ავტორი:

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც ოფიციალურად აქვთ მილიონერის სტატუსი. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

მწერალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვდა პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია". ჩხეიძისთვის ეს პირველი დეპუტატობა არ ყოფილა, მანამდე, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (1999-2004 წლებში) "საქართველოს აღორძინების" პარტიული სიით.

2018 წელს ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად პოზიციონირებდა პარლამენტში. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნიკა მაჭუტაძის პარტიის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თავჯდომარედ აირჩიეს.

ნატო ჩხეიძე პროფესიით ექიმია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. თითქმის ყველა ინტერვიუში, სადაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებიან, ყვება, რომ არა ზაზა ოქუაშვილი, ალბათ გასათხოვარი დარჩებოდა.

მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად

"ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით, ზაზა სამი წლით ჩემზე უმცროსია, ჩემი სტუდენტი იყო. მის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვიყავი, მაღალ ნიშნებს არ ვუწერდი, მაშინ ძალიან ობიექტური ვიყავი. მერე კი გავხდი სუბიექტური, როცა ზაზა ჩემი სტუდენტი აღარ იყო - ცხოვრებაში, ძირითადად ხუთების დაწერა მიწევდა" - ამბობდა წლების წინ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

როდესაც ზაზა ოქუაშვილზე ოფიციალურად იქორწინა, ნატო ჩხეიძე პათანატომიის კათედრაზე ექიმად მუშაობდა. წყვილი ქალის მშობლების ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობდა.

90-იან წლებში საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და საბურთალოზე ზაზა ოქუაშვილმა თონე გახსნა. 1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა "ომეგა ჯგუფი", რომელიც მოიცავს, როგორც ავტოკომპანიების წარმომადგენლობებს საქართველოში, ასევე სიგარეტების წარმოების ბიზნესს. წყვილმა 90-იანი წლების ბოლოს ერთობლივად დააფუძნა ტელეკომპანია "იბერია", რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.

ჩხეიძე და ოქუაშვილი "იბერიას" ყოფილ თანამშრომლებთან ერთად

ნატო ჩხეიძე ხშირად იხსენებს იმასაც, რომ მეუღლეს სამჯერ დაშორდა და სამჯერვე თავიდან დაიწყეს ცხოვრება - ზაზა ოქუაშვილი მეუღლის მიერ წამოწყებულ არცერთ გაყრის პროცესზე არ მისულა.

ნატო ჩხეიძესა და ზაზა ოქუაშვილს დაქორწინებიდან 12 წელი შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ სამკურნალოდ, აეროპორტის გზაზე ნატო ჩხეიძემ ქმარს უთხრა, რომ შესაძლოა შვილი იმიტომ არ ჰყავდათ, ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. ჯვრისწერა იმავე დღეს, სამების ტაძარში შედგა.

ნატო ჩხეიძისა და ზაზა ოქუაშვილს ორი ვაჟი - რატი და გიორგი, 1998 და 2000 წლებში მოევლინენ ქვეყანას. ბიჭები 15 წლის ასაკში სასწავლებლად ლონდონში გაუშვეს, თუმცა საქართველოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტიათ და ხშირად ჩამოდიან. 2019 წლის ივნისის აქციებზე დედას რუსთაველზეც ახლდნენ. ჩხეიძე-ოქუაშვილის წყვილი ლონდონში 170 კვ. მ. ფართობის ბინას ფლობს.

ძმასთან, მწერალ როსტომ ჩხეიძესთან ერთად ივნისის საროტესტო აქციებზე

ბიჭებთან ერთად ცხოვრობს მამაც - ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში საქმეა აღძრული. ნატო ჩხეიძე კი ინტერნეტით ეკონტაქტება შვილებს და პოლიტიკაში ჩართულობის გამო, მათთან ხშირად ჩასვლას ვერ ახერხებს.