ავტორი:

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

„გამარჯობა! მე მომღერალი ვარ! დიახ, მომღერალი და არა ვოკალისტი! ჩემი მთავარი მიზანია, ვიყო არავისტი და თავისუფლება მოვიპოვო ჩემი სულის სიღრმეში, სადაც იბადება ჩემი სიმღერა, სადაც დიდი ტკივილია, სადაც იშვიათი, მაგრამ ნამდვილი სიხარულია, სადაც არ არის სიყალბე და ყველაფერი თბება გულიდან და სისხლის წვეთებად ჩამოდენილი სიწრფელით. სიმღერა ჩემთვის ერთგულებაა ჩემი მსმენელისადმი. სიმღერა სიყვარულია ჩემი სამშობლოსადმი, სიმღერა სამადლობელია ჩემი მშობლებისადმი და განსაკუთრებით დედისადმი, ვინც თაფლად ჩაღვარა ჩემში იმერული ნანა, რომელიც დღესაც ჩამესმის, შორიდან, ტაძრის გუმბათიდან გამოჟონილი შუქი გალობასავით! ქართული სიმღერა ჩემთვის შეუფასებელი სიმდიდრეა, სადაც უთავალავი ფერი და სილამაზეა, სწორედ ამ უთალავ სამყაროში მინდოდა შეფრენა პატარა ბიჭს და ამ მაგიურმა სილამაზემ გამიჩინა საშინელი წყურვილი სიმღერის. ეს გზა არ არის არჩევანი და სხვა ვერც იქნებოდა, რადგან ეს არის ის ერთადერთი გზა, სადაც შემიძლია ვისუნთქო შესაბამისად, ვიარსებო სიმღერით“ - ეს სიტყვები ოპერის მომღერალს გოჩა აბულაძეს ეკუთვნის, რომელიც თავის ახალ ალბომს წინასიტყვაობად წაუმძღვარა. ქართულ სიმღერაზე ბევრს დაუწერია, მაგრამ ასეთი გრძნობით ალბათ იშვიათად და ეს გრძნობა მომღერლის ქართულად ნამღერ ჰანგებს ყოველთვის ეტყობა.

"ბრავო რექორდსში" გოჩა აბულაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია შედგა, რომელიც „ბრავო რექორდსის„ ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ წარმოგვიდგინა. ალბომის სახელწოდებაა "აბული". ალბომში შესულია 10 ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია: „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“, „მთვარეო“, „ტრიალებს“, „იაგუნდი“, „დაიგვიანეს“, „განშორების სიცივე“, „სხვა საქართველო სად არის“, „თოვს“, „როგორც ჩიტი გალიაში“ და „ჰერიო ბიჭებო.

სიმღერების უმეტესობაში აკომპანიმენტს მუსიკოსი დათო ლონდარიძე უწევს და თითოეული ნამუშვარი მომღერალს თავისებური ხედვით მოაქვს მსმენელამდე. პრეზენტაციის ბოლოს გოჩა აბულაძემ ჟურნალისტებს ძმასთან ერთად კვლავაც დათო ლონდარიძის აკომპანიმენტით შეუსრულა რამდენიმე სიმღერა ახალი ალბომიდან.

მომღერლის მუსიკალური კარიერა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის და თბილისის კონსერვატორიის დამთავრებიდან იწყება, რის შემდეგაც, სწავლა იტალიაში განაგრძო, სადაც გამოჩენილ საოპერო ვარსკვლავებთან ორი წელი სწავლობდა. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი არტისტები: ლუბა ლომაკინა, ნოდარ ანდღულაძე, მონსერატ კაბალიე, ვილიამ მატეუცი, რაინა კაბაივანსკა, ლელა კუბერლი, ვაჟა ჩაჩავა და ა.შ. ის ათამდე საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. მისი წარმატებული ევროპული კარიერა უკავშირდება ისტორიულ საოპერო თეატრებს, როგორებიცაა „არენა დი ვერონა“, „მარმის რეჯოს თეატრი“, „ბუსეტოს ვერდის თეატრი“, „კალიარის თეატრი“, ლონდონის „გრეინჯ პარკ ოპერა“, „მონპელიე“, „ვერონას ფილარმონიკოს თეატრი“ და სხვ. ამ თეატრებში ოცდაშვიდი მთავარი როლი აქვს შესრულებული.

მომღერალს უთანამშრომლია ისეთ დიდ არტისტებთან როგორებიც არიან ფრანკო ძეფირელი, უგო დე ანა, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, დონატო რენცეტი, მარკუს ბოში, გუსტავ კუნი, ფერუჩო ფურლანეტო, მიქელანჯელო მაცა, ფრანჩესკო ივან ჩამპა, ლეო ნუჩი და ა.შ.

2014 წელს გერმანიაში გოჩა აბულაძე სეზონის საუკეთესო მომღერლად დაასახელეს. აღსანიშნავია მომღერლის თანამშრომლობა შტუდგარტის ფილარმონიულ ორკესტრთან, სადაც მისი პირველი დისკი ჩაიწერა ჯუზეპე ვერდის ოპერა „მეფობის ერთი დღე“. ოპერა გადაიცემოდა გერმანიის მთავარი რადიოს პირდაპირ ეთერში. დღეს ამ დისკის შეძენა შესაძლებელია ევროპის წამყვან მუსიკალურ მაღაზიებში. მისი ბოლო წარმატება კი უკავშირდება ამერიკას. წელს გოჩა აბულაძის დებიუტი შედგა ნიუ-იორკში, ისტორიული კარნეგი ჰოლის სცენაზე.

გოჩა აბულაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლისოს არაერთ საოპერო სცენაზე მღერის, ქართულ სიმღერის შესრულება მისთვის გამორჩეულად საპატიო საქმეა. ამიტომ თავს უბედნიერად მიიჩნევს, რომ ოცნება აუხდა, რადგანაც უკვე აქვს ქართული კლასიკური ესტრადიც შესანიშნავი ათი სიმღერის მისეული შესრულების ალბომად გამოცემული ვერსიები, რისთვისაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს