ავტორი:

"ჩემი შვილი სისხლიანი იყო, სახეზეც ეტყობოდა ცემის კვალი" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ჩეჩენი გოგონას ამბავი, რომლის დედასაც კადიროვისთვის ბოდიში მოახდევინეს

"ჩემი შვილი სისხლიანი იყო, სახეზეც ეტყობოდა ცემის კვალი" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ჩეჩენი გოგონას ამბავი, რომლის დედასაც კადიროვისთვის ბოდიში მოახდევინეს

23 წლის ჩეჩენი მადინა უმაევას სიკვდილი ბოლო დღეებია რუსული მედიის საუბრის მთავარი თემაა. სამი შვილის დედა, 12 ივნისს სავარაუდოდ, ოჯახურ ძალადობას შეეწირა და ქმრის ოჯახმა ის იმავე ღამეს დაასაფლავა, რაც ჩეჩენი ხალხის თქმით, ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

შემთხვევას ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა, საქმეში ჩაერთო ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გარდაცვლილის დედამ, ხუტმატ დავლეტმირზაევამ კადიროვსა და ქვეყანას ბოდიში მოუხადა "არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო". ეთერში გავიდა მისი ჩანაწერი, სადაც შვილმკვდარი ქალი ამბობს, რომ მან ინფორმაცია ძალადობის შესახებ უცნობისგან მიიღო, რომელმაც ტელეფონით აცნობა, რომ მის ქალიშვილს ქმარი სასიკვდილოდ სცემდა...

"ვერსია, რომელიც მე ტელეფონით მომაწოდეს, თითქოს ჩემი სიძის სახლიდან მუდმივად ჩხუბისა და ყვირილის ხმები ისმოდა, სიმართლე არ აღმოჩნდა, არც ის, რომ ჩემს შვილს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ყველას ბოდიშს ვუხდი ჩემი გამოსვლისთვის" - ამბობს ქალი სატელევიზიო მიმართვაში...

თუმცა, თავდაპირველად გარდაცვლილის დედა ამტკიცებდა, რომ მის შვილს სხეულზე ჭრილობები, ნაიარევები და სისხლჩაქცევები ეტყობოდა და დიდი ალბათობით, ის მწვავე სისხლდენისგან გარდაიცვალა.

ხუტმატ დავლეტმირზაევამ სოციალურ ქსელში განგაში ატეხა, რომ შვილი მოუკლეს, რომელიც სამ შვილთან და ქმრის ოჯახთან ერთად, გუდერმესში (გროზნოს შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი ჩეჩნეთში) ცხოვრობდა. ქალის თქმით, ის რომ ქმრის ოჯახმა 23 წლის მადინა გარდაცვალების ღამეს დაასაფლავა, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ეჭვს იწვევდა, რომ გოგონა ქმარს ცემისას შემოაკვდა.

ადგილობრივმა საგამოძიებო კომიტეტმა, უმაევების ოჯახის მოთხოვნით გვამის ექსჰუმაცია ჩაატარა. საქმის კურსში იყო ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც, რომელიც გუდერმესში ჩავიდა, იქაურ ადმინისტრაციას შეხვდა და თქვა, რომ "საქმე პირად კონტროლზე აიყვანა".

"მე ვნახე ჩემი შვილის ცხედარი, როდესაც ის საფლავიდან ამოიყვანეს... იქ იყო რუსული მედია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ჩემი გოგონა სისხლიანი იყო, სახეზეც ეტყობოდა ცემის კვალი. ამიტომაც იყო მისი ქმარი ექსჰუმაციის კატეგორიული წინააღმდეგი" - ამბობდა ხუტმატ დავლეტმირზაევა Кавказский Узел-თან საუბრისას და დასძენდა, რომ მისმა შვილმა არაერთხელ სცადა მოძალადე ქმრისგან გაქცევა.

გარდაცვლილის ქმარი ვისხაჯი ხამიდოვი

"თუმცა, ოფიციალური დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ გარდაცვლილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და გოგონას დედა იძულებული გახდა, "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის, რამზან კადიროვისთვის ბოდიში მოეხადა. კადიროვი დავლეტმირზაევას იმ ინფორმატორის დასახელებას სთხოვდა, ვინც მას ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი ბრძანება გასცა, ქალისთვის სამივე შვილიშვილი წაერთმიათ და მამის, ვისხაჯი ხამიდოვისთვის გადაეცათ..." - წერს გამოცემა.

როგორც უფლებამცველი სვეტლანა განუშკინა წერს, გვამის ექსჰუმაცია ჩეჩენ მოსახლეობაში დაწყებული პროტესტის ჩასაწყნარებლად ჩატარდა, თუმცა, ცალკე საკითხია, მისი ობიექტურობა.

"კადიროვის ხელისუფლებას, ცხადია არ აწყობდა საქმის გამოძიება, მით უფრო, რომ მოკლული ქალის ქმარი სამხედრო პირია და ეს ხელმძღვანელობის "რეიტინგზე" აისახებოდა. ამასთან, გამოძიება და მისი დასჯა ბიძგს მისცემდა სხვა ქალებსაც, ამოეღოთ ხმა ოჯახური ძალადობის წინაააღმდეგ, ამიტომ საგამოძიებო კომიტეტმა გააყალბა მონაცემები" - მიიჩნევს უფლებადამცველი.

შემთხვევას გამოეხმაურა ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც კადიროვის ხელისუფლებისგან დევნის გამო ჩეჩნეთიდან რამდენიმე წელია გაიქცა. ის დარწმუნებულია, რომ მადინა უმაევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და გამოძიებას სიმართლის გამოვლენა არ აწყობს. მისივე თქმით, ჩეჩნეთში კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის ამბავი მიჩქმალეს.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში რამზან კადიროვმა მიიღო გადაწყვეტილება 207 დასაოჯახებელ ჩეჩენ მამაკაცს სახელმწიფო 50-50 000 რუბლით დახმარებოდა, რათა პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, მათ საპატარძლოების "გამოსყიდვა" მოეხერხებინათ.

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს