ავტორი:

ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"

ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"

თავბერიძეები სამტრედიაში ცხოვრობენ და ისეთი კოხტა, ლამაზი ეზო აქვთ, მისი ხილვით შორიდანაც კი მოვიხიბლეთ. "აქ ყველაფერი, ნებისმიერი დეკორაცია და კომპოზიცია ოჯახის უფროსის, ავთანდილ თავბერიძის შექმნილია," - გვეუბნება ოჯახის რძალი სალომე თევზაძე და ჩვენთან საუბარს განაგრძობს:

- ეს პატარა ფიგურები, ზღაპრის პერსონაჟების ქანდაკებებიც კი, ჩემი მამამთილის ხელით არის შექმნილი... ეზო ყოველთვის ლამაზი გვქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, უკეთ მოგვეწყო, რომ აქაურობას დასასვენებელი ადგილის სახე მიეღო. ახლა ყველას მოსწონს.

- ადრე რა იყო აქ?

- ეს ფართობი უმეტესად ბოსტანსა და ვენახს ეჭირა. ბებო გვყავს ოჯახში, ჩემი მამამთილის დედა და ის უვლიდა. ყვავილები სახლის უკან იყო, სადაც აუზიც გვაქვს, ახლა ბოსტანმა გადაინაცვლა, წინა ეზო კი ბაღს დავუთმეთ. მამამთილი თვითნასწავლი მხატვარია. ჩვენს ეზოში გააცოცხლა ზღაპრის პერსონაჟები, ცხოველები. ისინი ჩვენთვის სულიერი არსებებივით არიან. მათ შესაქმნელად ფული არ დასჭირვებია, სახლის უკან, ეზოში, პატარა სახელოსნო აქვს, სადაც იარაღებიც აქვს და ამ ქანდაკებებისთვის მასალაც აღმოაჩნდა.

- პირველად რა გააკეთა?

- ბუნება უყვარს. ტელევიზორში სულ ასეთ გადაცემებს უყურებს, ინტერნეტში - ვიდეოებს და ერთხელაც მოუნდა, ირემი გაეკეთებინა. დილით რომ გავიღვიძეთ, ირმის "ჩონჩხი" დაგვხვდა. მერე "ხორციც" შეასხა. ოჯახს მემკვიდრეობით სამკურნალო წურბელების ბიზნესი აქვს და ამ საქმესაც ემსახურება. როცა თავისუფალი დრო აქვს, ეზოში მაშინ ფუსფუსებს. როდის რას აკეთებს, ვერც ვამჩნევთ, გავიხედავთ და რაღაც უკვე მზად აქვს.

- მცენარეებს თვითონ ამრავლებს?

- ყვავილების ნერგებს ვყიდულობთ და ვამრავლებთ, თუმცა მამამთილს ამაშიც საოცარი ხელი აქვს. მიწაში გამხმარი ყვავილიც რომ ჩარგოს, ისიც აყვავდება...

- ჩემი ყურადღება თქვენს ეზოში წამოგორებულმა ბაყაყმა მიიქცია...

- ეგ ჩვენც ძალიან მოგვწონს. ერთ დღეს შინ რომ მოვიდა, გვითხრა, გზაზე გედები ვნახე, უნდა გავაკეთოო და დაიწყო... უმშვენიერესი გამოვიდა. "გვყავს" კურდღლები, სპილო, გვაქვს სოკოები. სპილოს იდეა მე მივაწოდე. ეს ცხოველი ოჯახის ძლიერების სიმბოლოა და ხომ არ გაგვიკეთებ-მეთქი? - ვკითხე და დილით რომ გავიღვიძე, სპილოს კეთება უკვე დაწყებული ჰქონდა...

- რა მასალისგან აკეთებს ამ ყველაფერს?

- რკინისგან კრავს "ჩონჩხს", ფორმას აძლევს და მერე წებოცემენტს იყენებს. ბოლოს კი ყინვაგამძლე საღებავით ღებავს. ცოტა ხანში, ამ ყველაფერს რომ მოუხდება, ისეთი ღობეც გვექნება. ახლა ჩანჩქერს აკეთებს, სადაც თევზები უნდა ჩავსხათ.

- ეზოში ლამაზი ნაძვებიც გქონიათ...

- ესენი ჯუჯა ნაძვებია. შარშან ვიყიდეთ და გავახარეთ. ჩემს მამამთილს სადმე რამე საინტერესო მცენარე რომ შეხვდება, სახლში მოაქვს და ეზოში რგავს. მეზობელთან ხე მოეწონა, ტოტი მოატეხა და მიწაში ჩარგო. ტოტმა 10 დღეში გაიხარა. საოცარი ადამიანია, განსაკუთრებული უნარები აქვს. შვილიშვილებსაც ეხმარება - თუკი სკოლაში რამე აქვთ დასახატი, ბაბუასთან მიდიან.

- ქალბატონები არ მონაწილეობთ ეზოს გალამაზებაში?

- რა თქმა უნდა. მეც, ჩემი დედამთილიც ჩართული ვართ ამ საქმეში. სტუმრები ეზოს რომ გვიქებენ, ეს დიდი სტიმულია და ვცდილობთ, სიახლეები შევმატოთ. ერთ ქალბატონს ინტერნეტში ჩვენი ეზოს სურათები უნახავს და მომწერა, თქვენს ეზოს აღმოსავლეთით მინიატიურული ეკლესია მოუხდებაო. ეს აზრი მეც მომეწონა.

- ჩვენი საუბრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მთავარი მონდომება და შრომაა...

- თუ რამის კეთების სურვილი გაქვს, ფინანსების გარეშეც მოახერხებ სახლში გამოძებნილი რესურსით. ჩემს მამამთილს ამ ხნის განმავლობაში ყველაფერში 300 ლარიც არ ექნება დახარჯული. ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ხელით უამრავი რამის გაკეთება შეუძლია. თუნდაც ვარდის გამრავლება... გინდა და არ გაქვს? სთხოვე ვინმეს კალამი, გაამრავლე და დარგე. გალამაზდება ეზო, აივანი... რაიმე გამოუყენებელი ნივთი გექნება სახლში და მას ბაღში ახალი სიცოცხლე შესძინე...

ცოტა ხნის წინ უკვე აყვავებული ვარდი მამამთილმა გადარგო და გაიხარა, მიუხედავად იმის, რომ ამ მდგომარეობაში ვარდის გახარება შეუძლებელია. როგორც ჩანს, როცა გულით აკეთებ, საქმე კარგად გამოგდის.

ვინც ეზოს გამწვანებითა და მოვლით ინტერესდება, ვურჩევ, იმედი არასდროს დაკარგოს. მთავარი მონდომებაა. დილით რომ ადგები და შენს ნახელავს დაინახავ, ენერგია გემატება. შენი დათესილი მწვანილი რომ ამოდის, ისიც კი გახარებს, ყვავილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვინც ინტერნეტით ჩვენი ეზოს სურათებს ნახულობს, ბევრს უნდა აქ მოსვლა. გვწერენ, თუ შეიძლება მოვიდეთ და სურათები გადავიღოთო. სკოლიდან მასწავლებლები მოდიან. არ აქვს მნიშვნელობა, ნაცნობი იქნება თუ უცნობი - ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. გვეწვიონ, ფოტოები გადაიღონ, შეგვაქონ... შენიშვნებსაც მივიღებთ...