ავტორი:

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვ. პ.-ს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც არაეფექტურს უწოდებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დროული, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვ. პ. საქართველოში, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით 2019 წლიდან იმყოფებოდა. 2019 წლის 19 თებერვალს ის მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ალკოჰოლი მიიღო და რატომღაც გონება დაკარგა. დილით სხეულზე და სასქესო ორგანოზე მძიმე დაზიანებები აღმოაჩინა. ვ.პ-ს მეგობარი იხსენებს, რომ ოთახში შესულებს ვ. პ. შიშველ და უგონო მდგომარეობაში დახვდათ, ვ.ქ. (სავარაუდო მოძალადე) ტანსაცმელს იცვამდა და დაადასტურა ვ.პ.-თან სექსუალური კავშირი. მომხდარი სავარაუდო გაუპატიურებაზე მიუთითებდა და ვ. პ-მ პოლიციას მიმართა.

ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) დაიწყო. გამოძიების დაწყებისთანავე განხორციელდა ვ.პ.-ს და მისი მეგობრების გამოკითხვა, რომელთაც დაადასტურეს, რომ ვ. ქ.-მ არანებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი უგონო მდგომარეობაში მყოფ ვ. პ.-სთან. დაინიშნა სხვადასხვა, მათ შორის ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზა და დეტალურად აღიწერა ვ. პ-თვის მიყენებული მძიმე დაზიანებები. ამავე დროს, ვინაიდან ვ. ქ.-ს დაკავება სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტის მიღწევამდე ვერ განხორციელდებოდა, შსს-მ უზრუნველყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ვ. ქ.-ს აეკრძალა ვ. პ.-თან მიახლოება, ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების დაწყების მიუხედავად, პროკურატურამ არ უზრუნველყო ვ. პ.-ს დაზარალებულად ცნობა, შესაბამისად, მის ადვოკატებს არ მიეცათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა:

"EMC-იმ ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა. გამოძიების საწყის ეტაპზე პროკურატურა გვითითებდა, რომ საქმეზე დანიშნული იყო ექსპერტიზა, რომლის შედეგების შემდგომ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ვ. პ.-ს დაზარალებულად ცნობაზე. თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი (თუმცა, ვ.პ.-ს და მის ადვოკატებს ექსპერტიზის შედეგები არ გაგვაცეს), ვ. პ.-ს კვლავ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

უარის თქმის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ვ. პ.-ს გაუპატიურების რეალური ფაქტი. პროკურორის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი EMC-ის საჩივარი არც ზემდგომი პროკურორის და არც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. ორივე შემთხვევაში, კვლავ მიეთითა ზედაპირული განმარტება, რომ საქმის გარემოებები არ ჰქმნიდა რეალურ სურათს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს დაზარალებულთან მიმართებით.

ამგვარი განმარტების მიუხედავად არც პროკურატურა და არც სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რის გამოც შეუძლებელია ამ საქმეზე მიღებული იქნეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, არ უთითებენ რა გარემოებები იქნა დადგენილი ჩატარებული საექსპერტო კვლვებით, რა გარემოებების დადგენა ვერ მოხერხდა, რატომ არ ჰქმნის ექსპეტიზის შედეგი დასაბუთებულ ვარაუდს და რა კავშირშია თითოეული გარემოება დაზარალებულად ცნობაზე უარი თქმის გადაწყვეტილებასთან.

ვინაიდან პროკურატურამ და სასამართლომ უარი თქვეს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობაზე, უარი გვეთქვა საქმის მასალების გაცნობაზეც და ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილი გარემოები, მათ შორის უცნობია კონკრეტულად რა დაადგინა ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ. ამ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ პროკურატურა და სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში დეტალურად არ ასაბუთებენ და უშუალოდ არ უთითებენ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, რის გამოც დანაშაულის მსხვერპლი ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება" - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ვ.პ.-ს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მონაწილეობამ ცხადი გახადა ის სირთულეები, რაც სქესობრივ დანაშაულთან გამოძიების პროცესს ახლავს თან და იწვევს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას.

"როგორც ზემოთ აღინიშნა, ვ. პ.-მ 2019 წლის 20 თებერვალს, დილით აღმოაჩინა მასზე სექსუალური ძალადობის ფაქტი და შექმნილი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ საღამოს შეძლო პოლიციის განყოფილებაში მისვლა. განყოფილებაში მისვლისთანავე ვ. პ.-ს სამი მამაკაცი გამომძიებლის თანდასწრებით მოუწია ესაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

ინფორმაციის მიღების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ საქმის გამოძიება სხვა პოლიციის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენდა და ვ.პ. სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ განყოფილებაშიც საღამოს საათებში არ აღმოჩნდა მდედრობითი სქესის გამომძიებელი და არც ცალკე ოთახი, სადაც მსხვერპლი ჩვენების მიცემას შეძლებდა. ვ.პ-მ მამაკაცი გამომძიებლის თანდასწრებით, საერთო ოთახში (სადაც სხვა გამომძიებლებიც იმყოფებოდნენ ) კიდევ ერთხელ ისაუბრა ძალადობის ფაქტზე.

ჩვენების მიცემის შემდგომ კი მან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში (სამედიცინო ექსპერტიზაში ) მიიღო მონაწილება. მოგვიანებით, ვ. პ. დამატებით ორჯერ გამოიკითხა და საგამოძიებო ორგანო ინტერესდებოდა საკითხებით, რომლებიც საქმის გარემოებებს არ ეხებოდა და მსხვერპლს დამატებით სტრესს იწვევდა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვ.ქ. -ს დაკავება არ განხორციელებულა, მას ვ.პ.-თან საერთო გარემოში, უნივერსიტეტში ერთ სივრცეში უწევდა ყოფნა, რაც ვ.პ-ზე განმეორებითი ძალადობის შესაძლებლობის რისკს ჰქმნიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ EMC-ის და ვ. პ.- დაჟინებული მოთხოვნით მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოცემის გადაწყვეტილება...

ზემოთ აღწერილი გარემოებები აჩვენებს, რომ ვ.პ.-ს სავარაუდოდ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, ამ დრომდე არ ხდება დანაშაულისა და შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება, რასაც თან ახლავს დანაშულის მსხვერპლის არასათანადო ინფორმირებისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა პროკურატურისა და სასამართლოს მიერ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს პროკურატურას საქმის გარემოებების, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების გაცნობის მიზნით მოახდინოს ვ.პ-ს ინტერესების დამცველთა ინფორმირება; უზრუნველყოს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს პოლიციის განყოფილებებში სქესობრივ დანაშაულთა სავარაუდო მსხვერპლთათვის ადეკვატური გარემოსა და მოპყრობის პრაქტიკების შექმნა; გაიაზროს დანაშულის მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის მაღალი რისკები და უზრუნველყოს ინსტიტუციური და სოციალური ზომების გატარება მისი თავიდან აცილების მიზნით" - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.

წაიკითხეთ ვრცლად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშში

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაექცათ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს