ავტორი:

"რუს ტურისტებს აღარ უნდათ უკან წასვლა" - რატომ არ საუბრობს მეუღლეზე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში

"რუს ტურისტებს აღარ უნდათ უკან წასვლა" - რატომ არ საუბრობს მეუღლეზე ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში

ერთი წლის წინ მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. მომღერლის ახალი თანამდებობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა სოფო დღემდე პოსტზეა და აჭარის რაიონში ღონისძიებების დაგეგმვას ხელმძღვანელობს.

ამბობს, რომ კმაყოფილია საკუთარი საქმით. პანდემიის პერიოდი კი იმისთვის გამოიყენა, რომ დრო შვილებისთვის და საყვარელი საქმისთვის, კულინარიისთვის დაეთმო...

- სოფო, რა მდგომარეობაა ახლა ბათუმში, რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?

- ბათუმში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. პანდემიამ ხელი შეგვიშალა და რამდენიმე ფესტივალი გაუქმდა. რაც დარჩა, იმაზეც შევამცირეთ თანხები, რადგან არ ვიცოდით რა მდგომარეობა იქნებოდა. კინოფესტივალი, ელისო ბოლქვაძისა და ლიანა ისაკაძის ფესტივალები აუცილებლად გაიმართება. ასევე გიორგი გარაყანიძის ფოლკლორული ფესტივალი და აქვე განვმეორდები, რომ - არა იმ მასშტაბის, როგორც დაგეგმილი იყო.

- კლუბები, ბარები თუ მუშაობს აჭარაში?

- მხოლოდ ნაწილი, რადგან დახურულ სივრცეზე ბარიერი მოხსნილი არ არის. კაფეები ჩვეულებრივად მუშაობს.

- რამდენიმე სტატუსი შემხვდა ბოლო დროს სოციალურ ქსელში, რომ ბათუმში ბევრი რუსი ტურისტია, ვინ არიან ეს ხალხი, პანდემიის დროს დარჩნენ თუ ახლა შემოვიდნენ?

- დიახ, ბევრია ვინც პანდემიის დროს ჩარჩა და მინდა გითხრათ, რომ აღარ უნდათ უკან წასვლა. ამ ეტაპზე ბევრი დამსვენებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მიხარია, რადგან მოწოდება, რომ "დაისვენეთ საქართველოში", გაითვალისწინეს.

- ორი დღის წინ ირინა ონაშვილმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომ ზღვის ნაპირზე დიდი რაოდენობით ხავსი და ჭაობი იყო, რა ხდება, რამდენად მასიურია ეს პრობლემა?

- არ ვიცი არაფერი. ზღვა იმხელაა და ნაპირი, რომ ყველგან შეიძლება რაღაც ვიპოვოთ. შეგვიძლია ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ, რადგან პანდემიის პერიოდში ადამიანები იმას ვერ აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. გავიდეთ კარგ ნაპირას და ის ფოტოები დავდოთ. ყოველთვის შეიძლება რამე ნაკლი მოვძებნოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ მდგომარეობაშია საქართველო, უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ დაისვენონ ბათუმში. მწვანე ზონაა აჭარა... არ მინახავს ეს სტატუსი, არ ვიცი, რაზე მესაუბრებით. ჭუჭყი და ხავსი შეიძლება ყველგან შეგვხვდეს.

- პანდემიის პერიოდი როგორ გადაიტანეთ?

- სამსახურში მისვლა მაინც მიწევდა, მაგრამ ღონისძიებებზე დაკავებული არ ვიყავი. დავკავდი იმით, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ვაკეთებდი. ჩემ შვილებთან ერთად ვიყავი, ვაკეთებდი სხვადასხვა სახის კერძებს. ვმღეროდი ბავშვებთან ერთად.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, რაც ჩინოვნიკის სტატუსით ცხოვრობთ?

- ჩემი თავისთვის ნაკლები დრო მაქვს. დანარჩენი, ვცდილობ, რომ იმ ადამიანებს ხელი შევუწყო, ვისაც ამისი საჭიროება აქვს და მაქსიმალურად დავეხმარო და გვერდით დავუდგე. ყველა ქართველ ვარსკვლავთან მაქვს ურთიერთობა და მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი ღონისძიება გამომივიდეს.

- მეუღლე რამდენად გიდგათ მხარში, როდესაც ასეთი დაკავებული ხართ?

- მეუღლესთან დაკავშირებით კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თავს შევიკავებ, ძალიან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება

ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

"ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა