ავტორი:

"ნუ მოიშინაურებთ მტრედებს აივანზე" - რა დაავადება გადააქვთ ფრინველებს და რომელი მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო

"ნუ მოიშინაურებთ მტრედებს აივანზე" - რა დაავადება გადააქვთ ფრინველებს და რომელი მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო

ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს ალერგიული დაავადებების გავრცელების რისკი. ზაფხულობით განსაკუთრებით ხშირია ბალახსა და ხის მტვერზე ალერგიული რეაქციები. ტემპერატურის მატებასთან ერთად უჩივიან მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ გართულებებსაც.

რომელი ალერგიებია ყველაზე აქტუალური ზაფხულის სეზონზე და როგორ დავიცვათ თავი მათგან - AMBEBI.GE მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ალერგოლოგ ირინა მიმინოშვილს ესაუბრა.

- რომელი ალერგიული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულში ყველაზე მეტად და რა იწვევს მათ?

- გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალურია სასუნთქი გზების ალერგიები, რომლებსაც ძირითადად იწვევს ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. წიწვოვან მცენარეებზე ალერგიები ცოტა უფრო ადრე, ზამთრის პერიოდიდან იწყება და აპრილში აღწევს პიკს. ზაფხულში კი ძირითადად სარეველა ბალახებისა და მწერების ნაკბენებისგან გამოწვეული ალერგიებია აქტუალური.

სარეველა ბალახები, რომელებიც შემოდის ივლისი-აგვისტოში, შეიცავს მოლეკულებს, რომლებმაც შეიძლება რესპირატორულ ჩივილებთან ერთად კანის სიწითლეც გამოიწვიოს. როდესაც ჩვენთან მოდიან პაციენტები, მათი 90% დარწმუნებულია, რომ ალერგია აქვთ ამა თუ იმ მცენარის ფოთლების მტვერზე, ბუსუსებზე, მაგრამ როდესაც გამოკვლევას ვატარებთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ წამყვანია ის ბალახი, რომელიც ხეების ქვეშ არის და არა ხის ფოთლების მტვერი.

ზაფხულობით, ალერგიულ რეაქციებს შორის ჭარბობს ცხვირში გაჭედვა, თვალების დაწითლება, ქავილი, ცემინება, ზოგიერთ შემთხვევაში სეზონური ასთმაც კი შეიძლება განვითარდეს

აუცილებლია, პერიოდულად ვაკონტროლოთ ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა ალერგიული დაავადებების კუთხით, რადგან ალერგიას ახასიათებს ე.წ. ალერგიული მარში, რაც გამოიხატება იმაში, რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე მწვავდება და ემატება ახალ-ახალი ჩივილები და თუ დროულად არ ჩავერიეთ, შეიძლება ჩამოყალიბდეს მწვავე ასთმაც, რაც ძალიან რთული დაავადებაა.

- ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომრავლდა ე.წ. მტრედის რწყილები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ ფრინველიდან ადამიანზე და შესაძლოა სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი გახდეს. რას გვეტყვით ამაზე?

- კონკრეტულად მტრედის რწყილები, ასეთი რამ არ არსებობს. აქ შეიძლება საუბარი იყოს ტკიპებზე, ქინქლებზე, რომლებიც გარემოშია და მტრედებთან ერთად მოხვდნენ კონკრეტულ ადგილას. რაც შეეხება მტრედთან დაკავშირებულ ალერგიებს, არსებობს საკმაოდ სერიოზული ელერგიული დაავადება, ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი, ფილტვის ქსოვილის დაავადება, რომელსაც იწვევს მტრედებთან მჭიდრო კონტაქტი. მაგრამ ეს დაავადება ემართებათ მათ, ვინც მტრედებთან მუშაობს.

დაავადება ვრცელდება მტრედის კანის ორგანული ნაწილების შესუნთქვით, ჩამოცლილი ეპითელიუმის ნაწილაკების სასუნთქ გზებში მოხვედრით, რაც ამ ფრინველებთან ძალიან მჭიდრო და ხშირი შეხების დროს შეიძლება მოხდეს და არა ისე, რომ უბრალოდ ჩაგვიფრინა. სხვათა შორის, მე ხშირად მიწევდა გერმანიაში ცხოვრება და მათ აივნებზე წვეტიანი რკინები რომ შევნიშნე, ვიკითხე, რატომ ჰქონდა უმრავლესობას ასე. მითხრეს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, მტრედები არ დასხდნენ და დაიბუდონო.

ევროპაში ძალიან დიდ პატივს სცემენ მტრედებს, კვებავენ, მაგრამ აივანზე ცხოვრებას და მჭიდრო ურთიერთობას ერიდებიან, რადგან იციან, რომ შესაძლოა, დაინფიცირდნენ

ამიტომ ძალიან ნუ მოვიშინაურებთ მტრედებს ჩვენს აივნებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ აგრესია გამოვხატოთ. ნებისმიერი ცხოველი თუ ფრინველი, გარემოსთვის სასარგებლო ფუნქციას ასრულებს.

- რომელი მწერების მიერ გამოწვეული ალერგიებია საქართველოში გავრცელებული და რა შემთხვევაში გვკბენენ ისინი?

- ესენია: ქინქლები, კოღოები, ფუტკარი, კრაზანა. საქართველოში არსებობს გარკვეული ჯიშის განსაკუთრებით საშიში კრაზანები, რომლებიც აჭარასა და რაჭაშია გავრცელებული, მათ ნაკბენს იმდენად ტოქსიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რომ შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ბევრი დაავადება არსებობს, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. მწერის მიერ მძიმე დაავადებების გადატანის ერთეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსრიდა. მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება და ტვინის ანთებითი პროცესი, რაც ტკიპის ნაკბენმა გამოიწვია.

მწერის ნაკბენი უფრო ხშირად რთულდება იმუნოდეფიციტის მქონე პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვკბენენ ისინი, ამაზე არსებობს გარკვეული კვლევები, ლიტერატურები. საერთოდ, მწერებს იზიდავს ჭრელი ტანსაცმელი, ტკბილი სუნამოები და კანზე გამოყოფილი ნივთიერებების ინდივიდუალური თავისებურებები - ისინი ოფლიან სხეულს უფრო ეტანებიან. ასევე, მწერებს იზიდავს კანზე გამოყოფილი შარდმჟავა და კეოტინი, რომლებიც აღმოჩნდა, რომ დიდი ოდენობით არის ისეთი ადამიანების კანზე, რომლებიც შიმშილობენ, ნაკლებს ჭამენ, მაგალითად დიეტის გამო. ასე რომ, მკაცრი დიეტა ისედაც არ არის მართებული და ამ მიმართულებითაც უნდა გავფრთხილდეთ.

- როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ტკიპამ გვიკბინა? როგორ მოვიშოროთ მწერი სხეულიდან უსაფრთხოდ?

- თუ ადამიანმა დაინახა საკუთარ კანზე ტკიპა, ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, ეს საკმაოდ საყურადღებო საკითხია. ტკიპა კანიდან თუ სწორად არ მოვიშორეთ, შეიძლება სერიოზულად გავირთულოთ მდგომარეობა. მწერის მოშორება უნდა მოხდეს ფრთხილად და შესაბამისი წესების დაცვით. თუ მას ამოვგლეჯთ, შეიძლება მისი ხორთუმი და ტოქსინი დარჩეს კანში. ამიტომ, ტკიპიან კანზე ჯერ უნდა გავიკეთოთ მარილიანი წყლის საფენები, დავიცადოთ ცოტა ხანს, შემდეგ წავისვათ ზეთი კანის ირგვლივ და ძალიან ფრთხილად ამოვიღოთ ტკიპა სხეულიდან.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ კორონავირუსისა და ალერგიული დაავადებების ურთიერთმიმართებაზე?

- ამ სეზონზე განსაკუთრებით მოიმატა ჭინჭრის ციებებმა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან. ევროპის ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა წლევანდელი კონგრესი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთა ინგლისელმა ალერგოლოგმა, რომელმაც ისაუბრა კორონავირუსისა და ჭინჭრის ციების ურთიერთმიმართებაზე.

ინგლისის მაგალითზე გაკეთებული კვლევის მიხედვით, კორნავირუსიანი პაციენტების 4%-ს ვირუსის სიმპტომების გამოვლენამდე აღენიშნებოდა ჭინჭრის ციება, 61 %-ს ეს დაავადება აღენიშნება კორონავირუსის მიმდინარეობისას, ხოლო 35%-ს ჭინჭრის ციება განუვითარდა კორონავირუსის დასრულების შემდეგ. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს?

- პირველ რიგში პრევენცია! უნდა მივაქციოთ ყურადღბა როდის არის დიდი ოდენობით მცენარეული მტვერი ჰაერში. ის ნაკლებია წვიამიან ამინდში და ხშირია ქარიან ამინდში. ძალიან ბანალურია, მაგრამ გამოსავალი ისევ ხელების ხშირ დაბანაშია, რადგან ხელებზე მცენარეული მტვერიც შეიძლება აღმოჩნდეს, ასევე, კარგი იქნება თუ ვატარებთ მზის სათვალეს, რათა მტვერი და სხვა ნაწილაკები არ მოხვდეს თვალების ლორწოვანში და არ გავრცელდეს მთელ ორგანიზმში.

თუ ალერგიული რეაქცია გამწვავდება, უყურადღებოთ ნუ დატოვებთ, მიმართეთ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოთ უფრო სერიოზული გართულებები.

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

26 წლის ანა ოსეფაშვილს, რომელიც ავთვისებიან სარკომას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"