ავტორი:

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

პანდემიამ ადამიანებს ცხოვრების სტილი შეუცვალა. მაგალითად, მუსიკოსები, მომღერლები დღემდე გაჩერებულები არიან, კონცერტებს ვერ მართავენ და როგორც მათთან საუბრებიდან ვიგებთ, აუდიტორიასთან კონტაქტი, აპლოდისმენტები ენატრებათ. მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს პანდემიის პერიოდმა ახალი მუსიკალური კლიპის გადაღებაში ხელი შეუშალა და მისი გადაღება მხოლოდ 2 კვირის წინ მოახერხა.

როგორც მომღერალი გვეუბნება, მას მაყურებელი „პროფილში“ იხილავს, მანამდე კი ახალ ვიდეოზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა. ამასთან იმაზე, როგორ გაატარა თვითიზოლაციის პერიოდი და კიდევ რაში შეუშალა ხელი გლობალურმა პანდემიამ..

„ჩვენს საოცარ კომპოზიტორს, მუსიკოსს დათო ევგენიძეს აქვს „მუსიკალური სკივრი“, სადაც უამრავ თავის შესანიშნავ სიმღერას ინახავს. მათგან უმეტესობა მსმენელმა არც იცის, რაც დიდი შეცდომაა... ჩვენ ვმეგობრობთ და ერთხელაც, მასთან სტუმრობისას, კლავიშთან დაჯდა, როგორც იცის ხოლმე და უკრავდა იმ თავის შესანიშნავ სიმღერებს. ბევრი მელოდია მოვისმინე, მათ შორის, ისიც რაზეც ცოტა ხნის წინ კლიპი გადავიღე. ინგლისური ტექსტი ჰქონდა, მოკლედ, დათომ ეს სიმღერა მაჩუქა და წარმატებები მისურვა. ხომ ვამბობ, ის არსად გაჟღერებულა, თაროზე შემოდებული სიმღერებიდანაა, რაც, ვიმეორებ, ძალიან სამწუხაროა. როდესაც ჩაწერა გადავწყვიტე, ვუთხარი, - ქართული ლექსია საჭირო-მეთქი. ღამით დაუწერია და დილით გამოგზავნილი დამხვდა... ერთი წლის წინ „ბრავო რეკორდში“ ასევე პროფესიონალ ალეკო ბერძენიშვილთან მე და ბენდი „ფაივი“ მივედით და ჩავწერეთ,“ - გვეუბნება ნოდიკო ტატიშვილი. მომღერალი ამბობს, რომ ვიდეორგოლის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ისევე როგორც მისი ყველა ბოლოდროინდელი კლიპის ავტორი.

„ჩემი მეგობარი, საოცარი პროფესიონალი რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი, გარდა იმისა, რომ თანამედროვე, მოაზროვნეა, ძალიან კომფორტული ადამიანია... მის გარეშე ჩემი კლიპი ვერ წარმომიდგენია. ყოველ ჯერზე ენერგიას არ იშურებს. მთავარ ოპერატორად ლევან ლეკიაშვილი (ბუდა) მოვიწვიეთ, დრონზე იმუშავა დათო თევზაძემ (თევზმა). ჩემთან ერთად კლიპში მონაწილეობს გოგონა, წითური, ცისფერთვალა, რადგანაც სიმღერა არის ცისფერთვალა გოგოზე. ის ია კიწმარიშვილის სამოდელო სააგენტოში აღმოვაჩინეთ. ახლა კადრებს რომ ვუყურებ, არაჩვეულებრივად ითამაშა, ძალიან დამაჯერებელი იყო. ასე რომ, ელენე ეპიტაშვილი პროფესიონალი უნარებით დახუნძლული და ნიჭიერი გოგოა. დიდ წარმატებას ვუსურვებ და ზუსტად ვიცი, ეს კლიპი რომ გამოვა, კიდევ ბევრი მიიწვევს, რადგანაც კარგი და საინტერესო, მეტყველი სახე აქვს“.

გადაღებები მარტყოფი-ნორიოს ადგილებში მიდიოდა. საოცარი მინდვრები და მდელოებია. ნესტანს ბევრი ულამაზესი კადრი დაუგროვდა. თავის გადაღებულს თვითონ ამონტაჟებს, ესეც კიდევ ერთი პლუსია მისთვის. მოკლედ, ზუსტად იცის, რა უნდა... მგონია, რომ ეს კლიპიც და სიმღერაც ჩემს შემოქმედებაში ძალიან წარმატებული ნამუშევარი იქნება და როგორც სხვა ნამუშევრებს, მაყურებელი ამასაც შეიყვარებს. როდესაც ჩემთან ერთად ჩემი მსმენელიც მღერის, ამაზე დიდი ბედნიერება მგონი, მომღერლისთვის არაფერია. ვფიქრობ, რომ ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა.

- პანდემიამდე უნდა ყოფილიყო გადაღება და ხელი შეგეშალათ... თვითიზოლაციის პერიოდში კიდევ რაში შეგეშალა ხელი, რა ვერ გააკეთე?

- 2009 წლის შემდეგ, რაც „ჯეოსტარი“ მოვიგე, ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში არ არსებობს დასვენების პერიოდი, რადგანაც ყოველთვის რაღაც ხდება - კლიპები, სიმღერები, ალბომების ჩაწერა, კონცერტები, გასტროლები. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მუშაობის საშუალებას მაძლევს. საერთოდაც, მშვიდად ყოფნა არ შემიძლია, სულ მინდა, რომ რაღა ვაკეთო. ჩვენთან საოცარი კომპოზიტორები არიან, რომლებიც ქმნიან კარგ სიმღერებს და ჩემთვისაც იმეტებენ. დიდი ჯილდო და საჩუქარია, როდესაც კომპოზიტორი მუსიკას წერს და შენი ხმა თავში აქვს, ცდილობს, მოგარგოს, სიმღერა დაგიწეროს. ეს ადამიანს მხოლოდ გახარებს.

პანდემიამ, როგორც ყველას, ჩვენც ხელი შეგვიშალა. ჩვენი სფერო პირდაპირ კავშირშია პუბლიკასთან, მათთან კონცერტებით უშუალო და მჭიდრო კონტაქტი გვიწევს. ეს ყველაფერი გაჩერდა, რამაც დამთრგუნა, გარდა იმისა, რომ ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროა ,ჩემი საქმე და პროფესიაა. მატერიალურს რომ თავი დავანებოთ, მენარტრება სცენაზე დადგომა, სიმღერის შესრულება, ტაშის ხმა... ამას მუსიკოსები და მომღერლები უკეთესად გაიგებენ...

მოკლედ, მარტის შუა რიცხვებში გავჩერდით. დათო ევგენიძის სიმღერაზე კლიპის გადაღების გარდა, „ელის“ ბენდთან „თვითფრინავები“ უნდა ჩაგვეწერა. მოკლედ, შევწყვიტეთ ყველაფერი და სახლში დავჯექი.

- ე.ი. ექიმების ყველა მითითებას ასრულებდი.

- საერთოდ, კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რასაც გვიცხადებდნენ, ყველა რეგულაციისა თუ შეზღუდვის დაცვა. ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვფიქრობ, ვფიქრობ სხვებზეც. ჩემთან ოჯახში ვცდილობდი, თუ რაიმე პროდუქტი იყო საყიდელი, გარეთ მე გავსულიყავი და ჩემი მშობლები სახლში ყოფილიყვნენ. მეგონა, ისინი მეტად რისკჯგუფში იყვნენ, ვიდრე მე და ისედაც ძალიან მეშინოდა, მათზე სულ ვფიქრობდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გადავიარეთ და ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ არ არსებოს „ხვალ“ და „ზეგ“, XXI საუკუნეში კი არა, ზოგადად, ცხოვრებაში... არსებობს მხოლოდ „ახლა“ და მორჩა. ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის...

მსოფლიო უეცრად დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, დაავადდა, ბევრმა სამსახური დაკარგა. უსამსახუროდ დავრჩით მუსიკოსებიც. რაც უნდა თქვან, თქვენ რა გიშავთ, მომღერლები სულ ერთობითო. ასე არ არის. ზოგიერთს ისიც ჰგონია, რომ სადარდებელი არ გვაქვს, ის, რაც ხდება ქვეყანაში, ჩემზე ყოველთვის მოქმედებს და განვიცდი. ძალიან ვბრაზდები იმ ადამიანებზე, ვინც ამას ამბობს და ასე ფიქრობს. არ ვიცი, რატომ აღიქვამენ ჩვენს პროფესიას ასე, ერთ-ერთი ურთულესი საქმეა, სტრესულიც. ამიტომ, არავის მივცემ უფლებას, ჩვენი პროფესია აგდებით მოიხსენიოს.

მიუხედავად იმისა, რომ არიან გარდაცვლილებიც, მადლობა ღმერთს, რომ პირველი ტალღა, საოცარი ექიმების წყალობით, შედარებით მშვიდობიანად გადავიარეთ. იმედი მაქვს, რომ მეორე აღარ იქნება. ყველა ექიმს მინდა, მადლობა გადავუხადო.

- ამ პერიოდში გასტროლები თუ გაგიუქმდა?

- რამდენიმე ძალიან კარგი კონცერტი გაუქმდა აქაც და საუბარი იყო საბერძნეთზე, გერმნანიაზე, მაგრამ ყველაფერი საუბრად დარჩა. ამ საუბარს პანდემიის გამო გაგრძელება აღარ მოჰყოლია. სიმართლე რომ ვთქვა, არც ამ ზაფხულს ვაპირებ სადმე წასვლას, შიშის ფაქტორი მაინც არსებობს. როგორც არ უნდა მოუარო თავს, როგორი პირბადით თუ ხელთათმანით იარო, მაინც საფრთხილოა. ჩემთვის ახლა მოგზაურობა ან გასტროლი წამოუდგენელია. ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და არ მინდა, ვინმეს რამე ვავნო და აქვე ჩემს თავსაც.

ჩვენთან კი მგონია, რომ ივლისის მეორე ნახევარში მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები და საშუალება გვექნება, დავგეგმოთ კონცერტები. ვიმეორებ, ჩვემთის წარმოუდგენელია კონცერტის გარეშე არსებობა, როგორც მორალური თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიური, სულიერი და ასევე მატერიალური. ალბათ ადამიანები, ვის ხელშიცაა შეზღუდვების გამოცხადება და მოხსნა, იფიქრებენ და მიხვდებიან, რომ ჩვენც, მუსიკოსები ადამიანები ვართ. საზრდო, ყველანაირი თვალსაზრისით, ჩვენც გვჭირდება.

პირველი ქართველი მეცოსოპრანო, რომელიც სევილიაში კარმენის პარტიას იმღერებს - "ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს"

"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს