ავტორი:

"უმჯობესია კორონავირუსით დავიხოცოთ, ვიდრე შიმშილით" - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

"უმჯობესია კორონავირუსით დავიხოცოთ, ვიდრე შიმშილით" - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა

რუსულ ყოველთვიურ გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში" («Совершенно секретно») გამოქვეყნდა სტატია სათაურით "უმჯობესია კორონავირუსით დავიხოცოთ, ვიდრე შიმშილით", რომელშიც აფხაზეთში შექმნილი მძიმე სიტუაციაა გადმოცემული.

"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რუსეთში და მსოფლიოში ტურიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. დღემდე გაურკვეველია, როდის გაიხსნება საზღვრები და როდის აღდგება საერთაშორისო ავიამიმოსვლა. ასეთ დროს ყოველი ტურისტული ქვეყანა დიდ ზარალს განიცდის, თუმცა არიან ქვეყნები, რომლებიც უკვე სოციალური კატასტროფის ზღურბლზე დგანან. აფხაზეთში, რომლის ერთადერთი "ფანჯარა გარესამყაროში" მხოლოდ რუსეთთან საზღვარია, საბიუჯეტო მოსამსახურეებს უკვე ხელფასს ვერ უხდიან. ვითარება ისეთია, რომ მწიფდება სოციალური აფეთქება. რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის, ანუ ტურისტული სეზონის დაწყების დრო, რაც მოსახლეობას ჰაერივით ჭირდება, შეიძლება კიდევ გადაიტანონ. ზუსტად ჯერ კიდევ არავინ იცის. ამასობაში კი რესპუბლიკის ხაზინა ცარიელია, ასევე ცარიელია მოსახლეობის საბანკო ბარათები და საფულეები. აშკარაა, რომ აფხაზეთი სწრაფად მიექანება ეკონომიკური კატასტროფისაკენ.

"სიტუაცია ისეთია, რომ ფულსაც კი ვერავისგან ისესხებ. ადამიანებს ნაღდი ფული აღარ აქვთ, ბანკომატებიც დაცარიელდა, მათი შევსება აღარ ხდება. რუსეთიდან ბანკნოტები აღარ შემოდის. მაღაზიებში ხალხი პროდუქტს ვალის სახით იღებს, მაგრამ რაც არის, ისიც ცოტაა და მალე აღარ იქნება", - ამბობს სოხუმელი ბესლანი, რომელიც ჭანბას ქუჩაზე ცხოვრობს.

შიმშილობა აფხაზეთში, ალბათ, არ დადგება, რადგან ბევრ ქალაქელს ჰყავს სოფლელი ნათესავები, სადაც სიმინდის მოსავალს იღებენ, სადაც არის ბოსტნეული, ხილი... მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აფხაზური სოფელიც ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. უფროსი თაობა, რომელსაც საკუთარი შრომით ოჯახების რჩენა შეეძლო, მიდის, სოფლები თანდათან ცარიელდება....

კორონავირუსმა ძირითადი დარტყმა მოსახლეობის ჯანმრთელობას კი არ მიაყენა ("კოვიდ-19"-სგან მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაავადდა 38, გამოჯანმრთელდა 33), არამედ ეკონომიკას. ვირუსმა ისედაც კრახის წინაშე მდგარ ეკონომიკას უფსკრულში უბიძგა. მთავრობას ფულის რეზერვები არ აქვს. სიტუაცია შეიძლებოდა ტურისტულ სეზონის დაწყებას გამოესწორებინა, მაგრამ დღეს აფხაზეთში ყველა ერთნაირ დღეშია.

ისე, კაცმა რომ თქვას, რუსეთთან საზღვარი, ფაქტობრივად, დახურული არ არის. ფსოუზე დღეში 300 ადამიანამდე გადად-გადმოდის. თეორიულად რუსეთის მოქალაქეებს რუსული პასპორტით გადასვლა შეუძლიათ, მაგრამ უკან დაბრუნება მხოლოდ აფხაზური პასპორტით ხდება. რეალური სიტუაცია კი ასეთია: საზღვარი იურიდიულად დახურულია და შესაბამისად, ქვეყანაში არც ტურისტები არიან და პლაჟებიც ცარიელია. გასულ წელს რუსი ტურისტების რაოდენობით აფხაზეთმა, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა - რესპუბლიკას 4,5 მილიონი სტუმარი ეწვია. დღეს კი, როცა სოჭი და სხვა ახლო მდებარე კურორტები რუსი დამსვენებლებით თანდათან ივსება, აფხაზეთში სიჩუმე და სიცარიელე სუფევს", - ნათქვამია სტატიაში.

"მსოფლიოში დღეს ტურიზმი ყველგან კრიზისშია, მაგრამ აფხაზეთში ერთმანეთს ორი კრიზისი დაემთხვა: ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ეკონომიკური შედეგი და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელისუფლების (პრეზიდენტისა და მთავრობის) შეცვლაში გამოიხატა. აფხაზური პოლიტიკური კულტურა ტრადიციულად სპეციფიკურია: წამსვლელი ხელისუფლება ბიუჯეტში არაფერს ტოვებს, ყველაფერი თან მიაქვს. ახლაც ასე მოხდა - რაულ ხაჯიმბას ხალხმა ხაზინიდან ფულის ნარჩენები მთლიანად წაიღო, ახალ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მის გუნდს „სუფთა მინდორი“ დახვდა ფინანსური თვალსაზრისით. რა ქნას ახლა მან, რით გამოკვებოს საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები - უსაშველოდ გაბერილი ბიუროკრატია? აფხაზეთში ხომ ყოველი მეორე შრომისუნარიანი ადამიანი საბიუჯეტო სტრუქტურებში მუშაობს...“.

შეუძლია თუ არა რუსეთს დახმარება - იმ რუსეთს, რომელსაც ახლა თვითონაც დიდი ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების აქვს კორონავირუსის პანდემიის გამო?

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრინციპში, რუსეთს დახმარება შეუძლია, მაგრამ ამჟამად ამ საკითხში ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს: ასლან ბჟანია იყო მოსკოვში ჩასული (გამარჯვების აღლუმზე), ჰქონდა მოლაპარაკება რუსეთის წარმომადგენლებთან, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე (სოხუმში დაბრუნებისას ასლან ბჟანიამ თავი გაიმართლა - რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობა ძალიან დაბალი დონისა იყოო).

მიზეზი ისაა, რომ მოსკოვში ჯერაც არ დასრულებულა ყოფილი საბჭოთა სივრცის მიმართ ახალი იდეოლოგიურ-ტექნოლოგიური სტრატეგიის შემუშავება. არ არის ბოლომდე გარკვეული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების (და ასევე არაღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების) საკურატორო სტრუქტურის რეფორმირება კრემლში. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ასლან ბჟანიას არც შეხვედრია. და რადგანაც საერთო მიდგომები ჯერ არაა ჩამოყალიბებული, საკურატორო პირები ჯერ ვერ გარკვეულან ახალ სიტუაციაში, როცა რუსეთს საკუთარი დიდი პრობლემები გაუჩნდა, კრემლი აფხაზეთისადმი დახმარებას არ ჩქარობს... არავინ აიღებს საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აფხაზეთის დაფინანსების საკითხში.

არადა, აფხაზეთში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. რაულ ხაჯინბას ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში მოხდა პოლიტიკური და ძალოვანი სტრუქტურების დაშლა-დეფრაგმენტაცია: სახელმწიფომ დაკარგა მონოპოლია ხელისუფლებაზე, რომელიც ახლა უკვე შეიარაღებულ პოლიტიკურ-ძალოვან-კრიმინალურ სტრუქტურების და დაჯგუფებების ხელში გადავიდა, დაიწყო მათ შორის დაპირისპირება. ამ დაჯგუფებებში ჩვენ ვხედავთ არამხოლოდ გავლენიან პოლიტიკოსებს, კორუფციონერებს, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ქურდებს, მექრთამეებს და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს სწორედ მათ ხელშია რუსული დახმარების ათვისების საქმე.

მოკლედ, მოსკოვმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს: აფხაზეთი დღეს ის ტერიტორიაა, სადაც დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისები და ეკონომიკის კრახი ქმნიან იმის რისკს, რომ მართვის სადავეები იკარგება. საზღვრის გახსნით ყველაფერი არ მოგვარდება, მაგრამ რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა მწვავე სიტუაციას მეტ-ნაკლებად ჩააცხრობს. ამიტომაც სოციალურ ქსელებში აფხაზები წერენ - "უმჯობესია კორონავირუსით დავიხოცოთ, ვიდრე შიმშილით" და რუსეთის პრეზიდენტს ევედრებიან: "პუტინ, გახსენი საზღვარი". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"

"ხინკალზე დავნიძლავდითო", თქვა მარიხუანას პლანტაციის მონამ... თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი" - ჩარკვიანი ხვიჩიას პასუხობს

"შარლ მიშელს რომ ჰკითხო, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვინ არის, ვერ გეტყვის, მაგრამ იაგო ხვიჩია იცის" - რომან გოცირიძე