ავტორი:

დევნილი წყვილის ევროპული წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"

დევნილი წყვილის ევროპული წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"

ელენე კახნიაშვილი სამაჩაბლოდან დევნილია, ოჯახთან ერთად წეროვანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. საკუთარი კარმიდამოდან იძულებით აყრილი ხალხი უიმედობაში არ ჩავარდნილა - ელენემ და მისმა მეუღლემ, ახალი ცხოვრების დაწყება შეძლეს... საოცარი შრომის ფასად, მიწის ფართობი, რომელიც წეროვანში ერგოთ, ააბაღნარეს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვარდების კოლექციებიდან არაერთს შეხვდებით. ელენე კახნიაშვილი ახლა ჩვენი სტუმარია და არა მარტო საკუთარ ბაღზე, ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრება:

- „ჯავახიშვილის“ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიური მიმართულებით დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია, რადგანაც დრო ოჯახის მოვლა-პატრონობას დავუთმე. ჩემი საყვარელი სფერო კულინარიაა. ამიტომ, 2 წის წინ კულინარიულ აკადემიაში სასწავლო კურსი გავიარე და ამ კუთხით სიამოვნებით ვმუშაობ. ჩემი ოჯახი დევნილი ჯერ კიდევ 1992 წელს გახდა და ცხინვალიდან სოფელ კეხვში გადავედით. 2008 წელს კი საქართველოს ერთ-ერთი ძალიან ლამაზი კუთხე საბოლოოდ დაგვატოვებინეს... წეროვნის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის დეკემბრიდან ვცხოვრობთ და მას შემდეგ ვცდილობთ, მოვიწყოთ ცხოვრება, ადამიანური პირობები შევიქმნათ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე ძალიან მხიარული, კარგი ადამიანია, რომელთანაც არ მოიწყენ, ყველა პრობლემას ადვილად გადალახავ. 21 წელია, რაც ოჯახი შევქმენით, ისიც სამაჩაბლოში გავიცანი, იქ სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა. ჯარის შემდეგ ურთირთობა გავაგრძელეთ და მალევე დავქორწინდით.

- მოგვიყევით თქვენს ბაღნარზე, რომელის გაშენება 2008 წლიდან დაიწყეთ...

- ჩვენი მთლიანი ფართი 400 კვმ-ია, ანუ ზუსტად ის, რაც დევნილთა ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. აქდან 70 კვმ-მდე შენობა-ნაგებობას უკავია, დანარჩენი - ბაღ-ბოსტანს. თავიდან ჩვენი სურვილი იყო, იქაურობა გაგველამაზებინა, რომ მოსასვენებელი ადგილი გვქონოდა, რადგან საცხოვრებლად ცუდი პირობები იყო. გარშემო არანაირი ნარგავი არ იყო. პირველად ბადაგისა და ჩურჩხელისთვის ვენახი ჩავყარეთ. ღვინოზე არც გვიფიქრია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ვენახი იმხელა გახდა, რომ უკვე ყველაფრისთვის გვყოფნის. შემდეგ ყვავილები გავამრავლეთ, რომ გარემო გამოცოცხლებულიყო. ამასობაში ჩვენი მოთხოვნები და გემოვნება იმდენად დაიხვეწა, რომ ვარდების გაშენებაც გადავწყვიტეთ. თავიდან ჩვეულებრივი ვარდები დავრგეთ, რომლებიც საქართველოში ისედაც იყო. მას შემდეგ კი, რაც უცხოეთიდან შემოტანილებზე მემცენარეებში მოთხოვნა გაიზარდა, უკვე ისინიც. ჩვენზე უფრო დიდი კოლექციონერებისგან საუცხოო ჯიშებს ვყიდულობთ. მერე ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას ვუზიარებთ, თითოეული როგორ ყვავილობს, რა სიხშირით, ვასწავლით წამლობებს, რომელი წამალი, პრეპარატია უკეთესი. აღმოსავლეთში ვარდი სხვანაირად ყვავილობს, დასავლეთში - სხვანაირად. ამიტომ ერთმანეთს ამ გამოცდილებასაც ვაცნობთ.

- ვარდებს მხოლოდ თქვენ უვლით?

- მე და ჩემი მეუღლე. მას ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. მიწასთან მუშაობა ქალისთვის რთულია, ვარდებს მუდმივად სჭირდება ნიადაგის გაფხვიერება, შემოთხოვნა, შემობარვა, მიწის შემოყრა, რომ რბილ მიწაში ახალი ნაყარი გაიკეთოს. შეწამვლა სჭირდება, შესაწამლი აპარატურა ქალისთვის ძალიან მძიმეა, ამიტომ, მეუღლე მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია და 24 საათის განმავლობაში რთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ყველაფერში მეხმარება და მისი როლი ამ საქმეში დიდია.

- იმისთვის, რომ ვარდის ბაღი გავაშენოთ, რა არის საჭირო?

- უპირველესად ცოდნაა საჭირო, ამის გარეშე ვარდს ვერ გამოიყვან. მიუხედავადა იმისა, რომ გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა, ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ცოდნის დაგროვებას 5-6 წელი მოვუნდით, ბოლო-2 წელიწადში კი მასობრივი განაშენიანება მოხდა. მანამდე საშუალება არ იყო, თითო ვარდს წლობით ველოდებოდით, რომ შეგვხვედროდა, რადგანაც საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია... ასევე გვაქვს აფრიკული სელექციის იები. ამ პატარა სახლში, საძინებლის ერთი კედელი ამ მცენარეს დავუთმეთ.

- რთული მოსავლელია?

- ამაზე რთულად მოსავლელი მცენარე არ მეგულება, ასე ორქიდეებიც კი არ გამჭირვებია. ეს იები სპეციალურ სუბსტრატში ცხოვრობენ, რაც ქოქოსის დაფხვნილი ქერქის, ტორფისა და პერლიტის ნარევია. ამათაც კერძო კოლექციონერებისგან ვაგროვებთ. ხან ფოთლებს ვუცვლით ერთმანეთს და ისე ვამრავლებთ.

- როგორ?

- აღნიშნულ სპეციალურ ნიადაგს ვყრით კონტეინერში და ფოთოლს მასში ვდებთ. ადვილად მრავლდება, ძალიან მალე ფესვიანდებიან, ერთი ფოთლისგან 15 ძირის მიღება შეიძლება, მაგრამ ჯიშსაც გააჩნია, ყველა ია ასე არ ფესვიანდება. ისე, დაავადებების მიმართ მიდრეკილები კი არიან. ბევრი საინტერესო რამ ახასიათებთ... მოკლედ, 100 სხვადასხვა ფერის ია გვაქვს. ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება, მაგრამ ყოველ მესამე-მეორთხე დღეს ხელის შევლება მაინც უნდა... თუ ზედმეტი წყალი მოუვიდა, მაშინვე მავნებელი, ჭია და ნაცარი უჩნდება. ასევე ხელოვნური განათება სჭირდება. ჩვეულებრივ შუქზე და მზეზე ვერ იცოცხელებს. სამხრეთის მხარის ფანჯრებზეც იდეალურად გრძნობს თავს... ასე რომ, მის მოშენებას მხოლოდ მას ვურჩევ, ვინც მუდმივად სახლშია.

- თუკი ვარდს დავუბრუნდებით, როგორ მოვლას ითხოვს თქვენი ვარდები?

- ჩვენი გამოცდილებით, ვარდის მოვლას სეზონები აქვს. ვარდის ნერგის დასარგავად შემოდგომას ვირჩევთ, რადგან შემოდგომით ადაპტაციას ადვილად გადალახავენ და გაზაფხულზე უკეთესად ყვავილობენ. შემოდგომით ვაფხვიერებთ მიწას, ვამდიდრებთ ნაკელით, ექვსთვიანი სასუქით, შემდეგ ამოვთხრით დაახლოებით 40 სმ ორმოს, სადაც დრენაჟს (ხრეში, ან სილაქვიშა) ჩავუყრით, ვრგავთ ვარდს და ვაყრით ფხვიერ მიწას. ნერგი გარკვეულ სიმაღლეზე (სამ-ხუთ კვირტზე) უნდა იყოს გასხლული, რომ ადაპტაცია ადვილად გაიაროს... ზამთრის განმავლობაში, ნალექიან პერიოდში მორწყვა არ სჭირდება, მშრალ ამინდში კი ახალ დარგულ ნერგს მორწყვა უნდა. გაზაფხულზე, როდესაც შეფოთვლას დაიწყებს, პირველი წამლობა უტარდება, თებერვლიდან გასხვლას ვარდების ჯიშების მიხედვით ვიწყებთ. თუ ხვიარა ვარდია, არ უნდა გასხვლა, უბრალოდ დეკორატიულად ლამაზად ფორმას მივცემთ, ან გამხარ და დაზიანებულ ტოტებს მოვაჭრით. შემდეგ მოდის მეორე პლანის ფლორიბუნდა ვარდები, ისინი 40 სმ-ზე უნდა გაისხლას, რომ შეავსოს მისთვის განკუთვნილი ზოლი, უხვად და ლამაზად იყვავილოს. პირველ რიგში ჩაის ჰიბრიდები ირგვება, ასევე ნიადაგმფარავი ვარდები, ესენი დაბალზე უნდა გაისხვლას, რომ ლამაზი ბუჩქი მივიღოთ. გასხვლის შემდეგ მოდის პირველი წამლობა, ეს განკვუთვნილია კვირტის დაავადებებისთვის, ბუგრი არ შვიდეს, არ დარჩეს კვირტის ჭია, რომელიც ფოთოლში იბუდებს და აფუჭერბს. შემდეგი წამლობაა, „ბორდო“, ანუ სამ ფოთოლზე წამლობა, რომელიც მას ნაცრის და სოკოვანი დაავადებისგან იცავს. ფოთოლი უნდა იყოს ხასხასა, ლამაზი შეფერილობის. ყვითელი და შავად დალაქავებული ფოთლები მებაღისთვის ძალიან ცუდი ტონია... საერთოდ, წვიმის, ყინვის, დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშები უნდა შეირჩეს. წამლობების გარდა კვირტის პერიოდში გამოკვება სჭირდება, რომ გვირგვინი სრულყოფილი იყოს. კვება რამდენიმე სახისაა - ფოთლიდან და ფესვიდან. ფესვიდან კვებისთვის გამოვიყენებთ ნაკელისგან დამზადებულ სპეციალურ ხსნარს, რომელსაც ჟიჟას ეძახიან, არის კიდევ ბალახისგან დამზადებული კოქტეილები.

- კოქტეილებში რას გულისხმობთ?

- როდესაც ბაღს ზედმეტი ბალახისგან გავასუფთავებთ. ბალახი უნდა დავაქუცმაცოთ, ჩავყაროთ სპეციალურ ჭურჭელში, წყალი დავასხთ და ერთგვარი კოქტეილი დავამზადოთ. ბალახი სავსეა კალციუმით, მაგნიუმით, აზოტით და ეს ხსნარი კარგად კვებავს. მოკლედ ამ მასას ვარდის ძირებში ვაბრუნებთ. არის კიდევ ფოთლიდან კვება და ამისთვის ათასნაირი საშუალებაა, რასაც სპეციალურ მაღაზიებში შევიძენთ. ცოტა მსუნაგი მცენარეა, გამოკვება უყვარს, მაგრამ გადაჭარბება არ შეიძლება, მაშინ მუტანტს მივიღებთ, ძალიან დიდსა და სახეშეცვლილ მცენარეს, ბალანსი უნდა დავიცვათ.

- ტრიალ მინდორზე დაგასახლეს და მინდვრის აწალკოტება შეძელით... საკუთარი გამოცდიებიდან უიმედო ადამიანებს რას ეტყოდით?

- არასდროს დამიკარგავს იმედი, ყოველთვის შემართებით, ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული ვიყავი. ადამიანმა აუცილებლად ის საქმე უნდა აკეთოს, რისი ინტერესიც აქვს. არასდროს გაითვალისწინონ ისეთი რჩევა, რომლის მიმართაც ინტერესი არ გააჩნიათ. გამორიცხულია, იძულებით ვერაფერს სასარგებლოს ვერ გააკეთებენ და ვერც წარმატებას მიაღწევენ. პესიმისტებს ვურჩევ - საკუთარ თავს ჩაუფიქრდნენ, რა უნდათ, რა უყვართ, რისი გაკეთების სურვილი აქვთ და იმ კუთხით განვითარდნენ. კომპლექსებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ბოლო დროს მებაღე-მემცენარეობაში მამაკაცებიც გამოჩდნენ, რომლებიც ამ საქმით დაინტერსდნენ. ამიტომ ახალგაზრდებს, მამაკაცებს ვურჩევდი, არ იყვნენ შებოჭილ-დაკომპლექსებულები, თუ მოსწონთ ამ საქმის კეთება, თამამდ აკეთონ. პატარა რჩევა მებაღეებისთვის: ახლა ის სეზონია, რომ ნაყვავილარი ვარდები აუცილებლად უნდა მოიჭრას სამ-ხუთ ფოთოლზე, ანუ საღ კვირტამდე. საღი მუხლთაშორისი კვირტი უნდა შეირჩეს და ღერო იქამდე გადაიჭრას. ვარდს კვება აუცილებლად უნდა მიეცეს, რომ ახალი ყვავილობის პერიოდი, მეორე ტალღა წამოვიდეს...

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად