ავტორი:

ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე

ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც პირადად მუშაობს თემაზე, ამტკიცებს, რომ აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბილანიშვილია.

"კაწროს" შაქარაშვილის საქმესთან კავშირზე "მთავარმა არხმა" არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული საქმის ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აძლევდა ხელს, რადგან დაკავებული "ნახალოვკელი" მორაგბეები ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან, ბილანიშვილი კი, თავის მხრივ "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია - ის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია.

არსებული ინფორმაციით, ექს-პრემიერის რეპერი ვაჟი "კაწროს" მეჯვარე და შვილის ნათლიაა და ამ კავშირების წყალობით, ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული სამეგობროს მფარველობას ახერხებს.

იმას, რომ ბილანიშვილი და ბერა ივანიშვილი ნამდვილად მეგობრობენ, მოწმობს "კაწროს" "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ათობით ფოტო, რომლებიც 2015 წლიდან თარიღდება. ფოტოებში ჩანს, რომ ბილანიშვილსა და ივანიშვილს ერთი სამეგობრო ჰყავთ, ერთობიან ბათუმში, შეკვეთილში თუ ბორჯომის სასტუმროში რეპერის დაბადების დღეზე და ა.შ.

2016 წელს ბერას დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო

ბილანიშვილი მეუღლესთან და ბერა ივანიშვილთან ერთად

გვარამიას თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, არის თუ არა "კაწრო" ის პირი, რომელიც დიდუბის სადგურთან გადაღებულ კადრებში ჩნდება და შეხვდა თუ არა ის გურამ ამირხანაშვილს.

გამოძიება ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ მუშაობს, თუმცა ავთანდილ ბილანიშვილის კავშირს შაქარაშვილის საქმესთან, მისი გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს. "მთავარი არხის" რეპორტაჟს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა "კაწროს" მეუღლე ნათია. აი, რას წერს ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე მთავარ არხს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას.

უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.

და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ.ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს "ნახალოვკაში", ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო.

ადვილია იმის თქმა, - "შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს", ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან" "მაგათ არაფერი დაეჯერებათ" და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს!

მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში" - წერს ავთანდილ ბილანიშვილის მეუღლე.

ადგილობრივის ინფორმაციით, გოლთეთში ორი ბიჭი თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა - "ტვ პირველი"

მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"