ავტორი:

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

რაც არ უნდა შეიცვალოს, წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ზაფხულის გატარება საქართველოში მოუწევს. ცუდია, რომ საზღვრებს მიღმა გასვლა ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ეს ერთგვრად კარგიც არის - ერთი, რომ ამით დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, ბიზნესს და მეორე - უმეტესობას საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები დათლიერებული არც აქვს. თემაზე, როგორ და სად აპირებს ზაფხულის გატარებას, გავესაუბრეთ პოპულარულ მსახიობს, ლელა მებურიშვილს.

- პანდემიამდე დაგეგმილი ხომ არ გქონდათ ზაფხული და სად გინდოდათ, რომ გაგეტარებინათ?

- ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო, რადგან შედარებით მეტი დრო მაქვს იმისთვის, რომ შვილებთან და ოჯახთან ერთად ვიყო, მოგზაურობისთვისაც მოვიცალო და ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას ვახერხებ. საერთოდ, მრავალფეროვან დასვენებას წინასწარ ვგეგმავთ ხოლმე. აქამდე ასე იყო, აუცილებლად მივდიოდით სადმე საზღვარგარეთ, ზღვაზე, მთაში. ხანდახან ბევრი მეგობარი ერთად, ოჯახებით ვახერხებდით ერთი კვირით მაინც სადმე გასვლას, ან უბრალოდ, ბავშვების გარეშე ერთი-ორი დღე მაინც განტვირთვას. სამწუხაროდ, წელს ზაფხულის და არამარტო ზაფხულის გეგმები ყველას შეგვეცვალა. დასვენება კი არა, სრულყოფილად, მუშაობაც აღარ გამოგვდის. ბევრი კარგი და საინტერესო პროექტი ჩაიშალა იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში, რეგულაციების გამო არ შეიძლება ქვეყნიდან გასვლა.

- პანდემიის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში - როგორ გადის ზაფხული და სად, როგორ ისვენებთ?

- პანდემიის გამო გამოწვეული ამდენი დისკომფორტის მიუხედავად, ვფიქრობ, დადებითი მხარეებიც არ უნდა დავივიწყოთ. ბევრი დრო გამოვნახეთ ოჯახებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის და აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარეების დასალაშქრად. ნამდვილად უამრავი ფანტასტიკური ადგილია, რომელიც არ გვინახავს და აუცილებლად უნდა ვნახო.

- გამოწვევას - გაატარე ზაფხული საქართველოში და დაეხმარე ქართულ ბიზნეს, ამ მიმართულებით რას ფიქრობ?

- ივნისში ვიყავით უკვე ბათუმში და კახეთში - ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ვაპირებ რაჭაში, სვანეთში გამგზავრებას და მაქსიმალურად ბევრი ადგილის მონახულებას, ისეთის, რაც აქამდე არ მინახავს.

- საერთოდ როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური, ანუ ხალხმრავალ ადგილებში, თუ სიმშვიდე მოგწონს?

- უმეტესწილად უპირატესობას ვანიჭებ მშვიდ დასვენებას, ლამაზ ბუნებაში ყოფნას, სადაც ცოტა ხალხი და სიწყნარეა. თუმცა ზოგჯერ ხალხმრავლობაც აუცილებელია - ბევრი მეგობარი, ხმაურიანი, აქტიური დასვენება, მოგზაურობა და გართობა...

- რეგულაციებიდან ბევრი რამ ჩვენს ქვეყნაში შერბილდა და მოიხსნა. რას იტყვი ამაზე და იცავ თუ არა თავს ხალხმრავლობისგან?

- წელს მაინც ალბათ უფრო ვიწრო წრით შემოვიფარგლებით და მხოლოდ ძალიან ახლობლებს შევხვდებით. ახლა სიმშვიდეა და ისე შეშინებულები აღარ ვართ. ყველაფერი იმაზე მარტივად წარიმართა, ვიდრე მეგონა. ვფიქრობ, თუ ყველა წესს დავიცავთ, ასევე უმტკივნეულოდ დამთავრდება ეს უცნაური პერიოდი. საქართველოში ყველგან, სადაც მომიწია ყოფნა, ზედმიწევნით მკაცრად იცავენ წესებს, რაც ძალიან მიხარია. ასე რომ, ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო და მოიარონ საქართველო. თვითონაც ისიამოვნებენ და ეროვნული ბიზნესის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ.

"ზღაპარში ვიყავი, ბავშვივით მიხაროდა გადაღებებზე მისვლა" - მასტერშეფის“ სამზარეულო ყველაზე პოზიტიურმა მონაწილემ დატოვა

"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე

გენეტიკა, თუ პლასტიკური ქირურგიის ძალა - როგორ გამოიყურებიან ულამაზესი ცნობილი ქალების დედები