ავტორი:

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

ანი ღონღაძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" წამყვანია, თუმცა ის საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, პროექტიდან "ახალი ხმა" გაიცნო. მომღერალმა 2015 წელს ბედი ფეხბურთელ გიორგი თექთუმანიძეს დაუკავშირა. წყვილს ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია აქვს, რომელმაც უმძიმეს განსაცდელს გაუძლო...

ანი ღონღაძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და იხსენებს როგორც მისი სიყვარულის ისტორიას, ისე იმ მძიმე დღეებს, რომელიც წყვილმა ერთად გაიარა და დაძლია.

- ჩემი და გიორგის სიყვარულის ისტორია თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყო. რომ ჩავაბარე, ის უკვე სწავლობდა და ყველას უკვირდა, ასეთ წარმატებულ ფეხბურთელს "თეატრალურში" რა უნდოდა (გიორგი სხვადასხვა წლებში თამაშობდა: "დინამო თბილისში", რუსთავის "მეტალურგში", ცხინვალის "სპარტაკში", გორის "დილაში" და თბილისის "ლოკომოტივში", ავტ).

სანამ გავიცნობდი, ლექტორებისგან მესმოდა, რომ ჩვენთან ერთი ფეხბურთელი სწავლობს და არაჩვეულებრივად წერსო... მერე გავიცანით კიდეც ერთმანეთი. მისი ვარჯიშებიდან და თამაშებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში ძალიან იშვიათად დადიოდა, ამიტომ ერთმანეთს მხოლოდ მისალმებით ვიცნობდით.

მერე დაიწყო პროექტი "ახალი ხმა", რომელშიც მეც ჩავერთე. ერთ დღესაც თავის გუნდთან ერთად, უყურებდა პროექტს, მნახა და მაშინვე მომწერა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... შეყვარებულები თითქმის სამი წელი ვიყავით. შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ.

- დაოჯახებიდან მალევე მოხდა ის მძიმე შემთხვევა, რომელმაც თქვენი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელად შეცვალა - ვგულისხმობ ავარიას, რომელიც გიორგის ლანჩხუთის გზაზე შეემთხვა...

- ქორწილიდან დაახლოებით 8 თვეში მოხდა... ბათუმში მეგობრებთან ერთად ვიყავი, თვითონ ვარჯიშების გამო ვერ წამოვიდა (მაშინ გორის "დილაში" თამაშობდა), მაგრამ ადრე დაუმთავრდა ვარჯიში და გადაწყვიტა ჩემთვისაც ჩამოეკითხა. იმ დღეს ძალიან წვიმდა. მანქანა მოუცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა...

გიორგიმ მიიღო ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება. თავში უამრავი ჩაქცევა ჰქონდა, ერთი თვე კომაში იყო...

ჩემს მაშინდელ ემოციებს რაც შეეხება, ბევრი რამ არ მახსოვს... ზოგადად არ ვარ ემოციური და იმ მომენტშიც მეგონა, ემოციებს არ გამოვხატავდი, მაგრამ როგორც მეგობრები იხსენებენ, არაადეკვატური ვიყავი, თუმცა ცუდზე არასდროს მიფიქრია, არ დამიშვია, რომ ამ ამბავს სხვანაირი დასასრული ექნებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ მოერეოდა!

- რა გზა გაიარეთ ავარიიდან გამოჯანმრთელებამდე?

- საკმაოდ რთული და გრძელი გზა გავიარეთ. გიორგი ერთი თვე კომაში იყო. შემდეგაც მძიმე პერიოდი დაიწყო, რადგან დრო დაჭირდა რაღაცების აღდგენას, უფრო ფიზიკურ მხარეს.

მეხსიერება (ამ ტრამვას ძირითად შემთხვევაში მეხსიერების დაკარგვა ახასიათებს) საბედნიეროდ, არ ჰქონდა დაკარგული. მხოლოდ ავარიის დღე არ ახსოვს და კომიდან გამოსვლის შემდეგ, რაღაც პერიოდი აქვს ამოვარდნილი. როგორც ექიმები ამბობდნენ, ამ ტრავმისთვის ნორმალურია. მისი რეაბილიტაციის პროცესში სამედიცინო კუთხით კარგად გავერკვიე - მის დაავადებასთან დაკავშირებით სამედიცინო ლიტერატურას აქტიურად ვეცნობოდი.

- თავად როგორ იყო ემოციურად?

- როცა უკვე თვითონ ნელ-ნელა გააცნობიერა, რა მოხდა, ძალიან ბევრს იბრძოდა, ვარჯიშობდა. ორჯერ ვიყავით გერმანიაში, სადაც ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. მოკლედ, ასე ეტაპობრივად გამოვიდა მდგომარეობიდან. რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა...

ემოციურად ცუდად არასდროს ყოფილა. არ მეგონა, ასეთი ძლიერი თუ იყო. ბოლომდე სჯეროდა, რომ ფეხბურთს ისევ ითამაშებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, არც მერე, როცა გააცნობიერა, რომ აქტიურ სპორტს ვერ დაუბრუნდებოდა, დეპრესიაში არ ჩავარდნილა. ყველაზე მეტად ამის გააზრება გაუჭირდა და ვფიქრობ, დღემდე უჭირს. უბრალოდ, ცდილობს მე არ დამანახოს, რომ ამას განიცდის.

ჩემთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა ეს, რადგანაც ვიცი, რამდენად ძვირფასია მისთვის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუძღვნა და საკმაოდ წარმატებულიც იყო.

- რა იყო ორივესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სირთულის პირისპირ ყოფნისას?

- ორივესთვის ამ მძიმე მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებიან. მათი დიდი მხარდაჭერა არასდროს დამავიწყდება. შეიძლება ითქვას, ჩვენთან ერთად გაიარეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი იყო, თვითონ გიორგის ხასიათი, როგორც მიუდგა ამ პრობლემას. ასეთი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა იმ პერიოდის გადატანას.

- ახლა რა მდგომარეობაა?

- ახლა გიორგი ისევ თავის სფეროშია. გაიარა მწვრთნელის ლიცენზია და აპირებს, რომ ამ მიმართულებას მიჰყვეს. ფეხბურთის გარეშე არც წარმოუდგენია ცხოვრება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ცხოვრება ისევ სტადიონთან იყოს კავშირში.

ფეხის გამო (მარჯვენა ფეხში სისუსტე დარჩა) და იმ ტრამვის გამო, რაც ჰქონდა, აქტიურ სპორტს ვერ გააგრძელებდა, თუმცა დღეში ორჯერ მაინც ვარჯიშობს და ცდილობს, ეს ფეხის პრობლემაც ბოლომდე გამოასწოროს და ფორმაშიც იყოს. პარალელურად მუშაობს გუნდში. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს, რომ ისევ ფეხბურთით იცხოვროს.

- თავად რას იტყვი ფეხბურთზე, გიყვარს და ერკვევი სპორტის დეტალებში?

- მე მასთან ურთიერთობის შემდეგ გავერკვიე ფეხბურთში და შემიყვარდა კიდეც. ამიტომ ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა ის, რომ ვერ გააგრძელა თამაში. ავარიის შემდეგ სტადიონისკენ გახედვაც არ მინდოდა. ძალიან განვიცდიდი. მერე ისევ გიორგიმ მთხოვა და თამაშებზე ერთად დავიწყეთ სიარული.

- იმ რთულ პერიოდში რას მიხვდით და რა ისწავლეთ?

- ამბავმა, რაც ჩვენ ცხოვრებაში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო, ბევრი რამ გვასწავლა, რაღაცნაირად უცბად გავიზარდეთ. უკვე იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად, მართლა უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ვცდილობთ, ცუდი არ გავიხსენოთ და ისე ვიცხოვროთ, თითქოს ის მძიმე პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა. მგონი, ვახერხებთ კიდეც. ხან მგონია, რომ ის ამბავი ჩვენ კი არა, სხვა ადამიანებს გადახდათ თავს.

ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო - ადამიანების სითბო და გულშემატკივრობა. დღემდე სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ვგრძნობთ ძალიან დიდ ყურადღებას და გულშემატკივრობას. მადლობას ვეტყვით ყველას, იმიტომ, რომ იმ რთულ პერიოდში ეს ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო.