ავტორი:

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ჩვიდმეტივე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და მომხდართან ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს.

გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას (შენიშვნა: ინიციალების გვერდით სრული სახელი და გვარი ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვითაა შევსებული):

„საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს! ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან (ირაკლი წაქაძე, „ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი) და ს.ჩ-სთან (საბა ჩხარტიშვილი) ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს (ვახო ჩიქოვანი), რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 18 ივნისს, გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან (ვახო ჩიქოვანი) ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან (ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი) ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე - მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება.

ამისთვის, ვ.ჩ. (ვახო ჩიქოვანი) და გ.ტ. (ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი) თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ (ვახო ჩიქოვანი და ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი) მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს (მორაგბეები ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, ნიკა ჟვანია) და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს (ვახო ჩიქოვანი) „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. (ვასილ მახარაძე) გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ. (ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე და სხვები), ხოლო გ.ტ.-ს (გიგა ტატიაშვილი) ავტომობილში - თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ.(თენგო ბარბაქაძე), ი.მ. (ირაკლი მუმლაძე) და ნ.ჟ. (ნიკა ჟვანია), რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით.

აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ., რომლებიც თავის მხრივ აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, (გუკა ამირხანაშვილი), გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს (ვახო ახვლედიანი), ი.ბ.-ს (წვეულების ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე) და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ. (გიგა ტატიაშვილი) ნ.ქ., თ.ბ. (თენგო ბარბაქაძე) ი.მ. (ირაკლი მუმლაძე) და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ. (ნიკა ჟვანია), რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს (ვახო ახვლედიანი) რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. (წვეულების ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე) დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. (გუკა ამირხანაშვილი) და ვ.ა. (ვახო ახვლედიანი) გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. (გუკა ამირხანაშვილი) და ვ.ა. (ვახო ახვლედიანი) დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ზ.ხ., ა.გ. (ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე) ა.ქ, და ნ.რ, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს (გუკა ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი) და ცდილობდნენ მათზე ძალადობას.

საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.გ.-მ (მორაგბეები ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე) ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა. (გუკა ამირხანაშვილი), რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.

2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.

მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. (ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი) ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს.

აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც., გ.ტ. (გიგა ტატიაშვილი) ნ.ქ., თ.ბ. (თენგო ბარბაქაძე), ი.მ. (ირაკლი მუმლაძე), ვ.ჩ. (ვახო ჩიქოვანი), ვ.მ. (ვასილ მახარაძე), ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. (არჩილ გაგნიძე) ნ.რ. და ნ.ჟ. (ნიკა ჟვანია) მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, (გუკა ამირხანაშვილი) გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს (იაკობ ბრეგვაძე) და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.

ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.

ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;

ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების დაგიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულებას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართ.“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

"გეჩოქებით, კელი დეგნან, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტკივილი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიმართვა აშშ-ის ელჩს

ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან წაიყვანეს