ავტორი:

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

ბოლო დროს ამერიკიდან მიღებული უკიდურესად კრიტიკული გზავნილების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ლაპარაკია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ამერიკულმა „ზეწოლამ“ თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ უკან დაიხია, დიდი ალბათობით, მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით. მით უფრო, რომ გზავნილები აშშ-დან უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები განცხადებებში სულ უფრო მკაფიოდ ახსენებდნენ ბიძინა ივანიშვილს, მის "არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობას" და რუსეთთან სავარაუდო კავშირებს.

„სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - ვკითხულობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში “ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რას წარმოადგენს „ფრონტერა“ და რას ეძებს საქართველოში?

გთავაზობთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას: "როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა"

ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რისორსი" 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან გამოჩნდა და როგორც საქმიანობის სფეროში აქვს მითითებული, აწარმოებს გაზისა და ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს საქართველოს აღმოსავლეთში. ამისთვის დააფუძნა შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", რომლის 50%-საც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ფლობს. ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიის ნახევარი სახელმწიფო საკუთრებაშია, რადგან გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო გაზისა და ნავთობის კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"ფრონტერას" სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.

ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე. სპეციალისტები იხსენებენ, რომ კომპანიის მიერ ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება 1-ლ აპრილს დაემთხვა, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან კომპანიის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები აღმოჩენილი მარაგების შესახებ არასდროს ემთხვეოდა მათ მიერ მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის რეალურ მოცულობას.

ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა და ნავთობის აღმოჩენის აღსანიშნავად ფიალიდან "ქართული" ნავთობიც გასინჯა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დედოფლისწყაროში ქუვეითელების ბედს ჯერაც შენატრიან.

  • "ფრონტერას" კიდევ ერთი "აღმოჩენა"

კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ამჯერად საქართველოში აურაცხელი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ "ფრონტერამ" 2014 წელს გააკეთა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ნიკანდროსი აცხადებდა, რომ აღმოაჩინეს გაზის საბადო 42 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით, რაც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობა გახდებოდა. მოგეხსენებათ, საქართველო დღესაც პრაქტიკულად 100%-ით იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, ადგილობრივი გაზის მოპოვება კი ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები). საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა "ფრონტერას" "აღმოჩენებს". არადა, წესით, ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მათ სენსაციურ მიგნებებზე, რადგან "ფრონტერას" გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი ჰქონდა. ერთადერთი, ვინც მაშინ ამაზე კომენტარს აკეთებდა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ "ფრონტერას" ასეთი კოლოსალური მარაგების არსებობის შესახებ მათთვის ტექნიკური დასაბუთება არ წარუდგენია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც უახლესი წარსულის შესახებ არქივმა შემოგვინახა. პრემიერობის პერიოდში "ფრონტერას" ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა. შეხვედრა ივანიშვილსა და "ფრონტერა საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, სტივენ ნიკანდროსს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ბუნებრივია, რომ მედია ამ შეხვედრას არ დაასწრეს, თუმცა ამ საუბარს მაშინდელი ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა. რთული გამოსაცნობია, რის შესახებ ისაუბრეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით კი ითქვა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დღეს კი ამ კომპანიას ხელისუფლების წევრები არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ, ხოლო ამერიკელ კონგრესმენებს - ვიწრო, მერკანტილური ინტერესების გატარებაში.

  • დავა

ურთიერთობები ამერიკულ "ფრონტერასა" და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბოლო რამდენიმე წელია დაიძაბა. 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წინა წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ამ უკანასკნელს "ფრონტერას" წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი. იხილეთ სრულად

"გადავწყვიტე, ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას" - რა გეგმები აქვს დავით ზურაბიშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ

მთავრობის განცხადება ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს გავლით, სომხეთში სამხედრო მანქანების გადასაყვანად ემზადება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" -მზადება არჩევნებისთვის; ოპოზიციის გეგმები