ავტორი:

"დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, 1 ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?" - 9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება

"დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, 1 ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?" - 9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე, რომელიც რუსულ ტანკებს ცოცხალი შემთხვევით გადაურჩა, მთელი ცხოვრებაა საკუთარ ჭერზე ოცნებობს. წლებია ქირით ცხოვრობს და პერიოდულად ბინის დაცლა უწევს, რაც მისთვის, როგორც უსინათლო პირისთვის, დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამჯერადაც იმავე პრობლემის წინაშე დგას.

"ისევ! ისევ აბარგება! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ ბინა. აღარ ვიცი, რა ვქნა. ჯერ ბინა იპოვო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ. შემდეგ იპოვო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე. დავიღალე, ხალხო, დავიღალე! ნუთუ, არ შეიძლება, რომ 1 ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ ახლა. იმ დღეს ბაბუ ამბობდა, დედა, მინდა ეს სახლი ჩვენი იყოსო, მაგრამ პასუხი არ მქონდა, ახლა?! ახლა რა უნდა ვქნა, რა?!", - წერს სოციალურ ქსელში ლელა ვეფხვაძე.

ქალი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ამბობს, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 9 აპრილს ახსენდებათ. უკვე 31 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ყველა ხელისუფლება ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ ჰპირდება საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

AMBEBI.GE ლელა ვეფხვაძეს ესაუბრა.

- რა პრობლემის წინაშე დგახართ ახლა? უსახლკაროდ დარჩენა ხომ არ გემუქრებათ?

- წლებია ქირით ცხოვრობ მე, ჩემი მოხუცებული დედა, ჩემი უსინათლო შვილი და შვილიშვილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მერია გვეხმარება და უკვე წლებია, ბინის ქირას გვიხდის. ამ ბინაში, სადაც ორი წელია ვცხოვრობ, თვეში 600 ლარს ვიხდი, საიდანაც 400-ს მერია მიფინანსებს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. რამდენიმე დღის წინ დამირეკა ბინის მეპატრონემ, ძალიან კარგი ხალხია და მორიდებით მითხრა, ბინის გაყიდვას ვაპირებთო. ისევ მეორდება კოშმარი, აყრა, აბარგება... რაც კი შევიძინე ჩემი შრომით წლების განმავლობაში, ამ გადასვლა-გადმოსვლაში მიფუჭდება და მიტყდება. ამას რომ თავი დავანებოთ, მე და ჩემი გოგო უსინათლოები ვართ, ძლივს შევეჩვევით უბანს და სხვა ადგილზე გვიწევს გადასვლა. ახლა ამას შეჩვეულები ვართ, უპრობლემოდ ვაგნებთ სახლს, მაგრამ სხვაგან რომ გადავიდეთ, ძალიან გაგვიჭირდება, ისევ შეჩვევა და დამახსოვრება. არასოდეს არ მითქვამს, რომ საკუთარი ჭერი არ გამაჩნია, რადგან ეს ჩემი პრობლემაა და არავის ვახვევ თავს. რომ დამირეკა ბინის მეპატრონემ და ეს მითხრა, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, იმდენად ავნერვიულდი, რომ წარმოვიდგინე ისევ გაუთავებლად იგივე კოშმარის გავლა მიწევს, უცებ დავწერე ეს სტატუსი სოციალურ ქსელში. არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა და თითქოს ამით გული მოვიოხე.

- როგორც ამბობთ, ყველა ხელისუფლება გპირდებოდათ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, არასოდეს ყოფილა მცდელობა, რომ დაპირება სისრულეში მოეყვანათ?

- ნამდვილად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება მპირდებოდა ბინის გადმოცემას. თქვენნაირი ადამიანი უსახლკაროდ როგორ უნდა ცხოვრობდეს, ჩვენი ვალია ხელის გულზე გატაროთ, მომავალ წელს აუცილებლად საკუთარ ჭერქვეშ შეხვდებიო - მპირდებიან ყოველ 9 აპრილს, მაგრამ 10 აპრილიდან ჩემი არსებობა ყველას ავიწყდება. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. მე კი არავის ვამადლი რამეს, თუ არ გინდოდა, არ წასულიყავიო, - იფიქრებს ადამიანი და ასეც არის. ეს მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, რომ ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის მებრძოლა, როგორც შემეძლო. დღესაც რომ დასჭირდეს ჩემს სამშობლოს, მე ფრონტის წინა ხაზზე დავდგები, გარწმუნებთ, სრულიად დაუფიქრებლად შევწირავ თავს სამშობლოს სიყვარულს. ადამიანს თუ სამშობლო არ უყვარს, იმის სიცოცხლეს რა ფასი აქვს. ყოველთვის თან მდევს 9 აპრილის მოგონებები, ისევ მტკივა... ის საქართველო არ არის, რომელსაც ჩვენ ვნავტრობდით, რომელზეც ვოცნებობდით და რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს ვწირავდით.

- როგორ ცხოვრობთ, რითი ირჩენთ თავს?

- უკვე წლებია მეტროში ვმუშაობ. ყოველ დღე ათზე ჩავდივარ და რვა საათამდე იქ ვარ. ამ ჩემს საქმიანობას მოწყალების თხოვნის ფორმა აქვს, მაგრამ თავს მაინც იმით ვიმშვიდებ, რომ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მეტროთი მგზავრობს და ბოლო თეთრიც კი გაუმეტებიათ ჩემთვის. მართალია, მეტრომ დამაავადმყოფა, სახსრების და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამიჩინა, მაგრამ რომ არა მეტრო და კეთილი ადამიანები, ალბათ, თავის რჩენას ვერ შევძლებდით.

- თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოსა და ცოცხალ გმირს გიწოდებენ. გრძნობთ თავს სათანადოდ დაფასებულად?

- საერთო ჯამში ნამდვილად ვერ ვგრძნობ ასე თავს. საზოგადოების დიდი ნაწილისგან სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ როგორც გითხარით, ძირითადად, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებთ ხელისუფლების მისამართით ვამბობ ამას. მაგრამ თავს მაინც მხნედ ვგრძნობ, რადგან რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, ის მიზანი მიღწეულია - საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. თუმცა ასეთ ყოფაზე მაინც არ ვოცნებობდით. ყველაზე მეტად იცით გული რაზე მწყდება? 9 აპრილის ღამეს, როდესაც წვიმა მოვიდა, ხალხმა გადაჭიმა პოლიეთილენის პარკები, თვითონ სველდებოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ შეფარებულიყვნენ. რა მუხტიც მაშინ იყო, ერთმანეთის გატანის და სიყვარულის, ის სად დაიკარგა? ვერ ვხვდები, რა მოხდა? მაინცდამაინც ერთი მტერი უნდა გვყავდეს? მაინცდამაინც გადაშენების საფრთხე უნდა გვემუქრებოდეს, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და დავაფასოთ? როდესაც 9 აპრილს ვიხსენებ, ყოველთვის ეს კადრი მახსენდება....

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"ოთხ COVID-კლინიკას დღემდე არ ჰყავს ინფიცირებული მედპერსონალი, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქ-ნი მაკა" - რას პასუხობს მარინა ეზუგბაია კოლეგის განცხადებას