ავტორი:

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

ჩრდილოეთ კავკასიაში ქალთა პრობლემები, განათლების მიღების თუ სხვა კუთხით მათი უფლებების შელახვა, ახალი არ არის. თუმცა ამბავი, რომელსაც 12 წლის დაღესტნელი გოგონა ჰყვება, თავად ჩრდილო კავკასიელებისთვისაც კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

გოგონას დედა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისმა მეორე ქმარმა, გერი ძალის გამოყენებით წაიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც მოზარდის "ექიმებს" ის გენიტალიების დასახიჩრებისას კინაღამ შემოაკვდათ.

"ჩემი გოგონა ქმარმა ცოცხალ-მკვდარი მოიყვანა. რომ არა ჩემი მეზობელი და ახლობელი ექთანი ქალი, რომელმაც ბავშვი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა, არავინ იცის, ეს მერამდემე შემთხვევა იქნებოდა, რომელიც ამ არაადამიანურ ტრადიციას შეეწირა...

ჩემი ქმარი კი ჯიუტად იმეორებდა, რომ რაღაც დროის შემდეგ, საქმე სისრულეში უნდა მოეყვანა. მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე. გთხოვთ, ნუ შეეგუებით ამ სიმახინჯეს, იყვირეთ როგორც შეგიძლიათ, თუნდაც ეს თქვენი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, რომ მას ვკარგავდი. ბავშვს ალბათ ფსიქიკა სამუდამოდ დაუმახინჯდა" - წერს 35 წლის ასია სოციალურ ქსელში.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, საუბარია ქალთა წინადაცვეთაზე. მხოლოდ დაღესტანში, ერთი წელიწადში სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო “ქირურგიული ოპერაციის" 1300-ზე მეტი შემთხვევა ტარდება.

ეს პრაქტიკა ინგუშეთსა და ჩეჩნეთშიც წლებია არსებობს და ასაკოვან ქალებშიც გვხვდება. უფრო ადრე, გამოცემა კიდევ ერთი ქალის ისტორიაზე წერდა. მათი ცნობით, ჩეჩნეთიდან ინგუშეთში გადაიყვანეს 9 წლის გოგონა. მამამ ქირურგიული მანიპულაციებისთვის საბავშვო გინეკოლოგთან, მაგასის კლიკინაში მიიყვანა... იურისტების თქმით, ბავშვის წინადაცვეთაზე პასუხისმგებლობა მის ექიმსა და კლინიკის ხელმძღვანელობას ეკისრება, მაგრამ სხვა საკითხია, საერთოდ გამოიძიებენ თუ არა საქმეს" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ქალის წინადაცვეთა სასტიკი ტრადიციაა, რომელიც სასტიკად არღვევს ადამიანის უფლებებს მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის შესახებ... არსებული ინფორმაციით, ისლამურ სამყაროში 140 მილიონზე მეტი ქალი ხდება მსგავსი ტრადიციის მსხვერპლი, რაც ნიშნავს, რომ რეალურად უფრო მეტია, რადგან ასობით ათას ქალს მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობა არ აქვს. დაახლოებით იგივე რაოდენობის ბავშვი, გოგონა სასტიკი ექიმების მსხვერპლი გახდა და დაიღუპა...

ჩრდილო კავკასიელი ჟურნალისტი აიდა გაჯიევა მის მიერ მომზადებულ სტატიაში წერს, რომ მან თავად გამოსცადა ეს სისასტიკე ჯერ საკუთარი მშობლებისა და შემდეგ ექიმებისგან, როდესაც ინგუშეთში გათხოვდა. მისი თქმით, ეს არაადამიანური პროცედურა საქმრომ მის ცოლად მოყვანამდე მოითხოვა.

"ამ საშინელი ტრადიციის ინიციატორები ინგუშეთში, ძირითადად, გოგონას მამები არიან... კლინიკის ცივსისხლიანმა ექიმმა ცოცხალ-მკვდარი ისე გამომისტუმრა, არც კი უკითხავს, ფეხზე დგომა შემეძლოა თუ არა..." - იგონებს გოგონა.

ოფიციალურად, ეს ოპერაცია ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებებში დაშვებული არ არის, მაგრამ თითქმის ყველა კლინიკაში, ამ პროცედურისთვის "იატაკქვეშა" ადგილია გამოყოფილი.

"ძირითადად, წინადაცვეთას უკეთებენ გოგონებს, რომლებიც უმამოდ იზრდებიან, ასეთ შემთხვევაში მათზე "ზრუნავენ" ან მამინაცვლები, ან გარდაცვლილი მამის ნათესავი მამაკაცები ან ბიოლოგიური მამები, რომელთაც სხვა ოჯახები ჰყავთ..." - წერს გამოცემა.

ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას ახლობელი ქალის სედას თქმით, "ამ ოპერაციას ქორწინებაში მყოფ ქალებსაც უკეთებენ, მაგრამ ამის შესახებ ვერავინ იგებს, ამის შესახებ ის ქალები არ საუბრობენ, რადგან ნორმალურ ფაქტად მიაჩნიათ, არ თვლიან, რომ აქ მათი უფლებები ირღვევა".

kavkaz-uzel.eu–ს ცნობით, ჩრდილო (და არა მხოლოდ) კავკასიაში წინადაცვეთის თემა ტაბუდადებულია. ჩეჩნეთში 50 ქალიდან ერთი წინადაცვეთილი აღმოჩნდა. 69 წლის ამინატი იხსენებს, რომ ბავშვობაში, ადგილობრივმა ბებიაქალმა ჩაუტარა "ქირურგიული ოპერაცია" და მან თავისი ქალიშვილები და ნათესავი გოგონებიც მასთან მიიყვანა. "მე თანამედროვე ქალებსაც ვურჩევდი ამის გაკეთებას" - ამბობს ის.

ადგილობრივი აქტივისტი, ჟურნალ Даптар-ის რედაქტორი სვეტლანა ანოხინა გამოცემასთან საუბარში ჰყვება, რომ ის თავად შეხვედრია მუფტის ცოლს, რომელსაც ამ პრობლემაზე ესაუბრა.

"ის კი, ისეთი სახით მისმენდა, თითქოს პირველად ესმოდა ამის შესახებ... მე ისე ვუყვებოდი, თითქოს მისი მჯეროდა და შევთანხმდით, რომ ღვთისნიერი მუფტები ან საკითხს განიხილავდნენ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ" - აცხადებს ანოხინა, რომლის თქმითაც, არაერთი დასახიჩრებული თუ დაღუპული გოგონას საქმის არსებობის მიუხედავად, არც ერთ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა

ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში 4 მლნ მეორედ მოიგო - "წარმატება ხურდა ფულმა მომიტანა, რომელიც მამამ 10 წლის წინ მაჩუქა“

დონალდ ტრამპმა რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეაჩერა - ვის შეეხება შეზღუდვები