ავტორი:

"სავარძლის ქვემოდან ავიღე რკინის მილი... მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდას" - რას ყვებიან დაკავებული მორაგბე და ძიუდოისტი ჩვენებებში

"სავარძლის ქვემოდან ავიღე რკინის მილი... მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდას" - რას ყვებიან დაკავებული მორაგბე და ძიუდოისტი ჩვენებებში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე, კლუბ "ასკანელის" მწრთვნელი ნიკა ჟვანია ჩვენებაში 18 ივნისის ღამის დეტალებს ყვება. ჟვანიას თქმით, მას დახმარებისთვის არასრულწლოვანმა მიმართა, რომელიც წვეულებაზე სცემეს. ჩვენების ნაწილს "მთავარი არხი" ავრცელებს:

"ნ.ც-მ და მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ უნდა წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად. მათ ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე, ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა, რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი.

...ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან, ერთ-ერთს, დაუკავშირდა გ.მ და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისევ ეცემათ და გვთხოვეს, მივსულიყავით მათთან...

გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან. გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენს თანმხლებებთან ერთად მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე, ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს - ყვება ჩვენებაში ჟვანია.

მორაგბე ვერსხლისფერ "მერსედესში" მძღოლის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის გვერდით იჯდა. ეს უკანასკნელი მცხეთაში გამართულ წვეულებას ესწრებოდა, ადგილზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისში წავიდა და როგორც თავად ამტკიცებს, უკან დაბრუნდა იმისთვის, რომ მცხეთაში დარჩენილი კლასელები უკან ჩამოეყვანა. ტატიაშვილის ჩვენებასაც "მთავარი არხი" ავრცელებს:

"გზაზე შემხვდნენ ჩემი კლასელები. გავუჩერე მანქანა, მეგონა ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი 5-6 ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ და მათ სცემეს ჩემი კლასელები. ამაზე ჩემს მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს, რომ არ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა. თუმცა, მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა მომხდარიყო ჩხუბი. ჩემს მანქანაში მჯდომები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარი და გადმოსულიყვნენ, რაზედაც გავხდი იძულებული მანქანა გამეჩერებინა.

როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ჩვენს წინ ფეხით მოძრავი უცნობი პიროვნებების მიმართულებით. დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, მათ გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა.

მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ყველა ერთად წამოვედით თბილისში" - ყვება ჩვენებაში ძიუდოისტი ტატიაშვილი.

შეგახსენებთ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს

"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

დმანისში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს