ავტორი:

დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?

დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?

ჯერ კიდევ გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახალი საარჩევნო პირობებით მოუწევთ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო პროცესების წარმართვა. ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო შეზღუდული პირობებით იწყებს, ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი ამ განხილვაში მონაწილეობას გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებამდე არ აპირებენ. მოგეხსენებათ, ისინი მის გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევენ.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" თქმით, სწორედ რურუას ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი, ისინი დაუჭერენ თუ არა საარჩევნო ცვლილებებს ხმას. არადა, ხელისუფლებამ შესაძლოა, მართლაც არ გაათავისუფლოს რურუა და ამჯერად უკვე სწორედ ოპოზიციის ხელით ჩააგდოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მით უფრო, რომ დღეს აშშ-ში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ვაშინგტონს "ქართული ოცნების" დასატუქსად დიდად არ სცალია. მოკლედ, ჯერჯერობით არ ვიცით, კონკრეტულად რა საარჩავნო წესით გვექნება არჩევნები, თუმცა მზადება სახელისუფლო პარტიაშიც და ოპოზიციაშიც უკვე დაწყებულია.თუ ცვლილებები განხორციელდა, მოგეხსენებათ, მაჟორიტარების რიცხვი 30-მდე მცირდება, სწორედ ამ 30 კანდიდატის შეთახმება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის, რაც, როგორც ჩანს, იმდენად რთულად მიმდინარეობს, რომ უკვე ოპოზიციური ერთობის დაშლაზეც დაიწყეს ლაპარაკი. ციხიდან ახლახან გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, პროცესი შეფერხებულია და ამის მიზეზად სწორედ გარკვეული ძალების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნებია. მისი თქმით, ამ შეთანხმებაში სიმძიმის ძალა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოზეა" და სწორედ მათი გადაწყვეტილებები იქნება მნიშვნელოვანი ერთობა შენარჩუნდება თუ ვერა.

ჩვენი იფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ 30 კანდიდატიდან სწორედ მან დააკომპლექტოს 15, რაც დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

ერთ-ერთი ვერსიით, ოპოზიციაში განიხილავენ იმასაც, რომ პირველ ტურში ყველამ თავისი კანდიდატი დააყენოს და მხოლოდ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ოპოზიციურმა სპექტრმა.

ეს იდეა კატეგორიულად არ მოსწონს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმავ "პალიტრანუისის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა:

"ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჯერ ერთი ოპოზიციური ამომრჩეველი თვითონ გადაწყვეტს, რომ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და არ სჭირდება პარტიული ბოსების მოწოდება, მეორეც - 2016 წელს ირაკლი ალასანიას არასწორმა გადაწყვეტილებამ წამაგებინა არჩევნები მეც და წააგებინა მასაც. ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ვინმე მაკრახიძე. ეს გამეორდება თუ სწორად არ მივუდექით საკითხს. ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან!

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არჩვენი, ან მიიღებს ყველაფერს და ეს ყველაეფრი არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, ან მიიღებს სამი მანდატით მეტს მომავალ პარლამენტში... ეს ნიშნავს იმას, რომ ის თუ ვერ შეთანხმდება სხვებთან თავისი პოლიტიკური მადის გამო, ზოგადად დათმობს ოპოზიცია არჩევნებს".

პირველივე ტურისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება მნიშვნელოვნად მიიჩნევენ "ევროპულ საქართველოშიც".

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში მოხდეს კოორდინირება და შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის. ამიტომ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ მეორე ტურში ვიღაცა ვიღაცას მხარს დაუჭერს, არ არის სწორი მიდგომა. მეორე ტურში ისედაც იგულისხმება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს რაღაც წინააღმდეგობები და მოახდინონ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება... ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, ეს შეიძლება იყოს კანდიდატების არ დაყენება, საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება", - განაცხადა პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ.

"რჩევა 30 პარტიიან ამბიციურ გაერთიანებას: თავი დაანებონ მაჟორიტარული ოლქების გაყოფის მკვდრადშობილ პროექტს და იმოქმედონ პრინციპით - 30 ოლქი, 30 ლიდერი. კენჭი იყაროს ყველა პარტიის ლიდერმა. ოლქები გაინაწილონ ფარული კენჭისყრით. გასაყოფიც აღარაფერი ექნებათ და თეთრი და შავიც გამოჩნდება", - ეს მოსაზრება ექსპერტ გია ხუხაშვილს ეკუთვნის.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას მოსწონს ეს იდეა, თუმცა ძნელად სავარაუდოა, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე ძლიერია ამ გაერთიანებაშიც და საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ყველაზე სოლიდურად არის წარმოდგენილი, ამას დათანხმდეს.

როგორც კულუარულად გვითხრეს, თავის მხრივ ოპოზიციის ნაწილს ძალიან არ მოსწონს ოქრუაშვილის გაზრდილი ამბიციები და საკმაოდ რადიკალური განცხადებები თუნდაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის მერაბიშვილის ოპოზიციური გაერთიანების სახელით რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში დასახელებას ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციაში პრობლემები მოჰყვა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შესაძლო დასახელებაა. მოგეხსენებათ, ამის თოაბაზე თაკო ჩარკვიანმა აუწყა საზოგადოებას.

"ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრემიერობის ერთიან კანდიდატად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება, არც განიხილებოდა და მომავალშიც არ იქნება განხილული. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, კი თავის დროზე როდესაც მან ეს კანდიდატურა წამოაყენა მისი კოლეგების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ უდუმაშვილს განცხადების ტონს უწუნებს და ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას ურჩევს. წაიკითხედ სრულად

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად.. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი" - ალეკო ელისაშვილი