ავტორი:

"ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე

"ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა..." - რა იცის ოჯახმა კიევში მოკლული ქართველი ბიზნესმენის საქმეზე

2019 წლის ნოემბერში, კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. დავითაშვილს ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიევში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბიზნესმენი, სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით გაიტაცეს...

ნიკოლოზ დავითაშვილის ქვრივს თიკა სიხარულიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი ძველი თაობის მოდელია და მოკლულ ბიზნესმენთან 15-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება და ორი შვილი აკავშირებს. თიკა ამბობს, რომ მეუღლის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც, საქმე ბუნდოვანია და გამოძიება წინ არ მიდის. უფრო მეტიც, უკრაინული საგამოძიებო უწყებები დუმან და ბოლო დროს მის სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ.

AMBEBI.GE თიკა სიხარულიძეს დაუკავშირდა ბუნდოვანი საქმის დეტალებზე სასაუბროდ:

- რა ეტაპზეა თქვენი მეუღლის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობის გამოძიება?

- ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება. მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, ორი უკრაინელი, რომლებმაც ჩემი მეუღლის გვამი გადამალეს და ჭაში ჩააგდეს, გირაოთი გაუშვა უკრაინის სასამართლომ. თითოეულმა 7 ათასი დოლარი გადაიხადა, ესეც უკრაინული მედიიდან გავიგე. სოფელ ბელაცერკოვიდან არიან ისინი, გამორიცხულია ამდენი ფული ჰქონოდათ.

როდესაც დავურეკე საქმის გამომძიებელს თავიდან უარყო ინფორმაცია, იცინოდა, მაგათ გარეთ ვინ გაუშვებდაო. თუმცა, მას შემდეგ რაც საიტს მივწერე, სადაც ინფორმაცია გამოქვეყნდა, მათ გამომიგზავნეს ოფიციალური წყარო, საიდანაც ცხადი იყო, რომ გაუშვეს დაკავებულები. გამომძიებელს ისევ დავურეკე და მითხრა, რა ვქნა, ჩვენთან ასეთი კანონებია და ეს ფული ნათესავებმა გადაუხადესო.

შემდეგ ერთ-ერთი დამნაშავე სოციალური ქსელის საშუალებით ვიპოვე და თებერვალში ციხიდან გაშვებული, მარტის დასაწყისში სელფებს აქვეყნებდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ჩეჩენი ეროვნების მამაკაცს, გვარად გაკაევს, თითქოსდა მიმალვაშია და ვერ პოულობენ.

- უკრაინული სასამართლოს მიმართ გაქვთ ნდობა?

- იქ ისეთი ჭაობია, რომ ვერ წარმოიდგენთ. მე არ ჩავსულვარ უკრაინაში, რადგან პირველ ეტაპზე საშიშროება იყო, შემდეგ პანდემია დაერთო. ჩვენებიც ვერ ერევიან, რადგან დანაშაული უკრაინაშია მომხდარი. ძალიან გული დამწყდა შაქარაშვილის საქმეზე, იგივე მაქვს გამოვლილი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ჩემს მეუღლეზეც იგივე გაკეთებულიყო, ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო, ახალგაზრდა, ქართველი ბიზნესმენი მოკლეს და არავინ დაინტერესდა...

ნიკას ტელეფონები დამტვრეულია და რა თქმა უნდა, ინფორმაციაც წაშლილი იქნება. საათი მოპარულია, ჯვარი დაკარგული, მანტო, რომელიც ეცვა, არ დევს საქმეში. 27 ნოემბერს როდესაც ნიკა რ გამოჩნდა, დავიწყე ძებნა და მხოლოდ პირველ დეკემბერს იპოვეს ცხედარი. უკრაინული გამოძიების ინფორმაციით, სახლიც იყო ნაქირავები, თუმცა იქამდე ვერ მივიდნენ და შემდეგ ორ უკრაინელს დაავალეს გვამის გადამალვა.

ზუსტად არც ვიცით, როგორ მოკლეს ნიკა - მანქანაში ესროლეს თუ რა მოხდა. ამ საქმის შესახებ ყველამ იცის უკრაინაში, ზელენსკიმდეა მისული, მაგრამ რა?

- საქართველოში ვის მიმართეთ გამოძიებაში დასახმარებლად?

- ყველამ იცის და ყველა ჩართულია. ვიცი, რომ გიორგი გახარიაც იყო საქმის კურსში ნიკას ძიების პროცესში. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი, რომ გვამი არ უნდა გვეპოვა. როდესაც დაკარგულის მოსაძებნად ნიკას ძმა და მამიდაშვილი ჩავიდნენ უკრაინაში, ისეთი ამბები მოუწყო უკრაინელმა მხარემ, რომ ფაქტობრივად გამოაძევეს, ამბობდნენ, ჩეჩნები გარეთ დადიან და შეიძლება ესენიც ჩაცხრილონო.

პირველ დეკემბერს, გამთენიისას ჩავიდნენ ჩვენები, "ცეპი" უნდა ამოეცნოთ, რომელიც დაკავებული ჩეჩენის ჯიბეში იპოვეს. როდესაც ჩავიდნენ, სასტუმროში მივიდა გამომძიებელი და უთხრა, რომ ნიკა გარდაცვლილი იპოვეს. შემდეგ ნიკას მეგობარი ჩავიდა და ოთხ დეკემბერს, ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა...

ჭა, სადაც მოკლული ბიზნესმენი იპოვეს

- რაიმე საშიშროებას თუ გრძნობდა ბოლო პერიოდში?

- არანაირი წინასწარი გრძნობა არ ჰქონია. 15 წელი ვიყავი მისი მეუღლე, ხშირად დადიოდა ბიზნესის გამო უკრაინაში. ნიკა იყო ისეთი პიროვნება, რომ ერთი წამითაც რომ დაეშვა მსგავსი რამე, სასტუმროდანაც არ გავიდოდა.

მე დღეს ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ და ყველაზე ვფიქრობ. ორი მიზეზით იშორებენ ადამიანებს - პირადი თემა ან ბიზნესინტერესები. ნიკას შემთხვევაში პირადი გამოირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭორი იყო. ათას სისულელეს ამბობდნენ, ვითომ ქალის თემა იყო, ასევე "შავი სამყაროც" ახსენეს. არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ ჰქონდა შავ სამყაროსთან. ქალის თემა საერთოდ გამორიცხულია.

აუცილებლად უნდა ჩაერთოს გამოძიების საქმეში ქართული მხარე, რადგან ნიკა იყო საქართველოს მოქალაქე და მე მარტო ქალი ამას ვერ შევძლებ, გვერდით თუ არ დამიდგნენ.

- ვერსიებში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ნიკას დავით კეზერაშვილთან ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა, თუმცა ბოლო დროს აერიათ კავშირები...

- დიახ, მიშას დროს კეზერაშვილი მფარველობდა ნიკას ბიზნესს და არ დავმალავ და მათ შორის იყო უთანხმოება. რაც შეეხება ახალ მთავრობას, მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

როდესაც იმ დღეს ნიკა უკრაინაში გაფრინდა, იმდენად მოკლე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, რომ რამდენიმე საათში გადმოფრენას აპირებდა, მაგრამ ბილეთები არ იყო. იძულებული გახდა, დარჩენილიყო. ამბობენ, რომ შეიძლებოდა თანხის გამო გაეტაცებინათ, მაგრამ გამორიცხულია.

მე მაშინ ნიკას მეუღლე არ ვიყავი, როდესაც თვენახევარი რუსეთში ჰყავდათ თანხის გამო გატაცებული. ნიკას იმდენად უყვარდა სიცოცხლე, რომ ფულის გამო თავს არ მოაკვლევინებდა, თან შეამჩნევდა, რომ იარაღებით იყვნენ.

საქმიანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო შუადღეს, მაგრამ რამდენიმეჯერ გადაუწიეს, სანამ არ დაღამდა. სიბნელეც აწყობდათ, რომ ღამე არ დაეწყო ვინმეს ძებნა. ჩვენთან 12-ის ნახევარი იყო, იქ ათის ნახევარი. პირველის ნახევარზე დავწექი დასაძინებლად და საშინელი სიზმრით გავიღვიძე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი... ადამიანი გზაში მეგონა. დღის 12 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. მისმა შვილმა დამირეკა, ბიჭმა, არ არის აეროპორტში და ხომ არ იცი რა ხდება, ხომ არ შეეცვალა გეგმებიო.

დავიწყე სასტუმროში რეკვა და ნომერში არ ადიოდნენ, არ გვაქვს უფლება შევაწუხოთო. სამჯერ დამჭირდა დარეკვა და სანამ პოლიცია არ ვახსენე, არ ავიდნენ ნომერში. მეგონა გული გაუხდა ცუდად, ამის უფრო მეშინოდა. სამი კაცი შევიდა ნომერში და მითხრეს, რომ ნივთები აქ დევს და თავად არ არისო. ამის შემდეგ დავიწყე მორგებში რეკვა, პოლიციაში, ნარკოლოგიურში და როდესაც მითხრეს, რომ არსად არ იყო, უკვე ძალიან შემეშინდა, მივხვდი რაღაც ხდებოდა.

- გარდაცვლილს ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა?

- დიახ, მაგრამ სამედიცინო ექპერტიზა არაფრის მომცემი არ აღმოჩნდა. ველოდები კრიმინალურ ექსპერტიზას. ყოველდღე ვრეკავ და გამომძიებელი და მისი თანაშემწე უკვე ტელეფონსაც არ პასუხობენ. ახლა ვფიქრობ, ადვოკატი ავიყვანო. არ იყო ჩემი მეუღლე იმის ღირსი, რომ ასე გადავფურცლო და დავივიწყო. ახლა გიყვებით და თან არ მჯერა, რომ ეს ნიკას დაემართა...

ჩეჩენი გაკაევი, რომელზეც იყო გაფორმებული მანქანა, სადაც ნიკა მოკლეს, ორჯერ არის საქართველოში ნამყოფი, სექტემბერში და ნოემბერში. 22 ნოემბერს არის გაფრენილი საქართველოდან და 25 ნოემბერს ნიკა გაფრინდა. ალბათ აქ უნდოდათ მოეკლათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, აქ მაინც ყველგან კამერებია. ეს იყო დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობა.

შერხან გაკაევი

- გაკაევის მიერ არის მოკლული?

- მანქანა იყო მის სახელზე გაფორმებული, მაგრამ იქ იჯდა თუ არა, ვერ გეტყვით. კამერებით ისეთი რაკურსით არის გადაღებული, არ ჩანს. ჩეჩენი შერხან გაკაევი ჩვეულებრივად იძებნება ინტერნეტში, ნაომარი ადამიანია. ვნახე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნიკა მანქანაში ჩაჯდომამდე უკან იხევს, ჩანს რაღაც არ მოსწონს, მაგრამ ეტყობა მანქანიდან უთხრეს, რომ არაფერი პრობლემა არ იყო და ვიღაც ახლობელმა გაიყვანა...