ავტორი:

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

თვალი ერთ-ერთი მგრძნობიარე ორგანოა, რომელსაც გაუფრთხილებლობის შემთხვევაში არაერთი დაავადება ახასიათებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კატარაქტაა. რა იწვევს მას, როგორ მიმდინარეობს და უყურადღებობის შემთხვევაში რა შდეგები შეიძლება მოიტანოს, ამაზე კლინიკა „ახალი მზერის“ და „ღია გულის“ ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვესაუბრება:

„კატარაქტა თვალში არსებული ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევაა. მსოფლიო მასშტაბით ის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება. სიბრმავის - 55% სწორედ ამ დაავადებით არის გამოწვეული. არადა, სამყაროდან მიღებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სწორედ თვალით აღიქმება, ამიტომაც, სიბრმავე მსოფლიოში სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფაქტორად არის მიჩნეული. თანამედროვე განვითარების პირობებში ასეთი ტიპის სიბრმავესთან ბრძოლა აბსოლიტურად რეალური და მნიშვნელოვნად ეფექტიანია. ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს საორგანიზაციო საკითხების ხარისხიანად და დროულად გადაწყვეტა, რათა ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები ამ დაავადების სიმპტომების შესახებ“, - გვეუბნება ოფთალმოლოგი.

მისი თქმით, კატარაქტაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია, თუ:

  • პაციენტს აღენიშნება მხედველობის თანდათან დაქვეითება;
  • თუ მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
  • სათვალის დახმარებითაც უჭირს ნაბეჭდი ტექსტის წაკითხვა;
  • უჭირს შორსმდებარე საგნების გარჩევა;
  • ახლომდებარე საგნები თანდათან კარგავს მოხაზულობას და ბუნდოვანი ხდება;
  • უჭირს ფერების გარჩევა;
  • ძველებურად ვეღარ მართავს ავტომობილს;
  • თუ გუგის არეში მოჩანს რუხი ფერის შეფერილობა;

კატარაქტა ერთი თვალიდან მეორეზე არ გადადის, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ერთ თვალში მის ჩამოყალიბებას განაპირობებს, თითქმის ყოველთვის იწვევს მეორე თვალის დაზიანებასაც. ერთი ვერსიით, თითქოს ის ხანდაზმული ადამიანების დაავადებაა, მაგრამ ეს დღეს ასეა არ არის, „ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს.

სამწუხაროდ, დღეს კატარაქტა ძალიან „გაახალგაზრდავდა“. ადრე თუ ამ დაავადების საშუალო ასაკი 55-60 წლები ითვლებოდა, ამჟამად 35-40 წელია მიჩნეული. თუმცა ასაკობრივი კატარაქტა, შეძენილი კატარაქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც უმეტესად ორმხრივია, ანუ ორივე თვალზე ვითარდება. ხასიათდება პროცესის არაერთდროული დასაწყისითა და განვითარებით. კატარაქტა სუბიექტურად ვლინდება მაშინ, როცა შემღვრევა ბროლის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომი ხანდაზმულ ასაკში „ცრუ“ ახლომხედველობის განვითარებაა, რის გამოც პაციენტს აღარ სჭირდება სამუშაოდ ასაკობრივი სათვალე. ასაკობრივი კატარაქტის მოგვიანებით სტადიაზე გუგის პროექციაში ნათლად იკვეთება რუხი ფერის წარმონაქმნი - ეს შემღვრეული ბროლია. ამ დროს ადამიანი კარგავს ფორმულ მხედველობას და შეიგრძნობს მხოლოდ სინათლის სხივის მიმართულებას“ - გვეუბნება ოფთალმოლოგი და კატარაქტების ტიპებზე აგრძელებს საუბარს:

„კატარაქტა შეძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტა, როგორც წესი, განპირობებულია დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებებითა და სამშობიარო ტრამვით. ამ დროს ორივე თვალი ზიანდება. შეძენილი კატარაქტის მიზეზი შეიძლება იყოს: ასაკობრივი - ასაკით გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად; ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით განპირობებული: ზოგადი ინფექციებით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ენდოკრინული დარღვევებით (დიაბეტური), უვეალური (სისხლძარღვოვანი გარსის დაზიანებით გამოწვეული); ანთებითი დააავადებებით (რევმატიზმი) და ა.შ. ტოქსიკური - სხვადასხვა ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი; თვალის სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული; სხივური - მაიონიზებული რადიაციის მოქმედების შედეგი; კატარაქტის რისკფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ნიკოტინის და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება“.

- როგორ ხდება კატარაქტის დიაგნოსტირება?

- კატარაქტის დიაგნოსტირება რთული არ არის. ის ოფთალმოლოგის მიერ, თვალის სტანდარტული ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგად დგინდება, თუმცა ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა სხვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა თანხმლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ექიმს თვალის მდგომარეობის შესახებ დაწვრლებითი ინფორმაცია ჰქონდეს.

- მის სამკურნალოდ რა გზები არსებობს?

- კატარაქტა ქირურგიული დაავადებაა და მისი განკურნება მხოლოდ ოპერაციული ჩარევით არის შესაძლებელი. არსებობს ოპერაციის რამდენიმე სახე, თუმცა ყველა მათგანის არსს წარმოადგენს შემღვრეული ბროლის ამოღება და ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია. ყველაზე თანამედროვე ოპერაციულ მიდგომას წარმოადგენს ფაკოემულსიფიკაცია, რომელსაც „უნაკერო“ ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს ხდება ულტრაბგერის საშუალებით შემღვრეული ბროლოს დანაწევრება და ასპირაციის მეთოდით მისი მოცილება. ოპერაცია გრძელდება 5-10 წუთი. ქირურგიული პროცესი ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, მხოლოდ თვალის წვეთების გამოყენებით და სრულიად უმტკივნეულოა. ოპერაციის დამთავრებისთანავე პაციენტი იღებს ექიმის რეკომენდაციებს და იმავე დღეს ბრუნდება სახლში. მხედველობა ოპერაციის შემდეგ მალევე უმჯობესდება და საბოლოოდ, რამდენიმე დღეში აღდგება.

- რა არის ხელოვნური ბროლი და რა ტიპის ბროლები არსებობს?

- ხელოვნური ბროლი ანუ ინტრაოკულარული ლინზა, ცვლის შემღვრეულ ბუნებრივ ბროლს და თავსდება მის ადგილზე. არსებობს მრავალი სახის ხელოვნური ბროლი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, დიზაინით, ზომით და ოპტიკური მახასიათებლებით. ხელოვნური ბროლის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის სურვილი, პროფესია, მისი ყოველდღიური საქმიანობა, ასაკი, მეორე თვალის მდგომარეობა. სათანადო ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ისეთი ხელოვნური ბროლი, რომ პაციენტი სრულიად განთავისუფლდეს სათვალისაგან ნებისმიერ მანძილზე. თანამედროვე მიდგომებით სულ უფრო და უფრო იხვეწება ხელოვნური ბროლები და მისი საშუალებით ასევე შესაძლებელი ხდება ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის და პრესბიოპიის (საკითხავი სათვალის) კორეგირება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად მოხდეს ხელოვნური ბროლის შერჩევა, რათა მივიღოთ მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგი. რისთვისაც განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენს ექიმის გამოცდილება და მისი პროფესიონალიზმი.

- თუ ადმიანი, ადრე სათვალეს იყენებდა, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ, სათვალის საჭიროება აღარ ექნება?

- დიხ, ასეა. თუ შერჩეული იქნება შესაბამისი მოდელის ხელოვნური ბროლი, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ პაციენტი უმეტესად განთავისუფლდება სათვალის საჭიროებისგან.

- რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ დაავადებას, თუ კი ამ ადამიანი არ უმკურნალებს?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, კატარაქტა პროგრესირებადი დაავადებაა და თუ დროულად არ მოხდა მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, შეიძლება ადამიანი სრულ სიბრმავემდე მივიდეს.

- რა არის ამისთვის პრევენცია, რომ არ განვითარდეს?

- ასაკობრივი კატარაქტა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვითარდება ასაკთან ერთად, თუმცა მის განვითარებაში გარკვეულ გავლენას ახდენს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ერთობ არაკეთილსაიმედო ფაქტორად ითვლება ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, ასევე ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი. ამიტომ, 40 წელს ზემოთ ადამიანებს ვურჩევ, რომ წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც წარმოადგენენ კატარაქტის განვითარების რისკ-ფაქტორს, ოფთალმოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ დაგეგმონ.

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი

"ორჯერ ვიქორწინე და ქორწილი არ მქონია, ალბათ არ განვიხილავდი ამ ქორწინებებს" - სოფო ჭყონია პირადსა და ოჯახურ ბიზნესზე