ავტორი:

ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ

ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ

იზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საერთაშორისო ორგანიზაცია Save The Children-ის ინიციატივით, მაღალტექნოლოგიური პროექტი ბავშვთა ინკლუზიური განათლებისა და განვითარებისთვის საქართველოში სტარტს იღებს. პროექტი გულისხმობს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე დაშენებული საგანმანათლებლო და განმავითარებელი მასალის შექმნას, ექსპერტთა სესიებს მსოფლიოში წამყვანი განმავითარებელი აპლიკაციების ქართულად ადაპტირებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის Deeptech ჰაკათონის გამართვასა და სხვა მრავალ აქტივობას.

ინკლუზიური განათლება ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებას და სწავლის ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრას გულისხმობს. აღნიშნულისთვის კი სასწავლო პროცესში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული დამხმარე ტექნოლოგიების ფლობა მნიშვნელოვანია დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლისთვის, რადგან ტექნოლოგიები ეხმარება მას ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაში, ზრდის მის დამოუკიდებლობას, მოტივაციას და ჩართულობას სასწავლო პროცესში.

პროექტის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ამოქმედების და განმავითარებელი აპლიკაციების შექმნის მიზანია დასწავლის სხვადასხვა ტიპის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდების დანერგვა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი განკუთვნილია სკოლის ასაკის (6-18 წელი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) საქართველოსთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოების ფორმირებას სადაც ყველა ბავშვს აქვს გადარჩენის, დაცვის, განათლების და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children ზუსტად 100 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს 120 ქვეყნის მასშტაბით საქმიანობს ბავშვების, მათი ოჯახებისა და ადგილობრივი საზოგადოების უფლებების დასაცავად და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროქტის განხორციელება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Save The Children-ის პარტნიორობის ფარგლებში 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.