ავტორი:

"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის კლასელები "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებენ და მომხდარის გამო პედაგოგების გულგრილობაში დადანაშაულებას ეხმიანებიან.

სკოლა "ალბიონის" XI კლასელების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით სკოლა "ალბიონის" XI (I) კლასის სახელით.ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებასა და ჩვენი სკოლის ორი მასწავლებლის დადანაშაულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მთელმა კლასმა განვიცადეთ ის უბედურება, რომელიც შარშან, 26 მაისს დატრიალდა. ყველა ასე თუ ისე ვიცნობდით სოფის, მუდამ ვხედავდით მოცინარს და მომღიმარს და ჩვენთვის ძნელად დასაჯერებელი იყო ის, რაც მოხდა…

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სოფის ოჯახს და ახლობლებს. გვესმის თქვენი, რომ ცდილობთ, სამართლის მიღწევას და გინდათ, რომ დამნაშავე დაისაჯოს. თუმცა ჩვენ, როგორც ალბიონელები, როგორც სოფის ნაცნობები, როგორც რიგითი მოსწავლეები და სოფის თანატოლები, ვფიქრობთ, რომ პედაგოგების დადანაშაულება სულაც არაა სამართლიანი.

ბრალდების ფორმულირება: "გულგრილობა" საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენთვის ამ ორ ადამიანზე, ჩვენთვის საყვარელ პედაგოგებზე. არც ერთ ადამიანს არ უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა, თუმცა იმის შემდეგ, რაც მისი სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ ჩავარდა, თოკით ამოიყვანეს.

კარგად გვახსოვს, როგორ კოჭლობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება ნელი მასწავლებელს, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. იმ დღის ყველა დეტალი სოფის კლასელებმა დაწერეს და გამოაქვეყნეს, რათა საზოგადოებას სიმართლე გაეგო. რაც შეეხება ჩვენს (შესაძლოა, სუბიექტურ) მოსაზრებას, ვფიქრობთ, რომ პროკურატურა შეცდომაში შევიდა. ვფიქრობთ, არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ ორ მასწავლებელთან, ვერ იტყვის იმას, რომ ბრალდება სამართლიანია და ისინი მართლაც გულგრილად შეხვდნენ სოფის ამბავს.

ჩვენ ბოლომდე გვჯერა იმის, რომ გამოძიება არაა სამართლიანი და დამნაშავე ადამიანები სინამდვილეში სხვაგან უნდა ვეძიოთ. ჩვენ ვიცნობთ ორივე მასწავლებელს და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი საზოგადოებისგან ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იმსახურებენ! პატივისცემით, სკოლა "ალბიონის" მე-11 კლასი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ორი პედაგოგისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იოსებ აბრამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

"გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე... მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!" - მირიან ნიკოლაძე მიმართვას ავრცელებს

"შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია" - გიორგი შაქარაშვილის და ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლას ეხმაურება

"სოფის ტრაგედიამ სკოლის დირექტორს ერთადერთი შვილის გარდაცვალებით გამოწვეული იარები გაუხსნა" - "ალბიონის" განცხადება გარდაცვლილ მოსწავლესთან დაკავშირებით