ავტორი:

"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

"სიფხიზლეში არაჩვეულებივი ადამიანია... ბავშვების შესაშინებლად გამოიყენა იარაღი" - რა ხდება ვარკეთილში, სადაც 45 წლამდე მამაკაცი უმისამართოდ ისროდა

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისვრის, 45 წლამდე ასაკისაა. არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად სახლში მარტოა და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. სროლა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულიდან. მამაკაცი მონადირეა და საკუთარი, რეგისტრირებული სანადირო თოფიდან ისროდა.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ, კონფლიქტი შვილებთან მოუვიდა და მათი იარაღით შეშინება სცადა. რის შემდეგაც მისმა ორმა შვილმა სახლი დატოვა.

"45 წლამდე ასაკის მამაკაცია. სიფხიზლეში არის არაჩვეულებივი ადამიანი, კარგი მეოჯახე, მეზობლები აღნიშნავენ ასე, მაგრამ ახლა იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არის არაადეკვატური. ბავშვების მიმართ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი შესაშინებლად, ბავშვები გამოიქცნენ სახლიდან. თვითონ სახლშია ჩაკეტილი და არ შემოდის კონტაქტში. ბევრჯერ გაისროლა, მაგრამ მისი მიზანი არ არის ვინმეს მოკვდინება" - აცხადებს შემთხვევის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილნი. სირაძის განმარტებითვე, მამაკაცს არავის მისამართით არ უსვრია და მასთან ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დაშავებული არავინ არის და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე უსაფრთხოდ არიან. მამაკაცი მარტოა ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც ახორციელებს გასროლას. ამ ეტაპისათვის ამ ადამიანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით“, - აცხადებს სირაძე.

დაწყებულია აღნიშნული კორპუსის და მიმდებარე კორპუსების მოსახლეობის ევაკუაცია. სამართალდამცველები ადგილზე სავარაუდოდ სპეცოპერაციას ჩაატარებენ.

საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი განიკურნა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 810-მდე გაიზარდა

უბედური შემთხვევა ბათუმის ბულვარში - მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

გორში ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს დაეჯახა