ავტორი:

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

მრავალეროვანი თბილისის წარსულზე, მის ყოფა-ცხოვრებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თავის ჩანაწერებში საინტერესო ეპიზოდებს უცხოელი მოგზაურებიც აკეთებდნენ.

თბილისის ეთნიკურ შემადგენლობას ახასიათებდა გაზეთი "კავკაზი" - "ხალხი მოძრაობს, ფუსფუსებს, ერთმანეთში ირევა - კოსტიუმები, სახეები და მორთულობანი. ქართველი, სპარსელი, ოსი, ლეკი... ჩოხები, ჩერქეზები, ჩალმები, ნაბდები, სწრაფად ელავენ თქვენს თვალწინ და ვერც კი ასწრებ გამვლელთა დათვალიერებას. აი, ქალაქის გარეუბნიდან მოსული ქალები კარაქით, ერბოთი, ლორითა და რძით... აი, ქართველები, ებრალები, ფართლითა და ქალთა ხელსაქმის, ტუალეტის საწვრილმანოთა დამტარებელნი"...

პლატონ ზუბოვი კი ასე აღწერს: "ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები, ინდოელები, თათრები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი... ევროპული ეტლები, გერმანული ფორშპანები, ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები - ყოველივე, ყოველ წუთს განუწყვეტელ პანორამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა".

სხვადასხვა ერის ადამიანი თბილისში იმთავითვე შეეთვისა ერთმანეთს, რასაც თავად ქალაქის კეთილგანწყობა და ქართველების სტუმართმოყვარე ბუნება განსაზღვრავდა, თუმცა ალბათ საინტერესოა, საიდან და როგორ მოხდა თბილისის მოსახლეობის ასეთი ეთნიკური აჭრელება.

პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობის როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული ზრდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო.

- თბილისის მოსახლეობა, ქალაქის დაარსებიდანვე ქართული იყო, როდიდან დაიწყო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შემოდინება?

- ეს პროცესი ნელ-ნელა და თანდათან დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი ძვრები ამ მიმართულებით არაბთა ბატონობის დამყარებამ (VII საუკუნეში 50-იანი წლები) გამოიწვია. განსაკუთრებით კი თბილისის საამიროს შექმნამ (VIII საუკუნის 30-იან წლები), როცა სანაპირო დამცველი შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება დაიწყო. არაბული ტომების მაჰმადიანთა ვაჭარ-ხელოსანთა რიცხვმაც მოიმატა. მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენას, მეჩეთის აგებაც მოჰყვა.

XII-XIII საუკუნის ცნობილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო წერდა: "თბილისში ცხოვრობენ ქრისტიანი ქართველები და სომხები, ასევე მაჰმადიანები და ებრაელები, მაგრამ ისინი ცოტანი არიან“. მომდევნო პერიოდში ებრაელები დოკუმენტებში არ არიან მოხსენიებული, რადგანაც იმდროინდელ თბილისში მათი რაოდენობა შემცირებულია. ებრაელების რაოდენობა შეზღუდეს XVII საუკუნის შუა ხანებიდან თბილისში ჩამოსახლებულმა სომხებმა, მათვე შეზღუდეს ებრაელების ვაჭრობა, ხელოსნობის სფერო. ებრაელობა იძულებული გახდა, სამოქმედო ასპარეზი საქართველოს პატარა ქალაქებში გადაეტანა.

- ეთნიკური რუსები როდის გაჩდნენ საქართველოში?

- აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ 1795 წელს ქართველთა ძირითადი ნაწილი გაანადგურა. XIX საუკუნეში თბილისის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. დაიწყო მანამდე ჩვენთვის უცნობი - რუსული ეთნოსის მიგრაცია.

1803 წელს, ქართველები თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 22,6% შეადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თბილისში ქართული სოფლებიდან გადმოსახლებას ზღუდავდა, მიგრაცია მაინც მიმდინარეობდა და 1825 წლისთვის ქართული მოსახლეობა 3,5-ით გაიზარდა. ისინი ძირითადად თავად-აზნაურებისგან იყვნენ გამოქცეულები.

1862 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში გადასულან - შარვაშიძეები, გურაბანიძეები, ჩუბინიძეები, ლომიძეები, კილასონიები, დოლიძეები, გორგაძეები, გამგონაძეები, მაისურაძეები, მაჭავარიანები, სტურუები, ცაბაძეები, ბარამიძეები, გაბუნიძეები, ჯინჭარაძეები...

თბილისში სომხური მოსახლეობის მექანიკური ზრდა, 1801 წელს გაძლიერდა - საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების დროს... რუს მთავრობას სომხური მოსახლეობა, განსაკუთრებით შეძლებული ნაწილი, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, კავკასიის სხვადასხვა მხრიდან ჩამოჰყავდა.

სომეხი დიდვაჭრის თამამშევის ბებიები, 1898 წელი

ამასთან, გაძლიერებული იყო სხვა ეთნიკური ჯგუფების ინტენსიური შემოსვლა - მაგალითად, 1880-იანი წლების თბილისური გაზეთების ცნობით, ქალაქში გამოჩნდა ბოშების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „სომეხ-გადმოსახლებულებს“ უწოდებდნენ. იმდროინდელ პრესაში აღნიშნულია, რომ ისინი "ინათლებოდნენ სომხებად, ლაპარაკობდნენ სომხურად და თათრულად“. მათი ძირითადი საქმიანობა მოწყალების თხოვნა იყო.

- კიდევ რა ეთნიკური ჯგუფები მკვიდრდებოდა დედაქალაქში?

- მკვიდრდებოდნენ - თათრები, რუსები, სპარსელები, ბერძნები, პოლონელები, გერმანელები, ასირიელები, ებრაელები, ოსები, ლეკები (თათრები ძირითადად თურქულენოვან მოსახლეობას ნიშნავდა). ოსები თბილისში პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ, ძირითადად გორისა და დუშეთის მაზრებიდან გადმოსახლებულები.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისის მოსახლეობას სპარსელებიც შეადგენდნენ, მაგრამ ისინი მაინც დროებით მაცხოვრებლებს წარმოადგენდნენ. უმეტესობა თბილისში დროებით სამუშაოდ ჩამოდიოდა, ისიც - ზაფხულში.

XVIII საუკუნეში თბილისში ბერძნების ყოფას ვახუშტი ბაგრატიონის მიერ თბილისის გეგმაზე „ბერძნის საყდრის“ მითითება ადასტურებს. XIX საუკუნეში მათი რაოდენობა ქალაქში უმნიშვნელო იყო. 1830 წელს იყვნენ ბერძენი ქვის მთლელები. 1864 წელს თბილისში 119 ბერძენი ცხოვრობდა. ამის გარდა, თურქეთიდან მუდმივად მოდიოდნენ სეზონური მუშები. 1876 წელს ამ ეთნოსის წარმომადგენლთა რაოდენობამ ათასს მიაღწია.

რაც შეეხება რუსების რაოდენობას, ის შეუჩერებლად იზრდებოდა, რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებიდან მიგრირებულ მართლმადიდებელი მოსახლეობის ხარჯზე. თბილისის მოსახლეობის აღწერაში რუსებად წერდნენ უკრაინელებსაც. რუსების ცალკე ორი დასახლებაც კი შეიქმნა - "რიყე" და "ნოვო ტროიცკოე". ინტენსიური იყო რუსი სექტანტების შემოსვლაც. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მათ ახალი კუკიის დასახლება შექმნეს.

ომის პერიოდში, თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი რუსი ჩამოვიდა.

- მოლოკნები, რომლებიც სხვადასხვა ხელობაზე მუშაობდნენ, თბილისში დღევანდელი ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობდნენ?

- დიახ, XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა მოლოკნის ქუჩაც, ახლანდელი ფიროსმანის, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და დღევანდელ ფიროსმანის ქუჩას, სწორედ ამის გამო მალაკნის ქუჩა ერქვა...

საქართველოში უძველესს ეთნოსს წარმოადგენენ ებრაელები, მაგრამ თბილისში ისინი დიდი რაოდენობით არასდროს ყოფილან. ქართველი ებრაელები უმეტესად ახალციხეში, გორში, ქუთაისში და სხვა საქალაქო ტიპის დასახლებაში ცხოვრობდნენ. ქართველი ებრაელების გარდა იყვნენ ევროპელი ებრაელებიც (აშკენეზები) მათი შემოდინება ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო. 1901 წელს ებრაელთა რაოდენობამ 3 000-სს გადააჭარბა. 1979 წელს აღწერით მათი რაოდენობა 15 000 იყო. შემდგომ კი ემიგრაციასთან დაკავშირებით მათმა რიცხვმა იკლო.

XIX საუკუნის თბილისში უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ - ჩრდილოეთ კავკასიელები, ჩაჩნები, ინგუშები, ლეკები. XX საუკუნის დასაწყისში თბილისში სულ 6 აფხაზი ცხოვრობდა.

XIX საუკუნეში დედაქალაქში ევროპელებიც ცხოვრობდნენ, ჭარბობდნენ გერმანელები. მათი პირველი ჯგუფი თბილისის გარეუბანში კუკიასა და ავჭალას შორის დაბინავდა და ერთი წლის შემდეგ შექმნეს კოლონია "ტფილისი", სადაც 51 ოჯახი იყო დასახლებული. რაოდენობით გამოირჩეოდნენ პოლონელებიც, ასურელები/ასირიელები და ქურთი-იეზიდები, რომლებიც თბილისში ძირითადად, პირველი მსოფლიო ომის დროს დასახლდნენ. ამ ხალხის მიგრაცია ბოლო დროს ძირითადად საბჭოთა პერიოდში ხდებოდა.

ასეთი გახლავთ მოკლედ ისტორიული სურათი, რაც თბილისში სხვადასხვა ეთნოსის დასახლებას და ცხოვრებას ეხება... ეს არის სწორედ ის ისტორიაც, რომელმაც ერთ მიწაზე, თბილისის შუაგულში, მეიდანზე სამი სხვადასხვა რელიგიის სალოცავს - მართმადიდებლურ ტაძარს, სინაგოგას და მეჩეთს მოუყარა თავი.

"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"

შესანიშნავი 10-ეულის პირველი ლაივ კონცერტი "დიდ სცენაზე" 5 ივლისს წარსდგება

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო