი პროფესიით ავმუშავდი. 2018 წელს "არტექსპოში" მქონდა თექის 4 პანო წარდგენილი. მოიწონეს.

გავიტანე - „გვირილები“, „მზესუმზირები“, „თეთრი ლილიები“ და „ფერადი ლილიების“ ნატურმორტები. იაფად ვერ გავიმეტე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

აქ უბრალოდ, უნდა გაგიმართლოს, რომ კარგი შემფასებელი ნახო, რაც ძნელია. ხელოვნების ნიმუშებს ერთეულები ყიდულობენ. ხშირ შემთხვევაში, იყიდება პრინტი, რაც იაფია და ადვილად საღდება. თუ გაგიმართლებს (იმედია, ერთ დღეს მეც გამიმართლებს), აი, მაშინ დავფასდები. ვცდილობ, დინებას არ ჩამოვრჩე. გამართლების მჯერა, იმედი მაქვს მომავლის. ყველას ჰყავს თავისი შემფასებელი“ - აღნიშნავს ლალი ხარებავა, რომელიც პანდემიის პირობებში არსებულ ამერიკაზეც გველაპარაკება.

„ამჟამად კადრივით გაჩერდა მსოფლიო. ჯერ კიდევ პანდემია მძვინვარებს, ხალხს სუნთქვა შეეკრა, შეშინებულები არიან. ნიუ-იორკი დაძაბულია, დისტანციას იცავს ყველა, მაინც ფრთხილობენ. ჩვენ როგორც ყველა, უფლის ლოცვით მივყვებით ცხოვრების რიტმს (შენელებულად). შრომაში გადის დღეები“.

- ოჯახზეც გვიამბეთ.

- მყავს ოჯახი, ქართველი მეუღლე (მოქანდაკე) და ერთი ვაჟი - ლუკა გოგუაძე 10 წლის. ოჯახი აქ შევქმენით. ვცოცხლობთ შვილის ბედნიერებით. შრომობს, როგორც შეუძლია. მეხუთე წელია, დადის ფორტეპიანოზე და უკვე რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ამერიკის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალებში. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში (მ. ებრალიძის ხელმძღვანელობით) დაუკრა ორკესტრის თანხლებით. მერე იყო კარნეგი-ჰოლი. შემდგომ ოპერის საკონცერტო დარბაზი. წელს მარტში დაუკრა კარნეგი-ჰოლში (ხელმძღვანელი ტანკელევიჩი). ჩვენი სურვილი უბრალოდ მუსიკის შესწავლა იყო, თუმცა ეს საქმე კარგად გამოსდის, ნიჭი უდავოდ აქვს და მომავალში პროფესიას თვითონ აირჩევს. მშობლები მხოლოდ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის განათლებას. აი, ეს არის სულ, რისი თქმაც შემიძლია ჩემზე და ჩვენს ოჯახზე.

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი შეეძინა - "ახალშობილები და დედა კარგად გრძნობენ თავს"

ულამაზესი ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში - ორსული ანა შელიას ფოტო "ინსტაგრამიდან"