მომავალ ორშაბათს ჟურნალ "რეიტინგის" მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი მწერლის ჩარლზ პერსი სნოუს ყველაზე ცნობილ დეტექტივს "სიკვდილი იალქნის ქვეშ". ეს ადამიანი არა მხოლოდ მწერალი იყო, მას სხვა გაქანებებიც ჰქონდა და სხვა სფეროებშიც წარმატებული გახლდათ. ინგლისელი მწერალი, ფიზიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ჩარლზ პერსი სნოუ თავის ქვეყანაში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა.
პედაგოგი და პოლიტიკოსი
ჩარლზ სნოუ 1905 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა ლესტერში, ინგლისში. განათლება იქვე, ადგილობრივ კოლეჯში მიიღო, რის შემდეგაც კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1930 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1961-1964 წლებში კი სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
სწავლის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა პოსტს იკავებდა დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ მთავრობებში. 1940-1944 წლებში შრომის სამინისტროს ტექნიკური დირექტორი გახლდათ, 1945-1960 წლებში - სამოქალაქო სამსახურის კომისარი, 1964-1966 წლებში - ტექნოლოგიის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
1957 წელს სნოუს თავადობა უბოძეს, 1964 წელს კი სამუდამოდ მიანიჭეს პერის ტიტული, ოღონდაც ბარონის სტატუსის მემკვიდრეობით გადაცემის უფლების გარეშე.
სნოუ დაოჯახებული იყო. 1950 წელს შეირთო ცოლად მწერალი პამელა ჰენდსფორდ ჯონსონი, რომელთანაც ორ წელიწადში შეეძინა ვაჟი ფილიპი.
ლიტერატურული მოღვაწეობა
ყოველივე ამის პარალელურად სნოუ სამწერლო მოღვაწეობას მისდევდა, რომლისთვისაც არასდროს უღალატია.
ჩარლზ სნოუს პირველი წიგნი იყო დეტექტივი "სიკვდილი იალქნის ქვეშ" (1932 წელი), რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველთა შორის. 1959 წელს ცნობილი გამოსვლა ჰქონდა - კემბრიჯში ლექცია ჩაატარა, სახელწოდებით "ორი კულტურა", რომელშიც წუხილი გამოთქვა მეცნიერებსა და ინტელექტუალ-ლიტერატორებს შორის არსებული განხეთქილების გამო. მწერლის დანიშნულებისა და მისი მოვალეობების საკითხებზეც ბევრს ფიქრობდა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)