ავტორი:

სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევები გახშირდება - მიებმება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა პირველს და რამდენად საჭიროა ახალი შეზღუდვები

სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევები გახშირდება - მიებმება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა პირველს და რამდენად საჭიროა ახალი შეზღუდვები

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გააქტიურდა მსჯელობა კორონავირუსის მეორე ტალღის მოახლოების თაობაზე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ შესაძლოა საქართველოში კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღები ერთმანეთს გადაებას.

რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება საქართველოში ვირუსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით და როგორ განვითარდება მეორე ტალღა? - ამ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ მართალია შეზღუდვების მოხსნამ შემთხვევების მატება გამოიწვია, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი ზომიერი და ლოგიკურია.

- სანამ შეზღუდვები მოიხსნებოდა, ჩვენ ფაქტობრივად, გვქონდა კორონავირუსის პირველი ტალღა მილევად რეჟიმში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა ეს არ არის ტრაგიკული მატება.

შემოდგომაზე რა სურათი გვექნება, ამაზე საუბარი ახლა ძნელია. თუმცა, მოლოდინი არის, რომ სექტემბრიდან უფრო გახშირდება ინფიცირების შემთხვევები

თუ კი ახალ ზელანდიაში თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ისევ გაჩნდა ვირუსის ახალი შემთვევები, ამისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული. უფრო სავარაუდოა, რომ იქნება მეორე ტალღა, მაგრამ როდის მოხდება ეს, დაზუსტებით ამის თქმა ძნელია. მთავარია დადგინდეს ვირუსის კერა, ზედმიწევნით იქნას შესწავლილი კონტაქტები" - აცხადებს ენდელაძე.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ვარაუდით, პირველი და მეორე ტალღა შესაძლოა ერთმანეთს ისე მიებას, რომ მათ შორის პაუზა არ იყოს. რაც შეეხება მკაცრი შეზღუდვების ხელახალი დაწესებისა და ქალაქების ჩაკეტვის საჭიროებას, კულუმბეგოვოვის თქმით, ასეთი სცენარი ამ ეტაპზე არ განიხილება.

- მატება ძალიან ზომიერი და ლოგიკურია. როცა მოხსნი შეზღუდვებს, შემთხვევების ოდენობა ცხადია მოიმატებს, რადგან ხალხის მობილობა გაიზარდა, ტრანსპორტით გადაადგილება აღდგა, რესტორნებში თავყრილობები განახლდა. შესაბამისად, ეს მატება არის თანაზომიერი და არანაირად საფრთხისშემცველი.

ჩვენი ქვეყანა ამას ძალიან კარგად მოუვლის და ამაში არ უნდა დავინახოთ ტრაგედია. გუშინ იყო 136 000 ახალი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, ისტორიული მაქსიმუმი. მართალია ძირითადად ეს შემთხვევები ლათინურ ამერიკაში არსებული პიკის გამოა გამოწვეული, მაგრამ არავის აქვს მოლოდინი, რომ შემთხვევები განულდება.

საერთოდ, მეორე ტალღაზე საუბარი მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც შემთხვევები განულდება და გარკვეული პაუზის შემდეგ, თავიდან დაიწყება ვირუსის გავრცელება, მაგრამ ასეთი სურათი ჩვენ, დიდი ალბათობით, არ გვექნება

შესაძლოა, პაუზა საერთოდ არ იყოს პირველ და მეორე ტალღებს შორის, ალბათ დუნე პირველი ტალღა იქნება და შემდეგ როგორც სინუსოიდა, რკალისებურად მოიმატებს შემთხვევები. შემოდგომაზე, როდესაც სახლებში შევალთ, ნაკლები განიავება იქნება, როგორც რესპირატორულ ვირუსებს ახასიათებთ, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელიც გაიზრდება.

რაც შეეხება მკაცრი შეზღუდვების შემოღებას, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, ჩვენი მატერიალური ბაზისთვის, მკაცრი შეზღუდვების ხელახლა შემოღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ საქართველოში ყოველდღიურად 100 შემთხვევა იქნება. სხვა შემთხვევაში არანაირ ქალაქების ჩაკეტვაზე არ არის საუბარი. ეს მინდა ვთქვა ხაზგასმით, ამ საკითხს მე საერთოდ არ განვიხილავ, რადგან ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი" - ამბობს AMBEBI.GE -სთან ბიძინა კულუმბეგოვი.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე, მიიჩნევს რომ, მკაცრი შეზრუდვების დაბრუნების შესახებ საუბარი ხელოვნურად წამოჭრილია და გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

- ახლა რაც არის ეს მაჩვენებელი, შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით, ძალიან დაბალი ციფრებია. მკაცრი შეზღუდვების დროს, ბევრად მაღალი მაჩვენებელი იყო. პირიქით გასამხნევებლად გვაქვს საქმე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არის მოლოდინი, თითქოს მეორე ტალღა გარდაუვლად უნდა დადგეს, რაც არასწორია.

შესაძლებელია სულაც არ დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის შემდგომი ტალღა და საერთოდ ეს ტალღების დაყოფა, ძალიან პირობითი ცნებაა

რაც შეეხება ქალაქების ხელმეორედ ჩაკეტვას და ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, ამაზე აპელირება ხელოვნური მგონია, აშკარად გარკვეულ პოლიტიკურ სარჩულს ატარებს განსაკუთრებით იმაზე საუბარი, რომ არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. ახლანდელი მოცემულობით, იმაზე საუბარი, რომ თავიდან დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები, არის პოლტიკურად მოტივირებული განცხადება.

ჯერ ერთი ვინ იცის ოქტომბერში რა ვითარება იქნება, მეორეც არჩევნების მოდელი ძალიან უსაფრთხოა, თითო კაცი შედის კაბინაში და თუ იქნება დაცული შესაბამისი წესები, საფრთხე არ იარსებებებს. ამ ისტერიის ატეხვა არაპროფესიონალიზმი და გამიზნული ქმედებაა" - მიიჩნევს სერგო ჩიხლაძე.

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - გიორგი ფხაკაძე

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს