ავტორი:

"5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, გველიათქო... მერე დავინახე, კაცი ეგდო" - ვინ არის ფოთში მოკლული მამაკაცი

"5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, გველიათქო... მერე დავინახე, კაცი ეგდო" - ვინ არის ფოთში მოკლული მამაკაცი

თვითმხილველი ფოთში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს. შემთხვევა ნაბადას უბანში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოხდა. მოკლული 43 წლის ვაჟა ტყებუჩავაა.

როგორც თვითმხილველი ყვება, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ადამიანი სცემდა.

"ხმაური შემომესმა, რომ გავიხედე დაახლოებით 5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს და იმას ურტყამენ. მერე დავინახე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე ახლავე პოლიციას დავურეკავ-მეთქი.

ისინი გაიქცნენ. ახლოს რომ მივედით, ხმას არ იღებდა, მეგონა მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით, ხმა ამოიღო- სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო, - გვითხრა. ვინ გირტყამდა, რომ ვუთხარი, მითხრა, არ ვიცნობო. მერე სასწრაფოც მოვიდა და წაიყვანეს", - განაცხადა თვითმხილველმა ზაირა ბასილაიამ.

მოკლულის მამის, გივი ტყებუჩავას თქმით, ის შვილთან ერთად ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსულებს კი თავს რამდენიმე პირი დაესხათ.

როგორც თავად ყვება, შვილის დაცვა სცადა, თუმცა ვერ შეძლო და უცნობმა ადამიანებმა ის გაიტაცეს. მასაც სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

მოკლულის მამა შვილის კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას არ ადასტურებს. იმასაც უარყოფს, რომ მას ემუქრებოდნენ. მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მოკლულს კავშირი ე. წ. ქურდულ გარჩევებთან.

„სამძიმრიდან რომ გამოვედით, სპეცრაზმი მეგონა, ისე შემოვარდნენ, თეთრი, „მარშრუტკის“ მსგავსი მანქანით იყვნენ. მე მანქანის კარი ჩამიკეტეს, ვერ გადმოვედი, ჩემი შვილი ჩასვეს და გაუჩინარდნენ. როცა შვილს ვიცავდი, მეც მომხვდა ხელი. იარაღი არ შემიმჩნევია, ხელკეტებით იყვნენ. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ვეძებდი ყველგან, მერე პოლიცია თვითონ მოვიდა ჩემთან. ქურდულ გარჩევებთან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი, არ ვიცი. მას სახლში ისეთი არავინ მოყავდა. ბავშობაში ბაირამიდთან მეგობრობდა, მერე თუ რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდა, ვერ გეტყვით. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,“ - აცხადებს გივი ტყებუჩავა.

შეგახსენებთ, ფოთში 43 წლის მამაკაცი გუშინ მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული" - საპატრულო პოლიციის უფროსი

ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

"მკვლელობის მომენტში პოლიკლინიკასთან ვიყავი და საქმესთან შემხებლობა არ მაქვსო" - რას ამბობს ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული