ავტორი:

გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"

გამაოგნებელი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ციხეში სხვის ნაცვლად ჩასვეს - "ჩემი ქმარი სიკვდილით დასაჯეს... ელექტროსკამს ცეცხლი გაუჩნდა და ის ზედ დაიწვა"

სამართლის პოვნა რომ მარტივი არ არის, ამას არაერთი შემთხვევა ადასტურებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, ადამიანები, რომლებიც მოსამართლის მცდარი გადაწყვეტილების, ან კარგად დაგეგმილი შეთქმულების მსხვერპლნი ხდებიან.

სწორედ სამ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ. ამ ისტორიებს BBC აქვეყნებს.

  • რობერტ ბრაუნი - 25 წელი იჯდა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია

გლაზგოში დაბადებული ბრაუნი 19 წლის ასაკში დამნაშავედ სცნეს მკვლელობაში, რომელიც მას არ ჩაუდენია. რობერტი 1977 წელს მანჩესტერში დააკავეს და მას ბრალად დასდეს 51 წლის ქალის, ენ უელშის მკვლელობა.

ბრაუნი მანჩესტერში "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის სანახავად იმყოფებოდა, რა დროსაც გაიცნო გოგონა, ვის გამოც ამ ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა.

ბრაუნი ციხიდან გამოსვლის დღეს

მამაკაცი ამბობს, რომ ის ცდილობდა ახალი ცხოვრება თავისი მშობლიური ქალაქისგან შორს აეწყო.

"პოლიციამ ეს შესაძლებლობა წამართვა, წამართვა უფლება ჩემს საყვარელ გოგონასთან ერთად მეცხოვრა, გოგონასთან, რომელზეც ვზრუნავდი და რომელიც მიყვარდა. ამ ამბავმა მასზეც მოახდინა გავლენა და 35 წლის ასაკში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა“, - ამბობს ბრაუნი.

როგორც BBC წერს, რობერტ ბრაუნი ენ უელშის მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ დააკავეს.

"პოლიციის განყოფილებაში ორი დღის განმავლობაში მცემდნენ და ენ უელშის მკვლელობაში მდებდნენ ბრალს“, - იხსენებს ბრაუნი. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ამბობდა, რომ ასე პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო მოიქცა.

რობერტ ბრაუნი ახლა

პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ათი წლით ადრე მას შეეძლო შეწყალებით ესარგებლა, მაგრამ უარი თქვა, რადგანაც ეს ნიშნავდა, რომ დამნაშავე იყო.

"დედაჩემი მევედრებოდა, გამომეყენებინა ეს შანსი, მაგრამ ეს რომ მექნა, გამოდიოდა, რომ მართლა მკვლელი ვიყავი, ჩემს სულს მივყიდდი ეშმაკს და ვერასოდეს ვიქნებოდი ბოლომდე თავისუფალი“ - ამბობს ბრაუნი.

2002 წელს სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი გახდა "შეთქმულების თეორიის“ შესახებ, რომელშიც მანჩესტერის პოლიცია იყო ჩართული. მალე გაირკვა, რომ ბრაუნი უდანაშაულო იყო და 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ეს საოცარი გრძნობა იყო, გამარჯვების გრძნობა, თუმცა ამავდროულად, მქონდა განცდა, რომ ეს ცარიელი გამარჯვება იყო, არაფრისმომცემი გამარჯვება. ის დრო, რაც ციხეში გავატარე, ნებისმიერ ადამიანს ბოლოს მოუღებდა. ახლაც, გათავისუფლებიდან წლების შემდეგ, არ მასვენებს ფიქრები იმაზე, თუ რა გამიკეთეს მათ და ალბათ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე იქნება“, - ამბობს ბრაუნი.

  • პიტერ პრინგლის მოპარული 15 წელი

პიტერს მკვლელობაში დასდეს ბრალი და 1980 წელს პატიმრობა შეუფარდეს. პიტერი დუბლინში დაიბადა და გაიზარდა. ის ახლა 81 წლისაა და ძალიან ბრაზობს თავის წარსულზე. ციხეში მოხვედრამდე მეთევზედ მუშაობდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.

პიტერი 41 წლის ასაკში დააპატიმრეს და ბანკის გაძარცვა, ამავდროულად, მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მკვლელობა დასდეს ბრალად.

„ამ საქმესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მქონდა“, - ამბობს პრინგლი. მისი თქმით, ბანკი გაძარცვეს დაახლოებით 80 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც იმ მომენტისთვის იმყოფებოდა.

„მე ალკოჰოლიკი ვიყავი. იმ დროს სასმელზე სერიოზული პრობლემა მქონდა, დაძლევას ვცდილობდი და მე-12 სესიაზე ვიყავი. პოლიციელები მომვარდნენ, განყოფილებაში წამიყვანეს და გამისწორდნენ. არაფერში ვიყავი დამნაშავე“, - ამბობს პიტერი.

