ავტორი:

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპორტსმენის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და საქმეს ნათელი სწორად მისი ჩვენების საფუძველზე მოეფინა.

"ბრალის ფორმულირება უცნაურია, ედავებიან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს, რადგან ეს ბრალი რეალობასთან შეუთავსებელია. ყველა მოწმე ცალსახად ამბობს, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის, ხელი არ დაუკარებია არავისთვის და ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს არავის მიმართ, ეს ყველაფერი საქმეში მტკიცებულების სახით არის.

128 გბ-ია ვიდეომასალა, ფაქტობრივად, 80-90% გადაღებულია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქმის, ყველა არეალში ხვდებოდა კამერის ქვეშ. არსად მსგავსი ფაქტი, რომ ვინმეს მიუახლოვდა, ისიც არ არსებობს. აბსოლუტურად ყველგან განცალკევებით დგას და არ მოქმედებს. ბრალი უმოქმედობაში რომ დაედოთ, ვიღაც რომ ჩხუბობდა, შენ რატომ არ უშველეო, ამას უფრო გავიგებდი, ვიდრე ამ მუხლს, რომლითაც ბრალი წაუყენეს", - აცხადებს ყიფშიძე.

მისივე განმარტებით, ის ვერცხლისფერ "მერსედესს" მართავდა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის პოლიციის წინ დალუქულ მდგომარეობაშია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მცხეთიდან კლასელების წამოყვანა სთხოვეს. კონკრეტულად, თუ ვინ სთხოვა სპორტსმენს დახმარება, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

"ვერცხლისფერი "მერსედესის" მარკის ავტომობილის საჭესთან იჯდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მას მცხეთიდან თანაკლასელების ჩამოყვანა სთხოვეს და ამ მოტივით ჩაიყვანეს იქ და მერე უკვე შეეჩეხა ამ კონფლიქტურ სიტუაციას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაბადების დღეზე არ იმყოფებოდა, მას ჯერ დაურეკეს და მერე "ნახალოვკაში" თავისივე თანაკლასელებმა და კიდევ უცნობებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ მათი მეგობრები მცხეთიდან იყვნენ ჩამოსაყვანი. იქ მოსულს დაძაბულობა დახვდა, ეს მანქანიდან გადმოვიდა და არსებული სიტუაციიდან 10-15 მეტრში იდგა.

ის მხოლოდ ხიდის ეპიზოდს შეესწრო. ე.წ. ოქროს მოწმემ ამოცნობისას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე თქვა, ეს ის ბიჭია, რომელიც მანქანიდან პირველი გადმოვიდა და გვერდით დადგა, არანაირი შეხება მას არ ჰქონია ჩვენთან, არც მოგვკარებიაო. ყველაზე უცნაური იცით რა არის? ამ სისხლის სამართლის საქმით იმის მცდელობა კი არ არის, გაარკვიონ გიორგი შაქარაშვილს რა მოუვიდა.

სინამდვილეში, ამ სისხლის სამართლის საქმით ისჯება 17 აბსოლუტურად სხვა ადამიანი და შაქარაშვილის ცემა ცალკე გამდგარია. ჩემი დაცვის ქვეს მყოფი პირველივე წუთიდან პოლიციას მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით, მისი ჩვენებებით და ინფორმაციით მოეფინა ამ ყველაფერს სინათლე. რადგან ბრალს არ აღიარებს, არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს", - აცხადებს ყიფშიძე.

მისივე განმარტებით, ბრალდებული სპორტსმენი ცუდ მდგომარეობაშია.

"გაოგნებული ვიყავი რომ შევხვდი, ორმეტრიანი, 140 კილო კაცი ისეთ მდგომარეობაშია, ვერ ლაპარაკობს, სრული კოლაფსი აქვს, ცუდადაა, შოკირებულია, რომ დააკავეს. მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი. ამომცნობმა მოწმემაც თქვა, ესენი რომ მოვიდნენ, გიორგი შაქარაშვილი ჩვენთან ერთად არ იყოო", - აცხადებს ყიფშიძე.

"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და გავყარეთ სახლიდან..." - რას ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"სავარძლის ქვემოდან ავიღე რკინის მილი... მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდას" - რას ყვებიან დაკავებული მორაგბე და ძიუდოისტი ჩვენებებში

დააკავეს 49 წლის მამაკაცი, რომელმაც ჩუმლაყში ერთი თანასოფლელი მოკლა, მეორე კი დაჭრა