ავტორი:

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს

Monastery.ge ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს მონასტრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ფოტოებს, ფაქტებს და ამავდროულად, ეს არის ონლაინ მაღაზია, სადაც სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ მონასტერში დამზადებულ პროდუქციას.

პლატფორმის შექმნის იდეა მეწარმეობის ლექტორს თორნიკე ჯობავას ეკუთვნის, მისი მენტორობით კი განხორციელება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლეს.

„მე ბევრს ვმოგზაურობ და ხშირად ვხვდები ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის ბერ-მონაზვნებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებენ. მათი ძირითადი გასაღების არხი კი უმეტესწილად ადგილობრივი მონასტრებია. ამასთანავე, არ არსებობს ერთიანი სივრცე, რომელიც ყველა მონასტერს და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს აერთიანებს. ამიტომ ამ იდეაზე რამდენიმე წელია ვფიქრობ. მსურდა შემექნა პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ დაეხმარებოდა ქართულ მონასტრებს, მეორე მხრივ კი ქართველ მომხმარებლებს შეხვედროდნენ ერთმანეთს,“ – განმარტავს თორნიკე ჯობავა.

გასულ წელს მან ეს იდეა გაუზიარა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც მეწარმეობას ასწავლიდა.

"სტუდენტებთან ურთიერთობის გასაგრძელებლად მათ ამ იდეაზე მუშაობა შევთავაზე. მსურდა, პრაქტიკაში ენახათ და გამოეცადათ ის ყველაფერი, რაზეც უნივერსიტეტში ვსაუბრობდით. ძალიან მაგარი ბიჭები არიან და მჯერა რომ წარმატებას მიაღწევენ,“ – დაამატა მან.

ჯგუფი მალევე შეიკრა და სტუდენტებმა საქმე მარტივად გადაინაწილეს მათი შესაძებლობებისა და სურვილების გათვალიწინებით.

„ჩვენი გუნდი, როგორც ერთი მექანიზმი, ისე მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული უნარი და მოვალეობები აქვს, მაგრამ არის საქმე, რომლებსაც ერთად ვგეგმავთ და ვასრულებთ. ვცდილობთ, ერთმანეთ ყველაფერში მხარი დავუჭიროთ და კეთილი საქმე ვაკეთოთ. სწორედ გუნდის ერთიანობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებულია ნებისმიერი საქმიანობა,“ – აღნიშნავს გუნდის ერთ–ერთი წევრი დავით მნათობიშვილი.

სტუდენტები განმარტავენ, რომ მათი მიზანია, დაეხმარონ სამონასტრო კომპლექსებს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში, ამასთან, მყიდველს მაქსიმალურად გაუმარტივონ შესყიდვის პროცედურა და მიტანის სერვისის საშუალებით უმოკლეს დროში მიაწოდონ პროდუქტი.

ერთობლივი ძალისხმევისა და მონდომების დამსახურებაა, რომ სტარტაპი ძალიან სწრაფად ვითარდება. საიტი და სოციალური ქსელები უკვე მზად არის და ფუნქციონირებს. ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მონასტრები, ნახოთ მათ შესახებ ინფორმაცია და შეიძლინოთ მონასტრებში წარმოებული პროდუქცია.

„იმ საზოგადოებაში, რომელშიც მე გავიზარდე, მონასტრებს და ქართულ პროდუქტს დიდ პატივს სცემენ. გარკვეულწილად ის ჩვენი ერის იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკერია. მე და ჩემი სტუდენტები, რომლებიც უკვე ჩემი გუნდის წევრები არიან, ბედნიერი ვიქნებით თუ შევძლებთ ამ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანას. დღეს ხომ უკვე ყველა მონასტერს აქვს შესაძლებლობა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მიაწოდოს თავის პროდუქტი მთელს ქვეყანას, რაც დღევანდელი გამოწვევის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ – განმარტავს თორნიკე ჯობავა.

სტარტაპი ამჟამად თანამშრომლობს დირბისა და წმ. კვირიკესა და ივლიტას დედათა მონასტრებთან. კიდევ 5 მონასტერია, რომელსაც სურს მათ წამოწყებაში მონაწილეობა მიიღოს და მათთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საიტზე უკვე მრავალფეროვანი პროდუქციაა განთავსებული: აქსესუარები, ნახატები, ტკბილეული, თაფლი, ძმარი, ღვინო და სხვა.