ავტორი:

"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ

"ექიმი, რომელიც კორონავირუსიანებთან მუშაობდა, ისეთ სტრესში იყო, ეგონა ვერ გადაიტანდა" - რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოუტანა ადამიანებს პანდემიამ

Covid-19-ის პანდემიამ ბევრ სხვა სირთულესთან ერთად, ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემებიც მოუტანა, გაამძაფრა მათი ემოციური მდგომარეობა, რამაც ფსიქოლოგებთან მიმართვიანობაც გაზარდა.

სასწავლო-შემეცნებითმა ცენტრმა "რავი" ამ ფონზე სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და "ფეისბუქზე" შექმნა ჯგუფი „ფსიქოლოგთან ერთად“ და ყველა მსურველს უწევდა უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასწავლიდა, როგორ გამკლავებოდნენ პანდემიით გამოწვეულ სტრესს. ცენტრი დახმარების საჭიროების მქონე პირებს უფასო ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას უწევს, რომელიც მინიმუმ ორ საათს გრძელდება.

ცენტრის მუშაობის შესახებ AMBEBI.GE-ს "რავის" დირექტორი, ფსიქოთერაპევტი მაია ბარამიძე ესაუბრება:

- პანდემიით გამოწვეული ემოციური ჩივილების მქონე ბევრ ადამიანს გაუწიეთ ფსიქოლოგიური დახმარება. როგორ აისახა კორონავირუსი ადამიანების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე? ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავდნენ?

- პანდემიის გამო, განსაკუთრებით დასაწყისში, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით. ჯგუფში მუშაობდა ერთი ფსიქოლოგი და ორი ადმინისტრატორი - სოფი ჩუბინიძე და ნინია ყოჩიშვილი, რომლებიც მომართვისთანავე პასუხობდნენ ფსიქოლოგიური დახმარების მსურველებს. დღის განმავლობაში ვეხმარებოდით საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, ხოლო დროის განსხვავების გამო გვიწევდა, ემიგრანტებს დავხმარებოდით ღამის საათებში.

ადამიანები სხვადასხვა ჩივილებით მოგვართავდნენ, დაწყებული შიშებით, შფოთვითი აშლილობით, დამთავრებული ძლიერი სტრესით, პანიკური შეტევებითაც კი, რასთანაც გამკლავება საკუთარი ძალებით ადამიანს არ შეუძლია.

ყველას სჭირდებოდა დახმარება, მიუხედავად პროფესიისა, მაგალითად, იყო ერთი ექიმი, რომელიც თავად მუშაობდა კორონავირუსიან პაციენტებთან, იმდენად ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, რომ ეგონა, ვერ გადაიტანდა. აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ფსიქოსომატური ჩივილები - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხრჩობის შეგრძნება და ა.შ. სინამდვილეში ეს იყო ემოციური რეაქცია. დასჭირდა გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება. ძალიან ეფექტური გამოდგა მასთან მუშაობა და მალევე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ადამიანებს ჰქონდათ ძალიან რეალური შიშები და ხატავდნენ ყველაზე კოშმარულ სურათებსაც კი. ყველას თავისი ვერსია ჰქონდა, თუ რატომ გაჩნდა საერთოდ კორონავირუსი. ზოგი ამას საკუთარი შეცდომების საზღაურადაც კი აღიქვამდა. ჩვენ ყველა ადამიანს, რომელმაც მოგვმართა, გავუწიეთ ფსიქოლოგიური კონსულტაცია და არცერთი მათგანი არ დაგვიტოვებია დახმარების გარეშე.

- თქვენს ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებაც გვიამბეთ. როგორც ვიცი, საინტერესო პროექტებს გეგმავთ...

- „რავის“ მთავარი მიზანია უფრო საინტერესო, ჰუმანური, მოსწავლეებზე ინდივიდუალურად მორგებული და სწავლების მარტივი მეთოდების დამკვიდრება. არასოდეს ვიყავი კმაყოფილი სწავლების ქართული მოდელით. მოსწავლე ვალდებულების გამო არ უნდა დადიოდეს სკოლაში, მისთვის სწავლების მეთოდი არ უნდა იყოს რუტინული, ეს უნდა იყოს მისთვის საინტერესო და შემეცნებითი.

