ავტორი:

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს

ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამზე" ახალი კლიპი გააზიარა, რომელშიც ეგზოტიკური იმიჯის მქონე ახალგაზრდა ბიჭი მღერის. ეს მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მუსიკალური კონკურსებით გაიცნო ქართველმა მაყურებელმა.

ხვიჩა ახლა მოსკოვში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის გარდა, ახალი და საინტერესო პროფესია აქვს - ტურიზმის ბლოგერია და უამრავ საინტერესო ქვეყანაში მოგზაურობს.

AMBEBI.GE 26 წლის ქართველ მომღერალს მოსკოვში დაუკავშირდა:

- ხვიჩა, მუსიკალური კარიერის შესახებ მოგვიყევით, რომელიც საქართველოდან დაიწყო...

- 2015 წლის ზაფხულს, უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მუსიკალური შოუ "ვოისის" კასტინგზე მივედი. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება, რადგან დიდ სცენაზე მანამდე არ ვმდგარვარ. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ 13 წლის ასაკში ხმა გამიქრა და სიმღერა 20 წლის ასაკში ხელახლა დავიწყე.

გამიმართლა და "ვოისში" ქეთა თოფურიას გუნდში მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მენტორებიც შემომიტრიალდნენ, მე მაინც ქეთა ავირჩიე. პროექტის დროს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ქეთასთან და მის პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან. როდესაც ერთ-ერთ ლაივზე კონკურსის დატოვება მომიწია, ძალიან დაგვწყდა გული ყველას.

უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ, გადავწყვიტე მუსიკალური კარიერა გამეგრძელებინა. დედასთვის მთავარი იყო, დიპლომი მქონოდა, არ გავუტეხე გული და ჩავაბარე საოცნებო დიპლომი. ამის შემდეგ, ქეთას დავეკონტაქტე და ვუთხარი, რომ მოსკოვში ჩასვლა მინდოდა.

- მოსკოვში ვინ გელოდებოდათ?

- არავინ. 2016 წლის ოქტომბერში პირველად ჩამოვედი და დედამ შორეული ახლობელი მოძებნა, რომელმაც ერთი თვით საკუთარ სახლში მიმიღო. პირველ დღეს შევხვდი ქეთას, რომ არა ის, ვერ გავრისკავდი ამხელა ქალაქში ჩამოსვლას. მან მომიჩინა მენეჯერი, რომელიც შეხვედრებს მინიშნავდა. მთავარი მიზანი იყო, რომ უსაქმურად არ ვმჯდარიყავი და გამოცდილების მიღების მიზნით მაღალი დონის რესტორნებში და კლუბებში მემღერა.

სამი თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდი და პარალელურად ვამზადებდი ჩემ საკუთარ რეპერტუარს.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, აქ სულ სხვა ცხოვრების ტემპია. ქართულ მენტალიტეტს შეჩვეულმა მალე ვერ შევცვალე ყველაფერი. არ მყავდა მოსკოვში მეგობარი, რომელსაც გავუზიარებდი ჩემს ემოციებს. ბევრი პრობლემა შემხვდა და 2017 წლის თებერვალში მივიღე გადაწყვეტილება, თბილისში დავბრუნებულიყავი.

ქეთას ვუთხარი, ბედი ვცადე, მაგრამ ეს არ არის ჩემი-თქო. გულის სიღრმეში კი ძალიან მიმდოდა ყველაფრის გაგრძელება. ქეთამ მითხრა, მე ყოველთვის გვერდში დაგიდგებიო.

- სამშობლოში დაბრუნდით და ისევ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა...

- დიახ, თბილისში ჩამოსვლისას მიმიღეს "იქს ფაქტორის" კასტინგზე, სადაც სოფო ნიჟარაძის გუნდში მოვხვდი, თუმცა ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. პირველ საკონკურსო დღეს ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე იდგა, მაგრამ ორი სკამის ტურზე დავტოვე პროექტი. არ ველოდი, რომ ასე მალე დამთავრდებოდა ჩემი მოღვაწეობა „იქს ფაქტორში“.

ამის შემდეგ თბილისში მქონდა ბევრი შემოთავაზება, მყავდა ჩემი ბენდი, ვმუშაობდი სხვადასხვა ობიექტებზე, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ დავტოვე საქართველო. მივხვდი, რომ თბილისში მხოლოდ პროექტიდან-პროექტამდე შევძლებდი ცხოვრებას. სამთვიანი პოპულარობა - ეს არის რაც შეიძლება მოგცეს საქართველოში მუსიკალურმა პროექტმა.

მოსკოვში პირველი ჩამოსვლისას გავიცანი "მუს ტვ"-ს დირექტორი, რომელიც ყაზახეთში მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ და მისი მიწვევით წარვადგინე საქართველო. ქეთას სიმღერა "გული გეფერებოდა" შევასრულე და ლაურეატი გავხდი. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო მეორე შანსი - იქიდან პირდაპირ მოსკოვში გადმოვფრინდი და დავიწყე მუშაობა ქეთას გარეშე. უხერხულად ვიყავი, მინდოდა ბედი ამჯერად საკუთარი ძალებით მეცადა.

- ისევ ბარებში სიმღერას დაუბრუნდით?

- დიახ, ვმღეროდი ბარებში, ვაგროვებდი ფულს და ვცდილობდი საკუთარი პროდუქტი შემექმნა. დავწერე ათ სიმღერამდე. ის სიმღერაც, რომლის კლიპიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გაშუქდა, სწორედ მაშინ დავწერე. ახლა პროდიუსერი არ მყავს, რადგან ამ მომენტში ბაზარზე თუ ფინანსურად არ დააინტერესე ვინმე, ნაკლები შანსია, რომ თავისით შეგამჩნიოს და შენში ფინანსები და ენერგია ჩადოს.

- მეორე პროფესიის შესახებ მოგვიყევი, რომელმაც მოულოდნელად შეცვალა შენი ცხოვრება.

- ერთი წლის წინ ერთ-ერთ ფართიზე ვმღეროდი, სადაც ახალგაზრდა ბლოგერები გავიცანი. ჩემი პროფესიაა - ტურიზმის ადმინისტრირების მენეჯერი და მათ შემომთავაზეს, რომ ჩემი მუსიკალური კარიერის პარალელურად, მათთან ერთად მემოგზაურა და გავმხდარიყავი ბლოგერი. რუსეთში ეს პროფესია ძალიან მაღალ დონეზეა. ჩემ მეგობრებს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ "ინსტაგრამზე", "ინფლუენსერები" არიან, მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში.

პირველი ორი მოგზაურობისას მათ ვეხმარებოდი, როგორც ფოტოების გადაღებაში ასევე, სხვადასხვა კონტენტის შექმნასა და დაგეგმვაში. ვისწავლე კადრის გასწორება, გადაღება. ნულიდან მომიწია ყველაფერის სწავლა. ექვსი თვის მანძილზე ვიმოგზაურე იტალიაში, მალდივებზე, დუბაიში, იაპონიაში, საუდის არაბეთში. ჩემი ცხოვრება საერთოდ შემოტრიალდა და ექვსი თვით დაპაუზდა ჩემი მუსიკალური კარიერა.

"ინსტაგრამზე" ახლა 69 ათასი მიმდევარი მყავს და 80 პროცენტი რუსულენოვანია. ვავითარებ ჩემ ბლოგს, უკვე მქონდა რამდენიმე სარეკლამო კონტრაქტი, რომელსაც საკუთარ გვერდზე ვარეკლამებ.

რაც შეეხება ხელოვნებას, რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ჩემი პირველი კლიპი, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე გადავიღე. ეს გახლდათ მე-17-18 საუკუნის საფრანგეთის კოსტუმირებული ფართი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა კლიპმა. ახლა უკვე მზად მაქვს ჩემი მინი ალბომი, თუმცა კარანტინის გამო სამი თვით გაჩერდა ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ვშრომობდი და ვაკეთებდი.

ერთი წელია საქართველოში არ ჩამოვსულვარ, ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები. მინდა, რომ ჩემი ალბომის არანჟირება საქართველოში გავაკეთო, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის ბოლოს ჩამოვალ. მყავს ორი და და დისშვილები, დედას და მათ ძალიან ვენატრები, ერთი სული მაქვს გაიხსნას საზღვრები და ჩამოვიდე ჩემებთან.

- კორონავირუსის პანდემიამ შენი ცხოვრება როგორ შეცვალა?

- ერთი თვე მოსკოვში ჩემს ბინაში ვიყავი გამოკეტილი. აპრილი-მაისი, მეგობრებთან ერთად წავედი ერთ-ერთის აგარაკზე "პადმასკოვიეში", ტყეში და იქ ვცხოვრობდით. ახლა ისევ ჩამოვედით მოსკოვში, ნელ-ნელა იწყებს ყველაფერი გაცოცხლებას. გაიხსნა რესტორნები და ბარები, მალე ალბათ სამსახურის კუთხითაც ყველაფერი დაიწყებს მუშაობას.

ცოტა ხნის წინ კიდევ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მაჩუქეს ლეკვი. წინა ახალ წელს მეგობარს მე ვაჩუქე ფრანგული ბულდოგის ლეკვი და დიდი ხნის ოცნება ავუსრულე. ახლა ამ მეგობარმა მე მაჩუქა ფრანგული ბულდოგის ლეკვი. ახალგამომცხვარი მამასავით დავტრიალებ და ვუვლი, ღამეებს ვუთენებ.

- მოსკოვში ქართულ დიასპორასთან თუ გაქვს ურთიერთობა, იკრიბებით წარმატებული ქართველები?

- აქ ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ, ჩემი უახლოესი მეგობარია ელენე მეტრეველი, რომელიც ცნობილი ხელოვანია, მხატვარი. გული მწყდება, რომ აქ ქართული დიასპორა დიდად ვერ მუშაობს, როგორც სხვა ქვეყნის დიასპორები. მე ვყოფილვარ მაგალითად, ბელორუსული დიასპორის შეკრებაზე და ვნახე როგორ უდგანან ერთმანეთს მხარში. მე არ შემხვედრია აქ ქართული დიასპორა, წარმატებული ქართველები აქ ერთად არ იკრიბებიან, მე მსგავსი რამე არ მინახავს.

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - ფანების და მედიის ვარაუდით, მომღერალს დიპლომატმა შეყვარებულმა ხელი თხოვა