ავტორი:

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ქართველი მილიარდერი, ექსპრემიერი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა.

წლების მანძილზე ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, 2012 წელს იძულებული გახდა, რომ ეს წრე გაერღვია და მის შესახებ არსებული მითების ფონზე პოლიტიკაში ეცადა ბედი.

ბიძინა ივანიშვილის მშობლები

ლეგენდარული ქართველი მეცენატის შესახებ მაშინ საზოგადოებამ ერთადერთი ის იცოდა, რომ ხელოვან ადამიანებს დახმარებას წლების მანძილზე ურიცხავდა და ასევე საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო საზოგადოებამ რეპერი ბერა ივანიშვილი და დღემდე, ის ერთადერთი გამონაკლისია მილიარდერის ოჯახიდან, ვისი ცხოვრების შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი.

ივანიშვილის კიდევ სამი შვილის შესახებ კი საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ გვანცას უყვარს ასტროლოგია, ცოტნე კარგად ხატავს და უტა ევროპაში ცხოვრობს.

ამჯერად გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალესანდრე ივანიშვილის საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგიყვეთ. ალექსანდრეს და მისი უფროსი ძმის, ადიკოს სახელებმა სხვადასხვა კონტექსტით მედიაში არაერთხელ გაიჟღერა. ცნობილია, რომ ადიკო ივანიშვილი მილიარდერის უფროსი ძმაა. როგორც ამბობენ, ძალიან უყვარს ქართული სუფრა და ხანდახან ჟურნალისტებთან ისეთი რაღაცები წამოსცდება ხოლმე, რაც არ უნდა თქვას. ამის გამო 2017 წელს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. მაშინ ადიკო ივანიშვილმა კამერების წინ არჩევნებზე მისი ფავორიტი კანდიდატის შესახებ ისაუბრა, მოგვიანებით კი ამაზე განმარტების გაკეთება მოუწია:

"ბიძინამ მითხრა, რომ არ ჩავერიო არაფერში, რომ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა და მორჩა. გპირდებით, რომ აპოლიტიკური გავხდები და არავის კომენტარს არ მივცემ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ადიკო ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მეორე ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა, როგორც ამბობენ, ბიზნესმენ ძმას იმედები გაუმართლა.

ალექსანდრე ივანიშვილი ოჯახთან ერთად

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც "ქართული ოცნება", როგორც პარტია პოპულარობის პიკზე იყო, ალექსანდრე ივანიშვილი სკანდალში გაეხვა. ერთ დღეს ქართულ მედიას, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ქალბატონი მზია ხინჩაგაშვილი დაუკავშირდა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას წლების წინ ალექსანდრე ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსიმ შვილი ოფიციალურად არ აღიარა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დედა-შვილს წლების მანძილზე ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად ცნობას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.

მზია ხინჩაგაშვილი, შვილთან (თეონასთან) ერთად

სასამართლო წლების მანძილზე გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მიმდინარე პანდემიის ფონზე, როგორც ჩანს, მედიას ეს ამბავი გამორჩა და არ გაშუქდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს.

თეონა ხინჩაგაშვილი-ივანიშვილი

"მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოში უპატიოსნეს ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილს, ლაშა შუკაკიძეს და ლია ხუციშვილს უანგარო დახმარებისთვის. ასევე მოსამართლეებს, რომლებიც მთელი ოთხი წლის მანძილზე ჩემ საქმეს იხილავდნენ და სამარლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს ასეთ რთულ დროს. 30 წლის შემდეგ ჩემი კანონიერი გვარი მომანიჭეს, ივანიშვილი... ძნელია როცა მამა გიჩივის და სამართალს ეძებ საქართველოში..." - წერდა თეონა ივანიშვილი-ხინჩაგაშვილი სოციალურ ქსელში, 12 მარტს.

თეონას ადვოკატები ზაზა ხატიაშვილი და ლაშა შუკაკიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ადასტურებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გოგონას სასარგებლოდ გამოიტანა.

"დიახ, სასამართლომ თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი ივანიშვილის შვილად ცნო და გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში ჩავაბარეთ. ქალი ახლა თეონა ივანიშვილი ალექსანდრეს ასულია. რაც შეეხება თქვენს კითხვაზე, როგორ შეხვდა ამ ფაქტს ივანიშვილების ოჯახი, არ ვიცი, მიაკითხეთ, ჩვენთვის არაფერი უთქვამთ", - აღნიშნა ლაშა შუკაკიძემ.

რეალურად კი ალექსი ივანიშვილი ამჟამად საკმაოდ მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. მილიარდერის ძმას ცოლად სამედიცინო განათლების მქონე ქალი, ქეთი ხარაიძე ჰყავს, რომელთანაც სამი შვილი - კესო, გრიშკა და ციცინო შეეძინა. შვილებს გრიშკა და ციცინო მშობლების პატივსაცემად დაარქვა. ალექსი ივანიშვილის უფროსი შვილი კესო ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს.

ალექსანდრე ივანიშვილი კესო და ციცინო ივანიშვილებთან ერთად

ალექსანდრე ივანიშვილი, დედასთან (ხელმარცხნივ მდგომი ქალბატონი) და შვილთან ერთად

თბილისში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ტურიზმის მენეჯმენტს ეუფლება.

კესო თანამედროვე გოგონაა, ძალიან უყვარს მოგზაურობა და მის "ინსტაგრამის" გვერდს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობს და შთაბეჭდილებებს საკუთარ მიმდევრებს უზიარებს.

ივანიშვილების დიდი ოჯახიდან ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც არ იმალება, ღიად წერს მამისა და ბებიის შესახებ, აქვეყნებს მათ ფოტოებს და ოჯახს არასოდეს მალავს.