ავტორი:

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" სამზარეულო პირველმა მონაწილემ დატოვა და გამარჯვებულის ტიტულისთვის ბრძოლას 11 კონკურსანტი აგრძელებს.

წელს ჟიურის წევრებმა 3 რჩეულ მონაწილეს "ოქროს წინსაფრები" გადასცეს და ამით გარანტირებულად მიუჩინეს ადგილი 12-ეულში. დღეს სწორედ ოქროს წინსაფრის მფლობელს, ნინი სტურუას გაგაცნობთ. მისთვის პირველი გადაცემა განსაკუთრებულად დაძაბული აღმოჩნდა, რადგან იმუნიტეტის დავალებაში მისი კერძი საუკეთესოთა შორის დასახელდა, მეორე დავალებაში კი ყველაზე სუსტებს შორის.

რატომ გადაწყვიტა 27 წლის ფრენბურთელმა და ცნობილი მორაგბის - სოსო მათაიშვილი მეუღლემ კულინარიულ შოუში მონაწილეობის მიღება, რა შეცდომა დაუშვა და რის გამოსწორებას აპირებს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი?

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ბიზნესი არ იყო ის პროფესია, რომელიც მომწონდა და გადავწყვიტე სწავლა სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა.

საჭმლის კეთება მომწონდა, მაგრამ არ ვიცოდი. ინტერნეტში ვეძებდი რაღაცებს და ისე ვაკეთებდი, ამიტომ ცოდნის გაღრმავების მიზნით კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. ვფიქრობ, სწორი არჩევანიც გავაკეთე, ძალიან აზარტული პროფესია აღმოჩნდა, სულ სიახლეა და სულ მრავალფეროვნება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, კერამიკის კურსიც გავიარე, რომ სამომავლოდ ჩემს კერძებს ისეთი თეფშები შევურჩიო, როგორიც მე მომწონს.

- როგორ ფიქრობთ, რა კავშირია სპორტსა და კულინარიას შორის?

- სპორტით ბავშვობიდან ვარ გატაცებული და ჩემი ცხოვრების ნაწილია, კულინარიაშიც აღმოვაჩინე ის აზარტი, რაც სპორტს აქვს. ორივე პროფესიაში სულ გჭირდება სწავლა, განვითარება და ვარჯიში. სასურველ შედეგამდე რომ მიხვიდე, წლებია საჭირო.

- ოჯახის წევრებს თქვენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რა მოსწონთ?

- განსაკუთრებული კერძი არ მაქვს და სახლში ყოველთვის ხასიათის მიხედვით ვამზადებ კერძებს. აი, რაც შეეხება მშობლებს, ყოველთვის კრიტიკულები არიან ჩემ მიმართ, რაც ძალიან მომწონს, რადგან სწორი შენიშვნა ყოველთვის მეხმარება, რომ შეცდომა გამოვასწორო.

- გადაცემაში ახსენეთ, რომ მეუღლის თხოვნით მოხვედით მასტერშეფში. როგორ დაგარწმუნათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ?

- ჩემმა ქმარმა იცის, რომ სპორტს თუ რომელიმე პროფესია შეგიცვლის, ე.ი. ის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, რადგან სწორედ ის „მუღამი დაუჭირე“, რაც სპორტს აქვს.

სოსო ხედავს, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ და ვკითხულობ კულინარიაზე, სახლშიც ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ. მოკლედ, მეუღლემ დამანახა, რომ ეს პროექტი უფრო გამზრდიდა და ბევრ ახალ რაღაცას ვისწავლიდი, რაც სამომავლოდ გამომადგება. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მას!

ფრენბურთელი და ბორჯღალოსანი 2018 წელს დაქორწინდნენ

- რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა და დანარჩენ კონკურსანტებს როგორ შეაფასებდით?

- ვფიქრობ, ძალიან ძლიერი გუნდია და კონკურენციაც დიდია, რაც მომწონს, რადგან კარგი კონკურენციის მეშვეობით ვითარდები. "მასტერშეფში" მინდა, ძირითადად, ქართული კერძები მოვამზადო, რადგან ძალიან ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომელსაც სათანადოდ არ ვაფასებთ.

- სამი ოქროს წინსაფრიდან ერთ-ერთი თქვენ გაქვთ...

- საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჟიური ირჩევდა თითო მონაწილეს, ვისაც ოქროს წინსაფარს აძლევდა, ამიტომ როცა მითხრეს, წინ გამოდი და წინსაფარი დააბრუნეო, ძალიან დავიბენი და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ნერვიულობა არ შემტყობოდა.

როცა სპორტსმენი ხარ, მიჩვეული ხარ წაგებასაც და მოგებასაც, ასე რომ, უფრო მარტივად უყურებ რაღაც გადაწყვეტილებებს. რეალურად, ოქროს წინსაფარი დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ყოველ ჯერზე რომ გახსენებენ და გეუბნებიან "მეტი მოგეთხოვებაო".

- პროექტის დატოვებისთვისაც მზად იყავით, როცა თქვენი კერძი სუსტ კერძებს შორის დასახელდა?

- სიმართლე გითხრათ, აუტსაიდერებში მოხვედრა ძალიან გამიკვირდა და ნერვები მომეშალა. არ მიყვარს, როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ესეც საჭირო გამოცდილება იყო. როგორც ჩანს, რაღაც დავაკელი იმ კერძს და გავაგრძელებ მუშაობას, რომ ყველაფერი გამოვასწორო.

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყო - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."