თავდაპირველად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ხოლო სიკვდილით დასჯამდე ორი კვირით ადრე გადაწყვეტილება შეცვალეს და 40 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ციხეში მან სამართალი შეისწავლა და იბრძოდა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. საწადელს 1995 წელს მიაღწია. პიტერს უდანაშაულობის დამტკიცებაში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები დაეხმარნენ. საბოლოოდ, სიმართლე 1995 წელს დადგინდა.

პიტერი ამბობს, რომ საშინელი გამოცდილება მიიღო, უიმედობის, სასოწარკვეთის, თუმცა საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახლა ეს გამოცდილება ცხოვრებაში ეხმარება.

"საშინელი დანაკარგის, საშინელი სიბნელის განცდა დღემდე არ მშორდება“, - ამბობს პიტერი. ის ახლა საყვარელ ქალთან, სანი ჯეიკობსთან ერთად ცხოვრობს. საოცარი ისაა, რომ სანიც უდანაშაულოდ იჯდა ციხეში და სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო საპატიმროში 17 წელი გაატარა.

  • სანი ჯეიკობსის მოპარული 17 წელი

სანი ჯეიკობსი 1976 წელს თავის ყოფილ ქმართან ერთად, ფლორიდაში, პოლიციის ოფიცრების მკვლელობაში დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ციხეში 17 წელი გაატარა და საბოლოოდ, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა.

ჯეიკობსი ნიუ იორკში, ქუინსში დაიბადა. ამბობს, რომ მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, რომელიც დაშავებულ ცხოველებზე ზრუნავდა. 18 წლის ასაკში მას უკვე ვაჟი ჰყავდა და ამბობს, რომ მთლიანად ბავშვის აღზრდაზე იყო კონცენტრირებული. ათი წლის შემდეგ, 1976 წელს ის ჯეს ტაფეროზე დაქორწინდა და მეორე ბავშვი შეეძინა.

შემთხვევა ასე მოხდა: ჯეიკობსს, მის მეუღლეს და ბავშვებს მანქანაში ეძინათ, როდესაც პოლიცია მივიდა და მანქანების შემოწმება დაიწყო. უეცრად ერთ-ერთმა მძღოლმა, ვოლტერ როდსმა, მათ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა უბრძანა და გაიქცა, მაგრამ ქუჩაზე ბარიერი დახვდათ და გაჩერდნენ.

შემთხვევის ადგილას ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი პოლიციელი გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ჯესი და სანი დამნაშავეებად მიიჩნიეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

სანი ჯეიკობსი ხუთი წლის განმავლობაში, საკანში მარტოდმარტო იყო და განაჩენის აღსრულებას ელოდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. მისი ქმარი კი, სიკვდილით დასაჯეს.

„სიკვდილმისჯილთათვის განკუთვნილი ელექტრო სკამი დაზიანებული იყო, ცეცხლი გაუჩნდა და ჩემი ქმარი ზედ დაიწვა. საშინელი სიკვდილით მოკვდა. ეს პროცესი 13 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. როდესაც ჩვენმა გოგონამ გაიგო მამას რა დაემართა, 15 წლისამ თვითმკვლელობა სცადა" - ამბობს სანი.

ჯესის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ვოლტერ როდსმა აღიარა, რომ საბედისწერო გასროლები მან განახორციელა და ჯეიკობსი 1992 წელს ციხიდან გამოუშვეს, მაშინ ის 45 წლის იყო.

პიტერი და სანი - ადამიანები, რომლებმაც ციხეში სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო წლები გაატარეს და ბოლოს ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს

"როდესაც ციხიდან გამოვედი, ერთი ცენტიც კი არ მქონდა ჯიბეში, არ მქონდა პირადობის მოწმობა, სრულიად შეცვლილი დამხვდა სამყარო, თითქოს სხვა პლანეტაზე გამოვედი“, - ამბობს სანი. მისი თქმით, მდგომარეობის დაძლევაში იოგა და მედიტაცია დაეხმარა, შეწყვიტა მძიმე წარსულზე ფოკუსირება. ახლა კონცენტრირებულია დარჩენილ ცხოვრებაზე.

"ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან“, - ამბობს სანი.

სანი და პიტერი 1998 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ქალი ირლანდიაში Amnesty International-ის ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. ისინი ახლა ირლანდიაში ერთად ცხოვრობენ, პატიმრების პრობლემებს ისმენენ და ეხმარებიან მათ, კონცენტრირებულნი არიან ადამიანის უფლებების დაცვაზე.

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?