ავტორი:

"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

"აწუხებდა სრულწლოვანი ტიპი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაყვებოდა..." - მამა 15 წლის ქალიშვილის დაცვას სამართალდამცველებს სთხოვს

იურისტი და ფინანსისტი ვახო ჭუმბურიძე მის 15 წლის ქალიშვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე წერს. მისი თქმით, მოძალადისგან შვილის დაცვის მიზნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართა, თუმცა ორი კვირაა მათგან არანაირი შედეგი არ მიუღია, არასრულწლოვან გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა კი ამ ხნის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე განხორციელდა:

"თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს - გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია).

უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშვთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )

მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.

ახლა მთავარი: 6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა... და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა)

რა გავაკეთე მე, როდესაც ეს ამბავი გავიგე?

- დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან. დამთანმხდა. შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა. კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო.

მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ. ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს "პადიეზდთან" ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში. გამასწრო ამ ნაბიჭვარმა... რა გავაკეთე? მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე, გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება.

აი, აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება.

12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება - ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს, წაშლის, ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის -0. გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს, პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო.

მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ.

პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ, რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა, ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ, სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით, ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა, ხან გვიღიმოდა - მიზანმიმართულ პროვოკაციას ასრულებდა.

ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით... და მე რა გავაკეთე?

ისედაც დასტრესილი ბავშვი, ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად, რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი. კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით.

ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია, ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ალბათ ყველა მიხვდება, მე რისი გამკეთებელი ვარ. დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში, შესაბამისად, რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს?

გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი.

ამ საქმეს ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს. ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან მოვითხოვ თქვენს დახმარებას, ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ

P.S.რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს - მადლობა ამისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა - თუ თქვენ ვერ დამიცავთ, მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს, წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ" - წერს ჭუმბურიძე.

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან

"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

როგორ გამოიყურებოდა 23 წლის წინ ნანიკო ხაზარაძე - ტელეწამყვანის ფოტოები გაგაოცებთ