ავტორი:

"ქართული ტერმინები გვეუცხოება და დავცინით..." - ვინ იყვნენ პურისტები და რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ენაში უცხო სიტყვებს

"ქართული ტერმინები გვეუცხოება და დავცინით..." - ვინ იყვნენ პურისტები და რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ენაში უცხო სიტყვებს

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ არაერთი ქართული სიტყვა, რომელიც XX საუკუნის ქართულში დამკვიდრდა, პურისტებად წოდებულმა ქართველმა ტერმინოლოგებმა შექმნეს და 1920 წელს გამოაქვეყნეს ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველ ლექსიკონში, ანუ სიტყვარში.

ამ ლექსიკონის შექმნიდან 100 წელი გავიდა და ამ თარიღის აღსანიშნად, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მის განმეორებით გამოცემას გეგმავს. AMBEBI.GE ამ თემასთან დაკავშირებით ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს - ლია ქაროსანიძეს ესაუბრა.

- რას გვეტყვით ამ ლექსიკონის, მისი ავტორებისა და ტერმინების შესახებ, რომლებსაც დღემდე ვიყენებთ.

- 1918-1921 წლებში ქართველი საზოგადოება უდიდესი სახელმწოფოებრივი პასუხისმგებლობით გაერთიანდა ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შესაქმნელად. პირველი ქართული ტექნიკური ლექსიკონი სხვადასხვა დარგის სპეციალისტების შექმნილია. მათ შორის იყვნენ ნიკო ნიკოლაძის შვილები, რუსუდან და გიორგი ნიკოლაძეები, სწორედ მათი თვალსაზრისი დაედო საფუძვლად ამ ლექსიკონსა და, ზოგადად, იმდროინდელ ქართულ ტერმინთშემოქმედებას.

„არც ერთი არაქართული სიტყვა... ქართულს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ლათინურ ტერმინს შეუსატყვისოს ეროვნული სიტყვა“, - ასეთი იყო მათი ხედვა, რომლის გამოც მათ ბევრი დაუპირისპირდა. იყო კამათიც, რომელიც იმდროინდელმა გაზეთებმა შემოგვინახა, თუმცა მაშინ, ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში, გაიმარჯვა ნიკოლაძეებისა და მათი თანამოაზრეების თვალსაზრისმა და ასე მივიღეთ ე.წ. პურისტული, „ზედმეტად ქართული“ პირველი ტექნიკური ლექსიკონი.

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა გამართლებული მათი თვალსაზრისი. ტერმინები ხომ, როგორც ცნობილია, მეტ-ნაკლებად საერთაშორისოა?

- დღეს ბევრს მოსწონს ე. წ. საერთაშორისო ტერმინები, თუმცა მათი არსი სწორად არ ესმის. საყოველთაო, ყველა ერისთვის, ენისთვის სავალდებულო ტერმინოლოგია არ არსებობს. ინდოევროპული ენების მსგავსება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც გვევალება ლათინური ძირების ენაში უცვლელად გადმოტანა. გადის დრო, ყველა ენა ვითარდება და ოდესღაც, მაგალითად, ფრანგულისთვის მისაღები სიტყვა დღეს უკვე ფრანგულშივეა მოძველებული. ასეთი სიტყვებია საერთაშორისოობის „პასპორტით“ ქართულში შემოსული კონვერტი და რემონტი.

ორივე სიტყვა პეტრესდროინდელ რუსულ ენაში ფრანგულიდანაა ნასესხები. დღეს ყველას შეუძლია შეამოწმოს, რამდენ ენაში გამოიყენება ეს სიტყვები და რამდენ ენაშია მათ შესატყვისად ეროვნული სიტყვა. ნიკოლაძეების ლექსიკონში კონვერტს - სახვე ეწოდება (შევადაროთ ინგლ. The envelope). საბოლოოდ, ჩვენ ავირჩიეთ რუსულში ნასესხები უცხო (ძირითადად, ფრანგულიდან ნასესხები) სიტყვები, რომლებსაც საერთაშორისო ვუწოდეთ. ლექსიკონსაც ყველა ენაში ეროვნული სახელი ჰქვია, მაგრამ ნიკოლაძეების მიერ შექმნილი ქართული შესატყვისი - სიტყვარი - მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ეპოქაში.

სამწუხაროდ, სწორედ ამის გამო დავკარგეთ ნიკოლაძეებისა და მათი თანამოაზრეების მიერ შექმნილი მრავალი ქართული შესატყვისი და, შესაბამისად, მათ ნაცვლად დღეს ენას მხოლოდ ქართული ასოებით ჩაწერილი ტერმინები შემორჩა, მაგალითად: კოორდინატი, ინსტრუქცია, კონტაქტი, ცემენტი, კონტროლიორი, ოპტიკური მინა, ფოსფორენცენცია, ფრურესცენცია, ლუმინისცენცია, ფოტომეტრი, მანომეტრი, ბარომეტრი, პიკნომეტრი, ჰიგრომეტრი, ელექტრომეტრი, პროჟექტორი, აბსორბერი, აბსორბცია (ბგერის აბსორბცია, შუქის აბსორბცია), ლავა, მაგმა, პროპორციული, სუბლიმაცია, დენოტაცია, დეტონატორი, სისტემა და, შესაძლოა, დღეს გვქონოდა: თანგეზი, დარიგება, თანხება, მჭიდა, მეწესთვალე, ჭვირმინა, თვითნათობა, მნათობა, თანანათობა, შუქზომი, წნეზომი, ჰაერწნეზომი, სიმკვრივზომი, ნესტზომი, ელზომი, შუქთმტყორცნი, შთანთქმი, შთანთქმა, წიაღვარი, წიაღა, ტოლფარდა, რთვილვა, აჭექა, ამჭექი, თანწყობა და სხვ.

- როგორც ცნობილია, ქართულში მაინც დამკვიდრდა მათ მიერ შექმნილი არაერთი ქართული სიტყვა.

- დიახ, მიუხედავად კრიტიკისა, ნიკოლაძეების ლექსიკონი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის საფუძვლად იქცა. ვუკოლ ბერიძის შეფასებით, „ქართული ტექნიკური სიტყვა ითქვა“, მათ მიერ შექმნილი მრავალი ქართული ტერმინი ენის ბუნებრივ ნაწილად იქცა: ბუდობი, მდგრადი, ბრჯენი, წნევა, დენი, ელდენი, ძრავა, სადენი, ხსნარი, წნეხი, ჯერადი, წინაღობა, კუთრი წონა, ფარდობა, ხრახნი, აირი, დენთი, ძალოსანი, მძლეოსანი, ფეხბურთი... რთულ სიტყვებში სითბოს ნაცვლად თბო შემოიღეს: თბოსადგური, თბოტევადობა და სხვ. ხელოვნური ტერმინი რატომღაც აშინებს ქართველს, თუმცა ტერმინთშემოქმედება, ზოგადად, ხელოვნურია, ამის მაგალითია თუნდაც თანამედროვე ინგლისური კომპიუტერული ტერმინოლოგია. ქართველ საზოგადოებას კი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართული ტერმინი ეუცხოება და, რაც კიდევ უფრო გაუგებარია, დასცინის კიდეც. რა არის ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ეს სხვა კვლევის საგანია.

- რას იტყვით თანამედროვე მდგომარეობაზე?

- არაერთხელ გვითქვამს და ისედაც ყველასთვის ნათელია, რომ XX საუკუნის ქართულ სამეცნიერო ენაში ლათინური სიტყვები ჭარბობს. ლათინურმა ტერმინებმა ისევე ჩაანაცვლა ქართული ძირები, როგორც თავის დროზე აღმოსავლური ენებიდან შემოჭრილმა ლექსიკამ. ქართული ენის თანამედროვე მდგომარეობას უდავოდ მივყავართ ერთ დასკვნამდე: "ქართველი პურისტების" ტერმინთშემოქმედება ქართული სიტყვებისა და ძირების გადარჩენას ემსახურებოდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ე.წ. საერთაშორისო სიტყვები სულაც არ აღმოჩნდა საყოველთაო, „საყოველქვეყნო“, ამასთანავე, თანამედროვე ევროპისა თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ტერმინოლოგიურ მუშაობასაც გავეცნობით, სხვაგვარად გავიაზრებთ საუკუნის წინ დაგეგმილი ქართული ტერმინოლოგიური მუშაობის არსს და ნამდვილად დავრწმუნდებით იმაში, რომ ნიკოლაძეებისა და მათი თანამოაზრეების მიდგომა ეროვნულიც იყო და ევროპულიც. ნებისმიერი ენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ამკვიდრებს წინა თაობა. „ზედმეტად ქართული“ ტერმინთშემოქმედება უფრო მავნებელია ენისთვის თუ ბერძნულიდან, არაბულიდან, თურქულიდან, სპარსულიდან, რუსულიდან, ფრანგულიდან, ინგლისურიდან სიტყვების უცვლელად გადმოტანა - ამ კითხვაზე პასუხს ქართული ენის ისტორია გვაძლევს.

სწორედ ამ ისტორიის შესწავლის გამო გადავწყვიტეთ საბჭოთა ეპოქაში უარყოფილი პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის განმეორებითი გამოცემაც. წლის ბოლომდე იგეგმება სიტყვარის დაბეჭდვა გამოკვლევითა და განმარტებებით.

"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა