"გამარჯობა, ბებია ცოტა ცუდად არის და თუ შეიძლება... კანკალებს და გული აქვს ცუდად" - ამ სიტყვებით დარეკა 11 ლიზი აკოფოვმა 112-ში, რის შემდეგაც მათთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა და მოხუცი ქალი გულის უკმარისობით გამოწვეული საშიშროებისგან იხსნა.
ლიზი ერთ-ერთია იმ 4 მოზარდიდან, რომლებმაც მძიმე წუთებში საოცარი ორგანიზებულობა და ყურადღება გამოიჩინეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს, რითაც "112-ის გმირის" ტიტული დაიმსახურეს.
AMBEBI.GE დღეს ამ მამაც პატარებს გაგაცნობთ.
11 წლის ლიზი ბებოსთან ერთად სახლში მარტო იყო, როდესაც მოხუცი მაღალმა არტერიულმა წნევამ შეაწუხა. რადგანაც ასეთი ჩივილი ლიზის ბებიისთვის უჩვეულო იყო, ბავშვი ცოტათი შეშინდა, თუმცა არ დაბნეულა - მაშინვე დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში და ოპერატორებს ზუსტად მიაწოდა საჭირო ინფორმაცია.
"სახლში მარტო ვიყავით და ბებოს უეცრად წნევამ აუწია,კანკალი დაიწყო. ბებოს მაღალი წნევა არსოდეს ჰქონია, არ ავადმყოფობს საერთოდ. თავს სულ მხნედ და მხიარულად გრძნობს, ამიტომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, შემეშინდა. არ დავბნეულვარ, იმაზე ფიქრი დავიწყე როგორ მეშველა ჩემი ბებოსთვის. უცებ გამახსენდა, რომ 112-ში უნდა დამერეკა.
სკოლაში ბროშურები დაგვირიგეს და 112-ის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნეს. მშობლებსაც ჰქონდათ ნათქვამი, რომ თუ რამე მომივა მე, ან ირგვლივმყოფებს, 112- ში უნდა დავრეკო. ბებოსთვის არც მიკითხავს, მაშინვე ავიღე ტელეფონი და დავრეკე. რაც მკითხეს, ყველაფერზე ვუპასუხე და ამის შემდეგ მალევე მოვიდნენ. ბებოს დახმარება აღმოუჩინეს და ახლა თავს ძაალიან კარგად გრძნობს.

"112-ის გმირის" შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. დედას დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს, რომ თურმე გავიმარჯვე და გმირი ბავშვის წოდება მივიღე. უზომოდ გამიხარდა! მილოცავენ ჩემი მეგობრები, კლასელები და მასწავლებელმაც აღნიშნა ონლაინგაკვეთილის ბოლოს, ლიზი 112-ის გმრიი გახდა და მიულოცეთო. ჩვენი სკოლიდან "თამარიონიდან", წელს ორი გავხდით 112-ის გმირი და ძალიან გახარებული ვარ" - უყვება AMBEBI.GE-ს 11 წლის გოგონა.
11 წლის მათე ნაჭყებიას ისტორია კიდევ უფრო ამაღელვებელია, რადგან მან სრულიად უცნობი ადამიანის გადასარჩენად მიმართა 112-ს.
"ბავშვები ეზოში ბურთს ვთამაშობდით, უცბად მიწაზე წაქცეული კაცი შევნიშნე. თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა. რამდენიმე ადამიანმა ისე ჩაუარა გვერდით, არც კი შეუხედავს. ეტყობდა, ცოტა ნასვამიც იყო. ძალიან შემეცოდა. მივირბინეთ და გამოკითხვა დავუწყეთ, ვინ იყო და რით შეგვეძლო დავხმარებოდით. არაფერზე გვპასუხობდა. ვუთხარით, იქნებ თქვენი ოჯახის წევრის ნომერი მოგვცეთ, დავურეკავთ და მოგაკითხავენთქო. არც ამაზე გვიპასუხა რამე. თავს აშკარად სუსტად გრძნობდა.
გამახსენდა, სკოლაში რომ გვასწავლეს, რა უნდა გაგვეკეთებინა ასეთ დროს. მეგობარს ვთხოვე ტელეფონი და 112-ში დავრეკე. მისამართი რომ მკითხეს, არ დავბნეულვარ, მივიხედ-მოვიხედე და იქვე ქუჩის კუთხეში აბრა შევნიშნე, სადაც ეწერა ქეთევან წამებულის გამზირი და ნომერი. სასწრაფო ძალიან მალე მოვიდა, წაიყვანეს და ნაკერები დაადეს.

"112-ის გმირის" კონკურსის შესახებ ვიცოდი. ტელევიზორში ვუყურე შარშან დაჯილდოვებას, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მეც გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული.
ჩემი მეგობრის ნომერზე დაურეკავთ და უთქვამთ, მათე ნაჭყებიასთან გვინდა დაკავშირება, 112-ის გმირი გახდაო. ძალიან გაუხარდათ ჩემს მშობლებს, მეგობრებმა. მე არავისთვის მითქვამს, ნათესავებმა ტელევიზიიდან შეიტყეს, უამრავმა დამირეკა და მომილოცა ეს წარმატება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საჭირო დროს არ დავიბენი და სწორად მოქცევა შევძელი" - უყვება AMBEBI.GE-ს მათე ნაჭყებია.
კიდევ ერთი "112-ის გმირი" 14 წლის ანო ვარდოშვილია. მან 112-ში დარეკვით ბაბუა გადაარჩინა, რომელსაც მწვავე ინფარქტი ჰქონდა.
"ბაბუ რომ ცუდად გახდა, მარტო ვიყავით. ტკივილი სულ უფრო უმძაფრდებოდა და გადაადგილება უჭირდა. ძალიან შემეშინდა და პირველად რაც მომაფიქრდა 112-ი დარეკვა იყო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა“ - ამბობს ანო.

14 წლის ლუკა ფანჩულიძემ 112-ში ბებოს დასახმარებლად დარეკა, რომელიც მაღალი წნევის გამო თავს ცუდად გრძნობდა:
"რაც დრო გადიოდა, უფრო ემატებოდა ბებოს წნევა და მივხვდი რომ დახმარებას ვერ გავუწევდი. მომენტალურად გამახსენდა, რომ უნდა დამერეკა სასწრაფოში. ჯერ 112-ში დავრეკე და მხოლოდ ამის შემდეგ დავურეკე დედას.

მიხარია, რომ არ დავიბენი და ყველაფერი ასე მშვიდობიანად დასრულდა“ - ამბობს "112-ის გმირი" ლუკა ფანჩულიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112“ მეოთხე წელია ახორციელებს პროექტს „112-ის გმირი“. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და დროულად მიმართა 112-ს.