ავტორი:

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

ზაფხულში ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, იმდენად, რომ გართობასთან ერთად, შემეცნებითი აქტივობებით დაკავებას და არდადეგების ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ. ამაში კი, ჩვენი - უფროსების დახმარება დასჭირდებათ. 6-8 წლის ბავშვების წიგნთან დამეგობრება მნიშვნელოვანია, ამისთვის მათ ჩვენი რეკომენდაციები დაეხმარება. შეგვიძლია, გავიხსენოთ, თავად რას ვკითხულობდით ამ ასაკში და მოვუყვეთ ჩვენი გამოცდილებისა და ემოციების შესახებ. ამით პატარებს ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო გავუმძაფრებთ.

გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც ბავშვებს საზაფხულო არდადეგების სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებაში შეუწყობს ხელს:

ვინი პუჰის თავგადასავალი

ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს წიგნში მოთხრობილ ამბებს.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში; რა ნახა ელისმა სარკის მიღმა

აბსურდის ჟანრის ლიტერატურის შედევრებად აღიარებულ ამ ნაწარმოებებში, რომლებიც უხვადაა გაჯერებული მათემატიკური, ლინგვისტური თუ ფილოსოფიური ხუმრობებითა და ილუზიებით, მოთხრობილია პატარა გოგონას ელისის ამბავი, რომელიც ხვდება უცნაური არსებებით დასახლებულ წარმოსახვით სამყაროებში. ავტორის მიერ შემოთავაზებულმა თხრობის სტილმა და სტრუქტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხელოვნების მრავალ დარგზე.

"ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ პირველად 1864 წელს გამოიცა. წიგნი ინგლისელმა მხატვარმა და კარიკატურისტმა სერ ჯონ ტენიელმა დაასურათა. ტენიელსვე ეკუთვნის ლუის კეროლის მეორე ნაწარმოების, „რა ნახა ელისმა სარკის მიღმა“, ილუსტრაციები. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ დავით ახალაძის თარგმანის გასაფორმებლად სწორედ ეს ილუსტრაციები გამოიყენა.

პატარა პრინცი

„პატარა პრინცი“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა 1944 წელს ფრანგული რევიერის თავზე ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა და თავადვე დაასურათა. ეს არის ზღაპარი-იგავი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარზე: ჩვენს პალნეტა დედამიწაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე, სიყვარულსა და მოვალეობაზე... და კიდევ, სილამაზეზე.

ნეტავ, მალე გავიზრდები?!

არ დაგვავიწყდეს ლექსებიც, რომლითაც ბავშვები ენას გაიტეხენ."ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან.

კოსმოსი

ეს არის წიგნი მოძრავი ჩანართებით, რომლის საშუალებითაც, ბავშვები აღმოაჩენენ კოსმოსის საოცრებებს დედამიწის ორბიტიდან შორეულ გალაქტიკებამდე.

ამ წიგნიდან შეიტყობენ, რა პროცესი მიმდინარეობს ვარსკვლავების წიაღში, რას წარმოადგენს პლანეტები და როგორ არის აგებული კოსმოსური ხომალდი. გაეცნობიან საოცარ ფაქტებს და დაათვალიერებენ ილუსტრაციებს, რომელთა საშუალებით, ჩვენს საოცარ სამყაროს უკეთ გაიცნობენ.

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“ –აკა მორჩილაძის ნაწარმოებები „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოიცა