ავტორი:

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატებას“ მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნეთ. ჯერჯერობით სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან ვირუსი მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ არსებობს" - განაცხადა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს სხდომაზე.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანტიეპიდემიური ზომების ნაჩქარევი შემსუბუქება გამოიწვევს წარმოუდგენელ და შეუქცევად კრიზისს.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო ჩრდლიოეთ კორეამ საზღვრები 6 თვის წინ ჩაკეტა. ოფიციალურად ქვეყანაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ამის საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა რეალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მალავს.

ეპიდემიის საწყის ეტაპზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს, თუმცა ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია.

როდესაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსი გავრცელდა და ჩინეთის სხვა ქალაქებსაც მოედო, იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, მსოფლიომ არ იცის ოფიციალურად რამდენი ადამიანი დაუბრუნდა სამშობლოს და რამდენ მათგანს აღმოაჩნდა ახალი ტიპის ვირუსი.

"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არიან ინფიცირებული პაციენტები", - ამბობს სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი ნამ სუნგ ვუკი.

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები იტანჯებიან ამ დაავადებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არც ერთი ინფიცირებული არ არის.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ამ დროისთვის 11 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 524 177 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 6.1 მილიონი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, დიდი ბრიტანეთი, იტალია და მექსიკა.

იტალიის ალპებში თოვლი ვარდისფერი გახდა - რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა