ვინ არის ჟურნალისტი, რომელიც ახალ ამბებს წინასწარ წერს

ვინ არის ჟურნალისტი, რომელიც ახალ ამბებს წინასწარ წერს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დათო ლიკლიკაძე ქართველ ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ადამიანია. ის ქუთაისში ცხოვრობს, ამჟამად საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისა" და რადიო "პალიტრისთვის" მუშაობს და ყოველთვის ენაკვიმატური ჩართვებით გამოირჩევა. ჩვენთვის პროფესიასთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაიხსენა.

- ბისმარკი ამბობდა, ჟურნალისტები ის ადამიანები ხდებიან, რომელთაც სხვა საქმეში მოეცარათ ხელიო. მეც ასე დამემართა. მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ვოცნებობდი და ბავშვობიდან მოყოლებული ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გავიზარდე, უამრავ სპექტაკლში ვითამაშე. ასე რომ, ჟურნალისტობა არ ყოფილა ჩემი ოცნება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვთამაშობდი, რამდენიმე სერიოზულ სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა, მათ შორის დათო დოიაშვილის "მედეაში", რომელიც რუსთაველის თეატრშიც ვითამაშეთ. ოპერის თეატრშიც მაქვს ნათამაშები და თოჯინების თეატრშიც. რასაკვირველია, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. ეს 1990-იანი წლები იყო, ქვეყანა რომ ინგრეოდა, არავის არაფრის საშუალება არ ჰქონდა, ოჯახს ჩემი თბილისში შენახვა ძალიან გაუჭირდებოდა.

თეატრალურ ინსტიტუტში გული მატკინეს. ქუთაისის ლიმიტირებულ ჯგუფში ვსწავლობდი, ასეთი ბევრ ქალაქს ჰყავდა, ამ ჯგუფში თბილისელებიც შემოიყვანეს. ეს ის პერიოდი იყო, ვინმე ცნობილის შვილი უნდა ყოფილიყავი, მსახიობობა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება შთამომავლობაზე გადადიოდა - ბოღმით არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, ამბავს გიყვები.

ფასიანი ჯგუფი გაკეთდა და მითხრეს, რომ სწორედ იქ უნდა გადავსულიყავი. ბისმარკის ფრაზა ამიტომ მოვიშველიე, ხელი მომეცარა, პირველი კურსიდან წამოვედი თეატრალური ინსტიტუტიდან, რადგან ეს სფერო ჩემთვის ყველაფერი იყო. ჩემი მშობლები სწავლის საფასურს ვერ გადაიხდიდნენ, ამიტომაც დავტოვე სასწავლებელი და ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

- ერთი ფულიანი პროფესიიდან მეორეზე გადაგინაცვლებია...

- (იცინის) სხვათა შორის, მსახიობად რომ დავრჩენილიყავი, ალბათ მშიერი მოვკვდებოდი. ჩემი არც ერთი თანაკურსელი ისე არ ცხოვრობს, როგორც მე. მდიდარი არ ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით ნორმალურად ვცხოვრობ. ჩემს კურსელებთან ერთად ერთ სპექტაკლშიც ვითამაშე, ძალიან მიყვარს ყველა მათგანი.

- ჟურნალისტობა რატომ გადაწყვიტე?

- დამოუკიდებელი მედია ყალიბდებოდა ქვეყანაში, მგონი, ეს პროცესი ახლაც გრძელდება (იღიმება), თუმცა პირველი ტალღა 90-იანი წლების დასაწყისში იყო. ჟურნალისტობის წყალობით იმასაც მოვახერხებდი, რომ თეატრთანაც მქონოდა შეხება. მუშაობა "იბერვიზიაში" დავიწყე, ქუთაისში ჰქონდა თავისი ფილიალი. ამ არხზე ჩემი პირველი სიუჟეტი რომ გავიდა, გადასასვლელზე ფრთხილად გადავდიოდი, არ დავღუპო ქართული ჟურნალისტიკა-მეთქი, ისე ამივარდა თავში (იცინის).

წლები გავიდა და ნელ-ნელა დავეშვი მიწაზე. მას შემდეგ საქართველოში არ დარჩა არც გაზეთი, არც ტელევიზია თუ საინფორმაციო სააგენტო, მე რომ არ მიმუშავია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები. ახლა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსსა" და რადიო "პალიტრაში" ვმუშაობ.

- ჟურნალისტების წრეში ენაკვიმატ და კოლორიტულ ადამიანად ხარ ცნობილი. გეხმარება იუმორი ამ პროფესიაში?

- ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თავი დავდო ჩემს იუმორზე. ყველგან უხარიათ ჩემი მისვლა. ამას ვგრძნობ და მახარებს. საკუთარ თავზე ვიწყებ შაყირს და მერე სხვებზე გადავდივარ, თუმცა ეს ცოტა სიფრთხილეს მოითხოვს. ერთ-ერთ გაზეთში ვწერდი ფსევდონიმით ხელისუფლების წევრებზე, ცნობილ ადამიანებსა და მათ ნაკლოვანებებზე. ორი წელი ვერავინ გაიგო, ვინ აშაყირებდა მათ (იცინის).

- 18 წელია ჟურნალისტი ხარ, სახალისო ამბები მოგვიყევი.

- მახსოვს, ქუთაისში პირველად ჩამოვიდა ცნობილი რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე და დგამდა სპექტაკლს ჩვენს თეატრში. ჩემს ბავშვობაში ნუგზარ ლორთქიფანიძე თეატრს უკავშირდებოდა, მას მიჰყავდა გადაცემა "თეატრალური ფოსტა", ამ გადაცემებზე გავიზარდე. რომ ჩამოვიდა, მინდოდა გამეცნო და დავვახლოვებოდი. მაშინ ტელეკომპანია "რიონში" ვმუშაობდი და პირველივე ინტერვიუს ჩაწერა მასთან მე გადავწყვიტე, სხვას ვის დავანებებდი. მერე სხვაგან შემხვდა, ამოვიზარდე სოკოსავით და იქაც მივესალმე. სასტუმროდან გამოვიდოდა, იქაც მე ვიყავი, სადმე მუსიკალურ ღონისძიებაზე იყო, გვერდით მივუჯდებოდი...

ერთ დღესაც მივედი ჩემს მეგობრებთან ერთად, ისინიც თეატრალები იყვნენ და რომ დაინახეს, ბატონი ნუგზარის გაცნობა მოუნდათ. მე თავი გამოვიდე, უნდა გაგაცნოთ-მეთქი და მივედი მისასალმებლად. უცბად ბატონი ნუგზარი მეუბნება, კარგად მომისმინეთ, ახალგაზრდავ, თქვენი ხნის რომ ვიყავი და თქვენსავით შეუხედავი, ხალხს თვალებში კი არ ვეფეთებოდიო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. ეს ლამაზ მოგონებად დარჩა, რადგან მერე მე და ნუგზარ ლორთქიფანიძე დავახლოვდით (იღიმება).

- დათო, რადიოში მუშაობა ტელევიზიისგან განსხვავდება, კიდევ უფრო სხვაა საინფორმაციო სააგენტოს სპეციფიკა.

- რადიო იმის საშუალებას გაძლევს, რომ სადაც გინდა იქ იყო და იქიდანვე ჩაერთო. რამდენჯერმე არ ვყოფილვარ შემთხვევის ადგილზე და ისეთი ჩართვა მქონია, ხალხს ეგონა, მეც იქ ვიყავი. საინფორმაციო სააგენტოს ასეთი სპეციფიკა აქვს, თუ რადიოსა და ტელევიზიაზე ადრე არ დადე ამბავი, აზრი არ აქვს. სანამ პრეზიდენტი ჩამოვა ქუთაისში, ნიუსის ტექსტი უკვე დაწერილი მაქვს, მაგრამ სააგენტოს არ ვუგზავნი, სანამ პრეზიდენტი არ ჩამოვა და არ გახსნის ობიექტს, გააკეთებს განცხადებებს.

ასე წინასწარ დაწერილი 100 ნიუსიდან 99 სწორი აღმოჩენილა. ეს მხოლოდ პრეზიდენტზე არ ხდება, სხვა დანარჩენ ამბებსაც ვგულისხმობ. ვთქვათ, ადამიანი აივნიდან გადმოვარდა, შუა გზაშია, რომ ეს ამბავი უკვე "ინტერპრესნიუსზე" დევს.

- გამოდის, რომ დროს ასწრებ.

- ასეთი რეჟიმი სააგენტომ გამომიმუშავა. თანაც, ქვეყანაში ისეთი რაღაცები ხდება, რაც უკვე მომხდარა. მაგალითად, როცა რაღაც საწარმო იხსნება და მანამდე უკვე ოთხჯერ არის გახსნილი, ახალი რა უნდა იყოს (იცინის)?

- ქუთაისში პოლიტიკური ინფორმაციების მიმართ ინტერესი არის? ტელევიზიების გარდა ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული გზები თუ აქვთ?

- ქუთაისი ზოგადად აპოლიტიკური ქალაქია, ახლა შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, პარლამენტს რომ გადმოიტანენ. რადიო "ძველი ქალაქი" ნეიტრალური რადიოა და აბსოლუტურად ყველაფერს გადმოსცემს, რაც ხდება, დილის შვიდ საათზე ყველა ჟურნალ-გაზეთი აქაა და ასე რომ, ინფორმაციული ვაკუუმი არ არსებობს, ინტერნეტის საშუალებითაც უყურებს ხალხი ოპოზიციურ არხებს. ხალხი ბრძენია, იციან, სად და როგორ ხდება.

- პოლიტიკური ხუმრობები აქტუალურია?

- მეტ-ნაკლებად. ასე ვერ გავიხსენებ რაიმე ხუმრობას, რადგან ისეთ ჟურნალს ვაძლევ ინტერვიუს, რომელსაც ქუთაისში თითქმის ყველა ოჯახში კითხულობენ, იუმორი კი ჩემთვის ისეთი რამ არის, მეშინია, რაიმე გოიმურად არ გამომივიდეს (იცინის).

- დათო, უცხოეთში დადიხარ მივლინებებით?

- კიშინიოვიდან დავბრუნდი მცირე ხანია. შარშან გახლდით უკრაინაში, ესპანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში. თურქეთში გახლდით ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე, ასევე ესპანეთშიც. ჩვენი ერთი მსახიობი უცხოეთში დარჩა და დირექტორმა მე შემომთავაზა მისი, ანუ კომანდორის როლი. ისე მოეწონათ თურქეთში ჩვენი სპექტაკლი, რომ ბარსელონაშიც მიგვიწვიეს. ასე რომ, მსახიობობასაც არ ვეშვები.

- უცხოეთში ესმით შენი იუმორი?

- სხვათა შორის ესმით. საფრანგეთში გახლდით, რაღაცას რომ ვხუმრობდი, უთარგმნიდნენ და იცინოდნენ, მერე და მერე, რომ ვხუმრობდი, თარჯიმანს ეუბნებოდნენ, აღარ გადმოგვითარგმნო, გავიგეთო და იცინოდნენ. ქუთაისში რომ დავბრუნდი, ვამბობდი, ჩემი იუმორი ისეთია, თარგმნაც აღარ სჭირდება-მეთქი.

- ყველაზე სახალისო ჩართვა გაიხსენე.

- ტელევიზიაში მქონდა ასეთი ჩართვა. უნდა ჩაგვერთო განათლების მინისტრი. მე კი ქუთაისიდან გაპარული ვიყავი სემინარზე, ტელევიზიაში არ იცოდნენ და დამირეკეს, ნახევარ საათში მინისტრი უნდა ჩავრთოთო. ბოლოს ავუხსენი, რომ არ ვიყავი ქუთაისში, ჟურნალისტის მოძებნა დამავალეს, ვინც ამ ჩართვის ორგანიზებას მოახერხებდა, ვერ ვიპოვე ვერავინ და ბოლოს ჩემმა მძღოლმა ჩართო მინისტრი ეთერში (იცინის).

ყველაზე ცუდად ვიხსენებ ერთ ამბავს, ტელეკომპანია "მზეში" ვმუშაობდი, საინფორმაციოს პროდიუსერი კი გახლდათ ხათუნა ბერძენიშვილი, რომლისაც მაშინაც მეშინოდა და დღემდე მეშინია. ტელევიზიაში რამდენიმე მეგობარმა მოინდომა ჩემი შეშინება და ეს ძალიან ადვილი იყო, თუ ხათუნას სახელს ახსენებდნენ. ბორჯომში ვიყავი სემინარზე და დამირეკეს, ხათუნას დავალებაა, ზუგდიდში წახვიდე და რესპონდენტები იქიდან ჩართოო. სემინარი ისე მივატოვე, არ დამიბარებია, სად მივდიოდი, რას მივრბოდი არ იცი, ხაშურში ვიყავი, მეგობრებმა რომ დამირეკეს და მითხრეს გაგაშაყირეთო.

ერთ ძალიან სასაცილო ჩართვასაც გავიხსენებ რადიო "პალიტრაში". ყველა ქართული არხი აცხადებდა, რომ მეორე დღეს ქუთაისში საშინელი გრიგალი უნდა ყოფილიყო. სახლიდან არ გამოხვიდეთ, ქარი წაიღებს ყველაფერსო. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ერთი ამბავი იყო, ვმორიგეობთ შტაბში და ველოდებით, როდის ამოვარდება ქარი. მეორე დილას გვირეკავს ყველა, თორმეტსაათიან გამოშვებაში ამბობენ, რომ წინა ღამემ მშვიდად ჩაიარა და ახლა უკვე ელოდებიან ქუთაისში ქარსო...

სინოპტიკოსები ყველა მხრიდან იხევენ ყველაფერს, გინდათ თუ არა გრიგალი იქნებაო, მაგრამ ფოთოლიც კი არ იძვრის. არადა, ქუთაისი ქარიანი ქალაქია, სულ ქარია, მაინცდამაინც იმ დღეს არ იძვროდა ფოთოლი. ტელევიზიებით კი აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობდა მოსალოდნელი გრიგალის სასარგებლოდ. რადიო "პალიტრაში" ჩამრთეს ამ თემაზე უახლესი ამბებით, ეთერში ეკა ვეფხვაძე იჯდა და გამოვაცხადე, ველოდებით ქარს და იმდენად მზად ვართ, რომ ნარკომანებმა და სუსტი აღნაგობის ხალხმა ჯიბეებში ქვები ჩაიწყვეს და ისე დადიან ქუჩებში-მეთქი. ეს დამთავრებული არ მქონდა, ეკა ვეფხვაძე გადაბრუნდა სიცილით, ჩაიშალა საინფორმაციო.

ქარზე გამახსენდა ქუთაისური ანეკდოტი - აქ ყველა ყველას იცნობს და ამისი დამადასტურებელი ანეკდოტიც არის. ძველი "კაგებე"-ს დროა, ქუთაისელ აგენტ ჯიმისთან ბათუმელ აგენტს გაატანენ რაღაცებს, ამა და ამ მისამართზე რომ მიხვალ, ზარი დარეკე და თქვი ფრაზა, ხვალ ქუთაისში ქარი იქნებაო. ჩავიდა ბათუმელი აგენტი, მივიდა დაწერილ მისამართზე, რეკავს ზარს და ამბობს დაბარებულ ფრაზას. კარის იქიდან ისმის ხმა - ხვალ კი არა, ქუთაისში ქარი ყოველდღეა და ჯიმიელა აგენტს თუ ეძებ, ჩემს თავზე ცხოვრობსო (იცინის).

- დათო, ბოლოს მითხარი, დაოჯახებული რატომ არ ხარ?

- ეს ტრადიციული შეკითხვაა, ყველა მეკითხება. 33 წლის ვარ და ცოლი ჯერ არ მყავს. შემაწუხებელია უკვე, ამიტომ გამოსავალი ვიპოვე. რატომ არ მყავს ცოლი, არ ვიცი, ამიტომ ყველას ვპასუხობ, ჩემი პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და მეორე ცოლის მოყვანის უფლებას რელიგია არ მაძლევს-მეთქი. მერე მეშვებიან და არაფერს აღარ მეკითხებიან (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები