ავტორი:

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

თვითიზოლაციის პირობებში სახლში მყოფი ადამიანების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ხელოვნების მიმართ... საზოგადოებამ მრავალი უნიჭიერესი ადამიანი გაიცნო. სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა 16 წლის თვითნასწავლი მხატვრის თამარ ყიფიანის შემოქმედებამ.

ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეუძლებელია ასეთი ნამუშევრები უბრალო ფანქრით შეიქმნას. თამარ ყიფიანი თავად გვესაუბრება, თუ როგორ იქმნება მისი ნახატები და რა არის აუცილებელი შთაგონებისთვის:

- ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, რადგან დღესაც მქრქალად ამჩნევია ადამიანების დეფორმირებული ფიგურები კედლებს. მახსოვს, რომ სულ ვხატავდი... მხოლოდ ადამიანებს ვხატავდი და ახლაც მხოლოდ ადამიანია ყველაზე საინტერესო ნატურა ჩემთვის! როდესაც მატერიის ჩრდილების სამყარო აღმოვაჩინე, იმ დღიდან დაიწყო ჩემი განვითარება!

თამუნა ყიფიანი

ვხატავდი ყოველდღე და ვაკეთებდი ახალ აღმოჩენებს თუ როგორ მიმენიჭებინა პორტრეტისთვის რეალურობა. პირველად ხატვის კონკურსში 13 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით და გამოფენა ქარელში მქონდა. 2018 წელს შევქმენი ნამუშევარი საკონკურსო თემაზე "გაყინული ემოცია", რომელმაც პირველი ადგილი და თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენის შანსი მომაპოვებინა. აგრეთვე მონაწილეობა მივიღე კონკურსში "ახალგაზრდა ხელოვანი" და ჩემი ნამუშევარი დაიბეჭდა სამაგიდო კალენდრის ყდაზე.

- რამდენად ხელსაყრელი გარემო გქონდათ საქართველოში და გაქვთ დღეს?

- შემოქმედებისთვის არ არის აუცილებელი ხელსაყრელი გარემო, რადგან ის იქმნება შემოქმედის სურვილით, გრძნობებით, სიხარულით, ტკივილით... ამ ქვეყანამ შემქმნა, ამ გარემომ გამზარდა... ალბათ ყოველთვის არ იყო ხელსაყრელი გარემო, რადგან უმოტივაციობა აქრობდა ხატვის სურვილს ჩემში. პარადოქსულია მაგრამ ერთფეროვანი გარემო გაიძულებს იზრუნო თვითგანვითარებაზე, რადგან თუ ამას არ გააკეთებ, სამყარო, თუნდაც საქართველო, ისე ჩაგყლაპავს და გაგაქრობს, ვერც კი შეამჩნევ...

ჩემს გარშემო არსებულ ატმოსფეროს არ აქვს დრო მომავლის ან წარსულის, რადგან არ იცვლება ერთი ნამდვილი რეალობა - ვხატავ, რომ დამავიწყდეს, მაგრამ მაქვს სურვილი სხვას გავახსენო. ამიტომ არ ვყოფ დროს ნაწილებად, დრო უბრალოდ მიდის და მეც დავივიწყე მისი არსებობა.

- თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა?

- როდესაც მხატვარს მიწოდებდნენ, მეუცხოებოდა კიდეც, მეუხერხულებოდა... ახლაც ასეა: თითქოს მერიდება მივიღო მხატვრის წოდება და ყველაფერი მხატვრის ცხოვრებიდან! ჩემი მოღვაწეობაც საზღვარგარეთ მაშინებს და მერიდება. არ ვთვლი, რომ საკმარისად კარგი ვარ! ალბათ თუ დააინტერესებთ ჩემი ნამუშევრები, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, რადგან ეს ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახება...

- რომელი მსოფლიო მხატვრების გავლენაა თქვენზე, რომლის შემოქმედება მოგწონთ გამორჩეულად?

- რენესანსის ეპოქა მაოცებს... ყოველთვის მინდოდა იმ მსოფლიოს ნაწილი ვყოფილიყავი, იმ დროში მეცხოვრა! მათი რეალიზმი იყო სრულყოფილი, რადგან ყველაზე უფრო რეალური ნახატიც ემიჯნება ფოტოს, რაც იწვევს ესთეტიურ სიამოვნებას პირადად ჩემში... თუმცა ბაროკოსა და კარავაჯოს შემოქმედებასთნ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედება ყველაზე უფრო ახლოსაა ჩემ პიროვნებასთნ.

- ლამაზ ქალბატონებს ხატავთ...სილამაზე აუცილებელია შთაგონებისთვის?

- ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანია, ზედმეტად ბევრიც შთაგონებისთვის, მაგრამ მიჭირს ზუსტად ის სახე ვიპოვო, რაც შთაგონებას მომცემს... ჩემთვის მხოლოდ სილამაზე უინტერესოა! ადამიანის სიღრმე, შინაგანი ბუნება მაიძულებს დავხატო და მისი სახე გავხადო მუდმივ მყოფადი!

- ამბობენ, რომ რასაც თქვენ ხატავთ, შეუძლებელია ადამიანმა უბრალო ფანქრით შექმნას, რას ეტყოდით მათ, მკითხველს?

- მე ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო თუნდაც იმისთვის, რომ დავეხმარო ემოციების გახსენებაში... ადამიანებს ერთმანეთისთვის სიხარული ენანებათ, მათ დაივიწყეს სევდა, სიყვარული... არ მინდა ვამტკიცო, რომ ეს შესაძლებელია, რადგან შეუძლებელი არაფერია! ზუსტად ამ ფაქტის გააზრებაა პასუხი კითხვაზე რამდენად შესაძლებელია ასე ხატვა?

- დღეს სრულიად სამყაროს რთული პერიოდი აქვს და რა გავლენა იქონია ამან თქვენ შემოქმედებაზე?

- დამეხმარა ცოტა ხნით მაინც მეპოვა საკუთარი თავი! გამეხსენებინა ის ადამიანი, რომელიც ჩემში ცოცხლობს და სულ უნდა ჩემთან დარჩენა! რაც უფრო ვიზრდები, თითქოს ითრგუნება პიროვნება, ვინც ხატავს. ამ მდგომარეობამ მაიძულა ხელახლა შევხვედროდი მეორე ადამიანს ჩემში!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- უბრალოდ ველოდები ყოველ გათენებას, ახალი მზის ამოსვლას, ახალ დღეს ღამის შემდეგ... არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ან სამომავლო გეგმებზე, უბრალოდ ვცხოვრობ ყოველი დღით, გეგმების გარეშე!

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?