ერთხელ ერთი საინტერესო ახალგაზრდის პოსტმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ნინია ყოჩიშვილი წერდა თავისი პედაგოგიური მეთოდებისა და მიდგომების შესახებ სოციალურ ქსელში. მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მომწონდა და სწავლების საუკეთესო ვერსიად წარმომედგინა, ნინია ახალი თაობისთვის იყო ძალიან კარგი ახალგაზრდა მასწავლებელი, ფსიქოლოგიური მიდგომებითა და საგნის სწავლების მარტივი და შედეგზე ორიენტირებული მეთოდებით.

ერთობლივად გადავწყვიტეთ სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი დაგვეფუძნებინა. იმდენად გვინდოდა ამ იდეის განხორციელება, რომ მალევე დავიწყეთ ზრუნვა. იმდენად, რამდენადაც არ გვქონდა სკოლის გახსნის ფინანსური შესაძლებლობა, დავიწყეთ სასწავლო ცენტრით. დიდხანს ვეძებდით ისეთ მასწავლებლებს, რომლებსაც ისეთი ახლებური და თანამედროვეობისთვის შესაბამისი მიდგომები და მეთოდოლოგია ექნებოდათ, როგორსაც მოითხოვს 21-ე საუკუნის მოსწავლე განათლების სისტემისგან. საბედნიეროდ, ვიპოვეთ ასეთი მასწავლებლები.

რამდენიმე თვეში ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ჩვენი ცენტრის მასწავლებელთა უმეტესობა ან მეცნიერი, ანდაც უნივერსიტეტის ლექტორია, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური პროგრამა. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ჩვენთან თანამშრომლობას დათანხმდა მარიამ წერეთელი, ისტორიის მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებსაც ყოველთვის მაღალი შედეგები აქვთ. ასევე ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის მასწავლებელი გახდა ეკა მირიანაშვილი, ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტშიც დაიწყებს ლექციების კითხვას და უფრო მეტ ადამიანს შეეძლება, გაიზიაროს მისი ცოდნა.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი გუნდით! მე, როგორც ფსიქოლოგი, მთლიანად ვიყავი ჩართული სასწავლო პროცესში, იქნებოდა ეს ბავშვებთან ურთიერთობა, მშობლებთან თანამშრომლობა და მასწავლებლებთან ერთად ახალი იდეებისა და განვითარების გზების განხილვა.

სააბიტურიენტო კურსების გარდა გვაქვს ლიტერატურული წრე, რომელსაც ყველასთვის ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტი, საშა გველესიანი, ხელმძღვანელობს. გვაქვს მართლწერისა და მართლმეტყველების სწრაფი კურსი ჟურნალისტებისთვის, სოციალური მედიის მენეჯერებისთვისა და საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. შევქმენით მოძრავი ლექციების პროგრამა - ,,სხვა ისტორია“, რომელსაც უძღვება საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევარი და მრავალი საინტერესო აღმოჩენის ავტორი - ქეთევან პაპუნაშვილი, მოძრავი ლექციის იდეა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებასა და ლექციის ჩატარებას ღია სივრცეში, გაშლილ მინდორზე, მთებით გარშემორტყმულ სივრცეში.

ვგეგმავთ ახალ საინტერესო პროექტებს. ვაპირებთ, გაცვლითი პროგრამა გავაკეთოთ საფრანგეთში. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ცენტრმა გაუძლო იმ გამოწვევებს, რომელიც თან ახლდა პანდემიას, ისე, რომ მოსწავლეები, რომელთა მშობლებსაც შეექმნათ ფინანსური პრობლემები, არ გაგვეშვა და მეტიც, შეგვექმნა შიდასაგრანტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მაღალი ქულის მქონე მსმენელს უფინანსდებოდა ერთი თვით სწავლის საფასური, ყველა თვეს თავისი გამარჯვებული ჰყავდა. ასევე კარგად მოვერგეთ სწავლების დისტანციურ ფორმას და აქაც ჩვენ ვმუშაობდით მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ არ დავარდნილიყო სწავლის ხარისხი.

ჩვენს გუნდს ძალიან უხარია, როცა ვხედავთ, როგორ იზრდებიან ჩვენი მოსწავლეები, ძალიან გვიყვარს და გვეიმედება თითოეული მათგანი.

სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი „რავი“ მომავალ სასწავლო წელს აპირებს გაფართოებას და ახალი სასწავლო პროგრამების დამატებას.

"მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს" - თენგიზ ცერცვაძე

23 წლის გოგონა, რომელიც პანდემიის დროს სოფელში გადასახლდა და ცხვრებს, ძროხებს და ქათმებს ბებოსთან ერთად უვლის

19 438 ჩატარებული ტესტი და 1618 ახალი ინფიცირებული - როგორია კორონავირუსის ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით