ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში ხანძრის შედეგად შექმნილი მდგომარეობა უმჯობესდება.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამცხე-ჯავახეთის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა დავით კახიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო, აწყურის ტყეში რჩება ცეცხლის წვრილ-წვრილი კერები, რომლის ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება, მთლიანობაში კი აწყურში მდგომარეობა სტაბილურია.
"რეგიონში საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი მუშაობს. მობილიზებული რჩება საჰაერო ტექნიკა. გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ტყეში გზები შეჰყავთ, რაც ცეცხლის ხელით ჩაქრობის სამუშაო პროცესს აადვილებს; ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ზარალს, კვლავ არ არის დადგენილი რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად. კახიაშვილის განცხადებით, პროგნოზი ჯერ ნაადრევია, ამ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ.
ხანძარი აწყურის ტყეში 4 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება.