ავტორი:

ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"

ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"

სოფელი ქოლობანი აბაშის ცენტრიდან 7 კილომეტრშია. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ჩვენი ახალი ამბის გმირი მარინა მიქაძე. პროფესიით მედდაა, 40-წლიანი სტაჟი აქვს. მუშაობა 20 წლისას დაუწყია... გარდა იმისა, რომ თავის პროფესია ძალიან უყვარს, ცხოვრების მანძილზე ფერმერობაც შეუყვარდა, რომელიც ასევე წლების წინ წამოიწყო და ახლა ამ ორ საქმეს დროს და ენერგიას უნაწილებს. ქალბატონი მარინა დილიდან გვიანობამდე შრომობს, რაც ცხადია, არ არის ადვილი, მაგრამ ეს უკვე მისი ცხოვრების წესია. ამასთან, სხვანაირად არაფერი გამოვა და უსაქმოდ ყოფნა არც შეუძლია.

„აბაშის საავდმყოფოში, ქირურგიაში ვმუშაობდი, 14 წელია, რაც ქოლობნის საექიმო ამბულატორიაში გადმოვედი. 40 წლის სტაჟი მაქვს. სამი თვის იყო ჩემი მეოთხე შვილი, სამსახური რომ დავიწყე,“ - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ოთხი შვილის დედა და 8 შვილიშვილის ბებიაა. ოჯახი, რომლის დიასახლისიც ქალბატონი მარინაა, საოჯახო მეურნეობას ეწევა. აქვთ სათბური, უვლიან ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს.

„გვაქვს 2 სათბური და ახლა ორივე გამზადებულია იმისთვის, რომ პომიდვრის რეალიზაცია დავიწყოთ. სათბურში მოგვყავს ასევე კიტრი, ბულგარული წიწაკა. ეს, რაც იქ ეტევა და დანარჩენი, რაც ოჯახისთვის საჭირო პროდუქტია, უკვე სათბურის გარეთ გვაქვს დათესილი და დარგული. ჰო, სათბურში კიდევ მაქვს უეკლო ჟოლო გაშენებული, ისე, რომ ბულგარულებზე ზემოდან გადადის... საყიდლად გარეთ თითქმის არაფერზე გავდივართ, ყველაფერი ჩვენი მოგვყავს და ვიწევთ... ვუვლთ 20 სულ ძროხას, აქედან 8 მეწველია, გვყავს 40 ღორი, კურდღლები, ცხვრები, 50 ფრთა ქათამი, ქათმებს გასაყიდად ვერ ვიმეტებთ, ბევრნი ვართ და ჩვენვე გვჭირდება. გვყავს ასევე იხვები, ბატები, ციცრები“ - გვიყვება მარინა მიქაძე.

- ამ საქმის სათავეში თქვენ ხართ, მეურნეობას უძღვებით, მაგრამ შრომას თქვენთან ერთად კონკრეტულად ვინ ინაწილებს?

- საქმე ბევრია და ჩემთან ერთად შრომობენ ოჯახის წევრები - მეუღლე, რძალი, შვილი, შვილიშვილები. დღე იწყება ადრე, დილის 5 საათზე. ვწველით ძროხებს და მერე ვაგვარებთ ყველა იმ საქმეს, რაც ამ პროცესს შემდეგ მოჰყვება და სჭირდება, მერე სათბურში ვიწყებ შრომას, - სარწყავი სისტემა კი დავამონტაჟე, მაგრამ დიდი ნაყოფი აქვს პომიდორს, კიტრს, ბულგარულს და სისტემა ვეღარ ერევა, ამიტომ, მე და ჩემს რძალს ხელით გვიწევს ხოლმე მორწყვა. სათბურში ყოფნა დილის 11-ის ნახევრამდეა შესაძლებელი, მერე იქ გაჩერება არ შეიძლება. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული უკვე გვიანობამდე ვმუშაობ იქ... სულ შრომაში ვარ, ხომ გეუბნებით, 20 წლის ვიყავი სამსახური რომ დავიწყე და არ გავჩერებულვარ...

კარიერის დასაწყისში, ასეთი ფაქტი მომიხდა, - ავადმყოფისთვის პენიცილინი უნდა გამეკეთებინა და მხოლოდ გამხსნელი - ნოვოკაინი გავუკეთე. პალატიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ავტირდი. უფროსმა მედდამ მკითხა - რა გატირებსო? ჩემი შეცდომის შესახებ ვუთხარი და იქვე ვკითხე, - რამე ხომ არ დაემართება-მეთქი? - არაფერი, მითხრა მან, მაგრამ შეგყვები და შენი შეცდომა შენვე უნდა გამოასწოროო. პალატაში შესულმა პაციენტს ვუთხარი, რაც დამემართა. მან კი თბილად მომიგო - მოდი, ბიძია, გამიკეთე ნემსი, მაგაზე შენ არ ინერვიულოო. იმ დღიდან მოყოლებული, თუ ამპულა ჩემი თვალით არ ვნახე და ყველაფერს კარგად არ შევხედე, არავის ვენდობი. სულ მინდა, რომ შეცდომა არც პროფესიაში და არც სხვა საქმეში დავუშვა. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ნებისმიერი საქმე, რასაც გულით ვაკეთებ... ქოლობანში, ჩემს ხალხს ღმერთმა ნუ დააჭირვოს, ყველა ჯანმრთელად იყოს, მაგრამ არავის დავზარდები და არც დავზარებივარ, პაციენტთან ფეხითაც წავსულვარ, ცხენით, ველოსიპედით და „ტაჩკით“, რომ დავხმარებოდი... ამდენი საქმეა სახლში და ავადმყოფმა რომ დამიძახოს, ყველაფერს მივატოვებ, ჩემს საქმეს გავაფუჭებ და მაინც წავალ, არ მივატოვებ... ჩემი მშობლებისთვის დედისერთა შვილი ვარ, დედ-მამისგან განებივრებულიც, მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლო და 4 გავაჩინე, გავმრავლდი, საქმეს და შრომას თავიდანვე შევუდექი, მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად არის! მართლაც იმდენი საქმის გაკეთება მიწევს დღის განმავლობაში არ მახსოვს, დავმჯდარიყავი და საჭმელი ნორმალურად მეჭამა, სულ სირბილ-სირბილში ვარ, მუდმივად მეჩქარება, ერთ ადგილზე უსაქმოდ გაჩერება არ შემიძლია... ამხელა მეურნეობის მიუხედავად მიყვარს ქოთნის ყვავილებიც და მაქვს უკარგესი ყვავილების 200 ქოთანი.

- „მეგრული ეზოები“ გამორჩეული და ულამაზესია. თქვენთან ეზოდან იწყება ოჯახში საქმიანობა - ამის მაღალი კულტურაა სამეგრელოში და საერთოდ, დასავლეთში.

- ეზოში ულამაზესი შავი ვარდი მაქვს გაშენებული, რომელსაც ასევე ვუვლი... 10-ზე სამსახურში უნდა ვიყო, მერე ოჯახის წევრები აგრძელებენ შრომას, ზოგჯერ კი მეცოდებიან, მაგრამ იმდენი საქმეა, რა ვქნათ?!

- ყველიც ამოგყავთ?

- კი, ყველს აბაშის ბაზარს ვაბარებთ. მხოლოდ კვირა დღეს არის იქ ბაზრობა. კარანტინის პერიოდში გადამყიდველები ჩვენთან მოდიოდნენ. ამ ბაზარში ჩამოდიან ფოთიდან, ბათუმიდან, თბილისიდან და პროდუქტებს ყიდულობენ.

- სულგუნს აკეთებთ?

- სულგუნს დიდი დრო უნდა, თუმცა ვაკეთებთ, მაგრამ გასაყიდად არა. ოჯახს ელარჯი და სულგუნი რატომ უნდა მოაკლდეს, როცა ამდენი ძროხა გვყავს?!

- რაიმე სახელმწიფო დახმარებით ხომ არ გისარგებლიათ?

- სათბურების შემთხვევაში შეღავათიანი კრედიტი მქონდა აღებული, რითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ შარშანწინ დიდი ქარი რომ იყო, სათბურს გადახადა და მერე უკვე ჩემი სახსრებით თვიდან გადავხურე.

- ამხელა შრომას ეწევით და ასეთი გამოცდილება გაქვთ დაგროვებული. რას ურჩევდით და ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- დედისერთა ვიყავი და საქმე მანამდე არც მიკეთებია, მაგრამ ოჯახმა, გარემომ, აუცილებლობამ და ცხოვრებამ ეს მეურნეობა დამაწყებინა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შევძელი და გამომივიდა... თუ მოინდომებენ, ყველაფერს გააკეთებენ, შეუძლებელი არაფერია. ზოგჯერ ახალგაზრდას რომ დავინახავ, უსაქმოდ რომ დგას, ვფიქრობ, რატომაა გაჩერებული, ამან რაღაც თავის სახლში რომ გააკეთოს, სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?! ასე რომ, ჩვენ ჩვენი საკვები და საკმარი ყველაფერი გვაქვს, რასაც საკუთარი ხელით და ოფლით მოვიპოვებთ. გაჩერებას არ ვაპირებთ და ახლა სახელმწიფოსგან დახმარების იმედიც მაქვს.

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე