ავტორი:

ვინ იყო 15 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში იპოვეს

ვინ იყო 15 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი იპოვეს. სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ განაცხადა, რომ 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული.

"მდინარის დონემ რომ დაიკლო, სადაც დაიკარგა იქიდან ერთ კილომეტრში იპოვეს", - განაცხადა ჯოლოგუამ.

გარდაცვლილი მოზარდი ზაალ ქანთარიაა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბიჭი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა - ის დინებამ გაიტაცა.

მოზარდის გარდაცვალებას დარჩელის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში. რატომ გარისკე სიცოცხლით. ბავშვებო, იცოდეთ, სიცოცხლე მარტო თქვენი არაა, ის, პირველ რიგში, მშობლებისაა, და-ძმისაა, მეგობრისაა, ჩვენიცაა, მასწავლებლების.

თქვენი ტკივილიანი წასვლით ყველას გვაკლდება დარდისაგან სიცოცხლის წლები. რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით.

წუხელ ყველა სასწაულს ვთხოვდით უფალს, შენი დაბრუნების იმედი გვქონდა, დღეს კი ღმერთს ვთხოვთ შენი სხეულის პოვნას, რათა შენმა დედიკომ უკანასკნელად ჩაგიხუტოს გულში. შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო.

ალალ-მართალო, უცოდველო, ანგელოზო, ძაღლი მოგყვებოდა უკან, ალბათ გრძნობდა უბედურება გელოდა, არ მიგატოვა და თან გამოგყვა. ოი, უბედურო სიკვდილო, როგორ გაამწარე მთელი სოფელი. ასეთი ცოდვა კარგა ხანია არ დატრიალებულა, ყველა ტირის.

ღმერთო, მიეცი ძალა მშობლებს გაუძლონ ამ საშინელ ტკივილს. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში", - წერს მარინე ცარციძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.

"მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

ლიკანში სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავებულია 10 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ახალი ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შემთხვევების უახლესი მონაცემები