ავტორი:

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული..." - პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული..." - პრემიერის კომენტარი გიორგი გაბუნიას საქმეზე

ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა დანაშაული აღიკვეთა.

"ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ინფორმაცია ღიად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს.

ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი.

გასაგებია, რომ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური პროცესის ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან.

სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენი სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს უსწრაფეს დროში და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა შეფასება.

სხვა ყველაფერს, რაც ფართოდ ისმის, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და გამოძიება ბოლომდე დასრულებული არაა. უნდა გვეყოს მოთმინება დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, - განაცხადა გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რომელი თანამდებობის პირები მოიხმარენ ყველაზე მეტ საწვავს და ვინ იხდის ყველაზე ძვირს ახალ ავტომობილებში - IDFI-ის კვლევა