ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები

სულ ახლახან, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ქართველი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, რომლის კვალიც, როგორც ამბობენ, რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. მანამდე კი, ამა წლის იანვარში, ასევე სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში დაგეგმილი ორი პირის, ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებით მკვლელობა აღკვეთეს. თუმცა მსგავსად ყველას არ უმართლებს და ხშირად შემკვეთებს შეკვეთა ბოლომდე მიჰყავთ. გავიხსენოთ მკვლელობები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელთა ხელწერა შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს და მათ უმრავლესობას, როგორც წესი, გახსნა არ უწერია.

სამწუხაროდ, შეკვეთილი მკვლელობის უმრავლესობა იმთავითვე გაუხსნელ საქმეთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. კილერის იდენტიფიცირება და შემდგომ მკვლელობის შემკვეთის გამოვლენა ძნელია. არცთუ იშვიათად დავალების შესრულების შემდგომ კილერსაც თავიდან იცილებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია არასასურველი მოწმის თავიდან მოსაშორებლად. როგორც წესი, პროფესიონალი კილერი კვალს არ ტოვებს. ზოგჯერ მკვლელობა იგეგმება და შესრულდება ისე, რომ ყოველგვარი ნიშნით თვითმკვლელობას ჰგავს და კვალს ურევს სამართალდამცავებს.

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა:

  • ბესიკ ხარძიანის საქმე

2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს. საქმე რამდენიმე თვის შემდგომ გაიხსნა. ითქვა, რომ ბიზნესმენი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ფარიდ გურბანოვმა და ალექსანდრ დამეტოვმა შეკვეთით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს 19-19 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბიზნესმენის მკვლელობის მოტივად ბიზნესდავა დასახელდა.

როგორც ცნობილია, ხარძიანების მეზობლებმა შენიშნეს მარაბდის ქუჩაზე მოძრავი შავი მოტოციკლეტი, რომელსაც შავჩაფხუტიანი მამაკაცი მართავდა. მოგვიანებით მოტოციკლეტი სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ხარძიანის ქალიშვილის განცხადებით, ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი მკვლელობამდე რამდენიმე დღის განმავლობაში დროდადრო ჩნდებოდა მათ ქუჩაზე, ანუ მკვლელი, სავარაუდოდ, მსხვერპლს უთვალთვალებდა. როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმეში, ხარძიანის საქმეშიც კილერად ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი ფიგურირებდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან საქართველო მკვლელობიდან ერთ საათში დატოვა - თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გაემგზავრა.

  • ეროსი კიწმარიშვილის საქმე

2014 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში მოკლული იპოვეს.

მართალია, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, მაგრამ ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებული არიან, რომ ეროსი კიწმარიშვილი სწორედ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა დაადასტურეს, თუმცა დნმ-ის იდენტიფიცირება პროკურატურამ ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა - ეს ავტოფარეხში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

  • ნინუების მკვლელობის საქმე

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში 67 წლის თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, 64 წლის ეთერ ნინუა, მათივე ბინაში დახოცილი იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ - მკვლელს ნინუები იცნობდნენ, თავად გაუღეს კარი და ბინაში შეიპატიჟეს.როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა - ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა მოაყარა. მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნეს, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომლებსაც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ეს არის უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერის მასრები, რომლებიც 2007 წელს მაღალდაძის მკვლელობისას გამოიყენეს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ცოლ-ქმრის მკვლელობაში ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ამხილეს. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა არ უღიარებია. 2017 წელს, 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი ცოლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ თამაზ გოგიას 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. წაიკითხეთ სრულად

პატიმრების წამებაში ბრალდებული ციხის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება 7-წლიანი ძებნის შემდეგ განხორციელდება

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს - "კურიერი" ახალ ფოტოებს ავრცელებს